შინაარსზე გადასვლა

დავით ჯავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯავრიშვილი.

დავით (დათა) ლავრენტის ძე ჯავრიშვილი (დ. 17 იანვარი, 1894, სოფ. ერთაწმინდა, კასპის რაიონი — გ. 21 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი ქორეოგრაფი, სპორტსმენი, პედაგოგი, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმეისტერი და ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961).

დავით ჯავრიშვილი დაიბადა 1894 წელს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში. (მამა – ლავრენტი ჯავრიშვილი, დედა - სოფიო ფალავანდიშვილი). მიუხედავად იმისა, რომ მამა ადრე გარდაეცვალა, ის მაინც ახერხებს იმ დროისათვის რიგიანი განათლების მიღებას. 1914 წელს ამთავრებს თბილისის ქართულ გიმნაზიას და იმავე წელს ეწყობა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებისთანავე აგზავნიან თურქეთის ფრონტზე. (1919 წელს გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან). 1917 წელს დავით ჯავრიშვილი მეგობარ გაიოზ ბერელაშვილთან ერთად წევრიანდება საქართველოს სამხედრო კავშირში და მათი დაჟინებული თხოვნით სამხედრო კავშირი აარსებს სპორტსაზოგადოება „ამირანს“, სადაც ვარჯიშთავად გაიოზ ბერელაშვილი ინიშნება, ხოლო მოადგილედ დავით^ ჯავრიშვილი. მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ეს საზოგადოება მალევე დაიშალა და მის ნაცვლად არსდება სპორტსაზოგადოება „შევარდენი“, რომლის მოთავეებიც არიან გიორგი ნიკოლაძე, გიორგი ეგნატაშვილი, გაიოზ ბერელაშვილი, დავით ჯავრიშვილი და სხვები.

1919 წელს მას აგზავნიან ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასა და წმ. ნინოს გიმნაზიაში სამუშაოდ. 1921 წ. დავით ჯავრიშვილი გადადის ბათუმში და ეწევა უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვან სპორტულ მოღვაწეობას. 1928 წ. შალვა თაქთაქიშვილის მუსიკაზე დგამს ანტიკური ხასიათის მხატვრულ-ტანვარჯიშულ სპექტაკლს „ელადაში“, რომლის ლიბრეტოს ავტორიც თვითონ არის. ეს იყო გრანდიოზული სპექტაკლი და მასში ოთხმოცდაათამდე მოსწავლემ მიიღო მონაწელეობა. სწორედ ამ პერიოდში დაებადა აზრი დავით ჯავრიშვილს თავისუფალ ვარჯიშებში შეეტანა ქართული ხალხური ცეკვის ელემენტები და ვარჯიშები შესრულებულიყო მუსიკის თანხლებით, ასევე ურჩევდა მისი მასწავლებელი გიორგი ნიკოლაძე. საბალეტო ილეთების შესწავლა მან ბალეტმეისტერ ვავარეცთან დაიწყო, შემდეგ კი ხელი მოჰკიდა ხალხური ცეკვების შეგროვება-შესწავლეს. თავისი ცოდნის ასამაღლებლად ქართული ხალხური ცეკვის საკითხებში აქტიურ კონსულთაციებს გადის ივანე ჯავახიშვილთან, აწყობს ექსპედიციებს ჯერ მთიან აჭარაში, შემდეგ კი სვანეთში. ამ ექსპედიციების დროს ბატონი დავითი ადგილობრივ მოსახლეობას აცეკვებდა ისე, როგორც ცეკვავდნენ მათი წინაპრები, ზეპირად სწავლობდა ყველა მისთვის უცნობ საცეკვაო ელემენტს, იწერდა მოცეკვავეების კომენტარებსა და ახსნა-განმარტებებს. ფირზე აღბეჭდა უამრავი მასალა. ალბათ, ამ პერიოდში მოხდა გარდატეხა მასში. ის კიდევ დიდხანს უთავსებდა ორ პროფესიას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ქორეოგრაფიის სიყვარული სძლევს. ცეკვბა ხდება მისთვის ყველაზე ძვირფასი სულის ნაწილი.

დავით ჯავრიშვილის თაოსნობით 1928 წელს ბათუმში დაარსდა ქორეოგრაფიული ექსპერიმენტალური სტუდია, რომელსაც იმავე წელს შეუერთდა აჭარის მომღერალთა გუნდი და ამ ბაზაზე შეიქმნა აჭარის სიმღერისა და ცეკვის პირველი ანსამბლი. იმ დროისათვის სიმღერისა და ცეკვის შერწყმა ხელოვნებაში ახალი სიტყვა იყო, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი დავით ჯავრიშვილმა და ლოტბარმა მიხეილ კუხიანიძემ. ამ ანსამბლმა 1936 წ. საქართველოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა და უფლება მიეცა კონცერტები გაემართა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში.

დავით ჯავრიშვილი 1935 წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს იყო პირველი გასვლა საზღვარგარეთ. ამას მოჰყვა 1951 წ. ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი და 1955 წ. ვარშავაში გამართული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა V მსოფლიო ფესტივალი, რომლის ხელმძღვანელობა გამოცდილ ქორეოგრაფს მიანდეს. საქართველოში არც ერთი ფესტივალი, ოლიმპიადა თუ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარებულა, რომელშიაც დავით ჯავრიშვილს თავისი წვლილი არ შეეტანა. ოლიმოიადების უკეთ ჩატარებისათვის მან საინსტრუქციო-მეთოდური წერილებიც კი შეიმუშავა.

1937 წელს მოსკოვში ქართული დეკადის წარმატებით ჩატარების შემდეგ მოსკოვის გამსახკომის თავმჯდომარის განკარგულებით, ქართულ ოპერებში მიმდინარე სეზონში უნდა შესულიყო ყველა თეატრის რეპერტუარში, ხოლო დავით ჯავრიშვილი “საპატიო ნიშნის” ორდენით დაჯილდოვდა.

დავით ჯავრიშვილი პირველი ქორეოგრაფია, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში დადგმულ ქართულ ოპერებში ცეკვების დადგმა განახორციელა. 1937 წ. მოწვეული იქნა მოსკოვში, დიდ თეატრში ოპერა “აბესალომ და ეთერიში” ცეკვების დასადგმელად, 1945 წ. კი ამ ცეკვების აღსადგენად 1937 წელსვე იწვევენ ხარკოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა „დემონის“ ცეკვების დასადგმელად, 1941 წელს ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა „დაისში“ ცეკვების დასადგმელად. 1954 წელს მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ცეკვების ანსამბლში ( იგ. მოისეევის ხელმძღვანელობით) ცეკვების დასადგმელად. 1952–1953 წლებში კი ხშირად იმყოფებოდა მოსკოვისა და პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ სემინარების ჩასატარებლად.

დავით ჯავრიშვილი რწმუნდება, რომ ქართველი ხალხის ქორეოგრაფიული ხელოვნება წარმოადგენს მდიდარ მასალას ეროვნული საბალეტო ხელოვნების შექმნისა და განვითარებისათვის და თანხმდება ოპერისა და ბალეტის თეატრის მიწვევას ბალეტმეისტერის თანამდებობაზე. ეს მოხდა 1933 წელს და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა მთელი 20 წლის მანძილზე. ამ პერიოდში დადგა ცეკვები ოპერებში: „აბესალომ და ეთერი“, „დარეჯან ცბიერი“, „ქეთო და კოტე“, „სამშობლო“, „პატარა კახი“, „დედა და შვილი“, „კაკო ყაჩაღი“, „ლაშქარი“, „ლადო კეცხოველი“, „ბაშიაჩუკი“, „დეპუტატი“, „ღალატი“, „დემონი“, „ხევის ბერი გოჩა“, „მზია“, „ბახტრიონი“, „იავნანამ რა ჰქმნა“. 1938 ვ. ლიტვინენკოსთან ერთად დგამს ბალეტ „მალთაყვას“, შალვა თაქთაქიშვილის მუსიკაზე. ეს იყო პირველი ქართული ბალეტი თანამედროვეობის ამსახველ თემაზე.

პროფესიულ მოცეკვავეთა კადრების შექმნის მიზნით 1934 თბილისში სხნის უფასო ქორეოგრაფიულ სტუდიას, რომელსაც შემდეგ შეუერთდა მარია პერინის კერძო სტუდია. 1935 წელს ეს სტუდია გადაკეთდა სახელმწიფოდ და 1952 წლამდე დავით ჯავრიშვილი მისი დირექტორი იყო. შემდეგ ის შეცვალა ვახტანგ ჭაბუკიანმა და 1957 მიენიჭა ქორეოგრაფიულ-საბალეტო სასწავლებლის სტატუსი და ეს სასწავლებელი დღემდე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელს ატარებს.

1936 ქორეოგრაფიული სტუდიის ძალებით დავით ჯავრიშვილი დგამს პ. ჩაიკოვსკის ბალეტ “მაკნატუნას” და სამუშაოდ იწვევს ევგენი მიქელაძეს და სოლიკო ვირსალაძეს.

1936–1937 დავით ჯავრიშვილი მუშაობს დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ქორეოგრაფიის ნაწილის ხელმძღვანელად.

1944–1946 კი შეთავსებით მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობის კათედროს გამგედ, პროფესორად.

1952 წლიდან მოღვაწეობას ეწევა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, იგი იყო ამ სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების დამაარსებელი და ორგანიზატორი და სიცოცხლის ბოლომდე ამ განმყოფილებას ხელმძღვანელობდა როგორც მეთოდური კომისიის თავმჯდომარე.

დავით ჯავრიშვილი გარდაიცვალა 1971 წლის 21 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მისი მთელი არქივი, შემოქმედებითი მასალა, ესკიზები, ცანახატები, კინო ფირები, კოსტუმები და მემორიალური ნივთები 2009 წელს გადაეცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს.

მას ხშირად უწოდებდნენ ქართული ქორეოგრაფიის მამას, სპორტის კი ჯადოქარს. მის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარება, 80-მდე ქართული ხალხური ცეკვის სცენური სიცოცხლე. მას ჰქონდა პროფესიული სპორტული განათლება და საკმაოდ ნაყოფიერ მუშაობასაც ეწეოდა ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო საწყისი, რომელმაც დავით ჯავრიშვილი მიიყვანა ქორეოგრაფიულ ხელოვნებასთან და ოცდაათიანი წლებიდან კი მთლიანად მიეცა ამ დარგს. მან, როგორც ბალეტმეისტერმა თავისი დადგმებით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა ქორეოგრაფიულ ხელოვნებას.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 422, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]