დავით გრუზინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დ. გრუზინსკი (მხატვარი პეტრე სოლოკოვი, 1847)

დავით ბაგრატის ძე გრუზინსკი (დ. 30 აპრილი, 1819, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 24 სექტემბერი, 1888, მოსკოვი) — თავადი (1833), უბრწყინვალესი თავადი (1865), გრუზინსკების საგვარეულოს წარმომადგენელი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი, ბაგრატ ბატონიშვილის ძე.

დაიბადა პეტერბურგში, გადასახლებაში მცხოვრებ ბატონიშვილ ბაგრატ გიორგის ძისა და ეკატერინე ჩოლოყაშვილის ოჯახში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1838). მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვთან. სამსახურიდან გადადგა პოლკოვნიკის წოდებით და ძირითადად მოსკოვში, საკუთარ მამულში ცხოვრობდა. აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში, აგროვებდა ქართული სიძველეების კოლექციას, მიმოწერა ჰქონდა ქართველ კულტურის მოღვაწეებთან, მ. შ., პლატონ იოსელიანთან, რომელმაც მას თავისი ნაშრომი „შოთა რუსთაველი“ (1870) მიუძღვნა.

დავითის ბიძაშვილის, იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკის გარდაცვალების შემდეგ (1880), ქართლ-კახეთის გაუქმებული სამეფო სახლის არაოფიციალურ უფროსად ითვლებოდა. ცოლად ჰყავდა მოსკოვის ქალაქის თავის ალექსეი მაზურინის ქალიშვილი ანა. ვინაიდან შვილი არ დარჩა (ერთადერთი შვილი სპირიდონი ჩვილობაში გარდაიცვალა 1861 წელს), დავითის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ძმისწულზე — პეტრე გრუზინსკიზე. დაკრძალულია მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის მონასტერში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 166.
  • ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ, თბ., 2003.
  • Дворянские роды Российской империи, т. 3. Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин,под ред. С. Думина, М., 1996.
  • Махатадзе, Н. Неизвестные письма Платона Иоселиани. Литературные взаимосвязи (Ин-т истории груз. литературы им. Руставели), сб., т. 2. 1969, с. 103—111.