დაბაკნეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაბაკნეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაკნეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის უხეშად თლილი ქვითაა ნაგები. ფასადები შელესილი ყოფილა.

დარბაზი გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებული სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ძირში და ჩრდილოეთ კუთხეში ტრაპეზის თითო ქვა დგას. ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილია ნიშები. საკურთხევლის იატაკი დარბაზისაგან გამოყოფილია ერთსაფეხურიანი სოლეით. აბსიდის კონქი სფერულია. ცილინდრულ კამარას ნახევარწრიული საბრჯენი თაღი აქვს. დასავლეთის კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი; სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. იატაკზე დაგებულია ქვის ფილები.

ეკლესიის ორქანობა სახურავის დასავლეთ კეხზე დადგმულია ოთხ სვეტზე შემდგარი სამრეკლო, რომელიც გადახურულია წახნაგოვანი სახურავით.

ეკლესიას გარს შემოუყვება მშრალი წყობის გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 40