შინაარსზე გადასვლა

დავითი და ტირიჭანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დავითი და ტარიჭანი)
დავითი და ტარიჭანი

დავითი და ტარიჭანი — წმიდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი (693 წ.). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 31 მაისი (18 მაისი).

წმინდა დავითი და ტარიჭანი ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ქართველ მეფეთა კარზე დაახლოებული და დანათესავებული მათი მშობლები ვარდანი და თაგინე ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თან გადაწყვიტა წმინდა ოჯახი უსჯულოებისაკენ მიედრიკა: „დაუტევეთ შჯული ეგე ჯუარცმულისაჲ და იპყარით შჯული ჩემი შენ და შვილთა შენთა და გავზარდნე ყრმანი ეგე შვილად ჩემდა და მე გავზარდნე იგინი შუებითა და სიხარულითა დიდითა“. თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ძმის ბოროტ განზრახვას: „სამკვიდრებელი ესე შვილთა ჩემთაჲ და ყოველი მონაგები მამისა მათისაჲ კმა ეყავნ შენდა, ხოლო საფასე იგი გამოუპარველი და სამკჳდრებელი მიუღებელი მამისა მიერ ზეცათაჲსა და ღმრთისაჲ ვერ შემიძლოთ“.

როდესაც დის შეუპოვრობა იხილა, უკეთურმა თევდოსიმ ჩუმად იხმო დისწულნი, ამბორს-უყო მათ, კეთილად ისტუმრა და უთხრა: „თქუენ აწ შვილნი ჩემნი ხართ, დღეს მე ვითარცა მამაჲ თქუენი და აწ ჩემიცა თქუენი არს. ესე ხოლო ყავთ ჩემდა მომართ და რომელი გრქუა თქუენ, ისმინოთ ჩემი, ვითარცა შვილთა მორჩილთა საყუარელთა. შჯული ეგე, რომელი ეპყრა მამასა თქუენსა, განუტევეთ და მე უკეთესი შჯული მოგცე თქუენ“. წმინდა ყრმებმა მცირეოდენი დუმილის შემდეგ მტკიცედ მიუგეს ბიძას: „ჩუენდა კმა-არს შჯული იგი, რომელი ეპყრა მამასა ჩუენსა და ვჰგიეთ მას, ვიდრე სული ესე იყოს-ღა ხორცთა შინა ჩუენთა. ხოლო სიყუარულისათჳს და მოთმინებისა ღმრთისა სხუად თჳნიერ შჯულისა დატევებისა, განმზადებულ ვართ, ვითარცა მამისა ჩუენისა“.

განრისხებულმა თევდოსიმ ქრისტიანების შიშით ვერ გაბედა ყრმათა მოკვლა, მშვიდობით გაუშვა, გულში კი მათი მალულად მოკვდინება გადაწყვიტა.

თაგინემ იგრძნო მოსალოდნელი უბედურება და შვილებთან ერთად ტაოში გადავიდა, ნათესავთან.

თევდოსის მრისხანება და სიძულვილი უღრღნიდა გულს. მან მსტოვრები გაგზავნა, გაიგო, რომ ძმები მაღალ მთაზე აძოვებდნენ ცხვარს, წაიყვანა მეომრები და ტყეში ჩაუსაფრდა წმინდანებს.

მთის წვერზე მოთამაშე ძმებმა ხმაური გაიგონეს, შემდგომ შეიარაღებული მეომრები იხილეს და შიშის ზარი დაეცათ. ნეტარმა დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაექანა მისკენ. უკეთურმა თევდოსიმ ამბორისყოფის წილ მახვილი უგმირა დისწულს და მოკლა. „პოვა მან მსწრაფლ გზაჲ ზეცისაჲ და მოიგო გვირგვინი იგი მოწამებისა“. წმინდა მოწამის ხელიდან გავარდნილი კომბალი მიწაზე დაეცა და უზარმაზარ ხედ იქცა. ორასი წლის შემდეგ მლოცველებმა ის ხე წმინდა ნაწილებად დაინაწილეს.

ტარიჭანი სოფელ დივრისაკენ გაიქცა, მაგრამ მდევრები დაეწიენ და ისიც მოკლეს. სოფლის მცხოვრებმა რომლებმაც მათკენ მომავალი და შემდეგ უკან გაბრუნებული მეომართა ჯგუფი იხილეს, მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც მეომრები უკუიქცნენ და ნახეს მოკლული ყრმა.

ტარიჭანის მკვლელნი დაბრუნდნენ მთაზე და იხილეს დაბრმავებული თევდოსი. მეომრები გაკვირვებამ შეიპყრო. ვერც ხმა ამოიღეს და ვერც ის ადგილი დატოვეს, სადაც ეს სასწაული და სასჯელი აღსრულდა. თევდოსი ღვთის სასჯელმა მოაქცია, სინანულით აღივსო და მწარედ აქვითინდა: „არა უჯეროჲ ვქმენა, რამეთუ მოვსწყვიდენი დისწულნი ჩემნი“.

თაგინეს ტირილითა და გოდებით ამხილა ძმა: „რად მიმიხუენ ნათელნი თუალთა ჩემთანი? არა კმა-იყოა გლოვად ჩემდა სიქურივე ესე ჩემი? არა კმა გეყოა სამკვიდრებელი შვილთა ჩემთა და ყოფაჲ ჩემი წყუდიადსა ამას ქუეყანისასა? ვერ კმა-გეყოა სამკვიდრებელი ქმრისა ჩემისაჲ? რად დამიბნელე მზე ჩემი ჟამსა ოდენ პირველსა დღისასა? ვიდრემდის არა დასცხერი დევნად ჩემდა? არღარა მოიხსენეა საშოჲ იგი მშობელისა შენისა და ჩემისაჲ და ძუძუნი იგი, რომელთა გამოგუზარდნეს შენ და მე? რად დამივსენ სანთელნი ესე ჩემნი, ჰოი, უშჯულოვო?“ ხალხი მდუმარედ უსმენდა გულმკვდარ დედას და ცხარე ცრემლებით დასტიროდა უმანკო ყრმებს. სხვებთან ერთად მწარედ ტიროდა თევდოსიც.

როდესაც დედა შვილების ცხედრებს მოეფერა, თევდოსიმ თაგინეს უთხრა: „შენ ნათელი გამოგიბრწყინდა მიუწვდომელი ნათლისა მისგან წარუვალისა და ჭეშმარიტისა მისგან დაუსრულებელისა ნათლისა... ევედრე შენ წმიდათა მოწამეთა, რაჲთა ყონ ჩემთჳს წყალობაჲ, რაჲთა არა ღირსი ესე ვიქმნე ღირს ბეჭედსა მას ქრისტეს მოწყალისა ღმრთისასა, რომელი იგი მოვიდა ცოდვილთათვის. მრწამს მე ჭეშმარიტი ღმერთი“.

ამ სიტყვებზე თაგინე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ღმერთმა მსხვერპლად შეიწირა „მშუენიერნი საკურთხნი“, შვილნი მისნი, და ძმას უთხრა: „იყავნ ღმერთი მიმტევებელ შენდა და ნუ შეგირაცხოს შენ უფალმან მოწყალემან სიკუდილი შვილთა ჩემთაჲ და დისწულთა შენთაჲ, ვითარცა იგი ოდესმე პავლეს დისწული მისი სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე“, შემდეგ უფალს შეევედრა, კურნება მიენიჭებინა თევდოსისათვის, აიღო წმინდა დავითის სისხლით გაჟღენთილი მიწა, თვალებზე სცხო ძმას და მყის აღეხილნენ თვალნი. ხალხი კი გაოგნებული შეჰყურებდა წმინდა მოწამე დავითის ცხედართან ქმნილ სასწაულს.

კაცთმოყვარე ღმერთმა ჯერ-იჩინა ყველასათვის ეუწყებინა ძმათა სიწმინდე და მოწამეობა - ღამით მათ ცხედრებს ნათელი დაადგა.

თევდოსიმ შენდობა სთხოვა კათოლიკოსს, ცრემლით მოინანია დისშვილების მკვლელობა, მოინათლა და ეკლესია აღაშენა მის მიერ მოკლული დავითის სახელზე. დივრის მთავარმა წაასვენა წმინდა ტარიჭანის ნაწილები და მისი სახელობის ტაძარი აღაშენა.

  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.