გურამ გვეტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გურამ ივანეს ძე გვეტაძე (დ. 24 ნოემბერი, 1931, გურჯაანი, საქართველოს სსრ) — ქართველი ოპერ მუშაკი, საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ გვეტაძე დაიბადა 1931 წლის 24 ნოემბერს, ქ. გურჯაანში, მოსამსახურის ოჯახში. 1950 წელს დაამთავრა ქ. თბილისის რკინიგზის მე-7 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დაიწყო კიროვის სახელობის თბილისის ჩარხმშენებელ ქარხანაში, ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ კი აირჩიეს კომკავშირის კომიტეტის მდივნად. 1956-1963 წლებში მუშაობდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს მანქანათმშენებლობის სამმართველოს ინჟინრად და კომკავშირის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად.

1963 წლის 18 ოქტომბრიდან 1965 წლის 30 ივნისამდე იყო საქართველოს კპ ქ. თბილისის ლენინის რაიონული კომიტეტის მდივანი. გურამ გვეტაძე 1965 წლის 30 ივნისიდან 1969 წლის 16 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო 1969 წლის 16 ივნისიდან 1972 წლის 22 აგვისტომდე — საქართველოს სსრ შსს სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად. 1969 წლის 16 ივნისიდან 1976 წლის 20 ივლისამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი. 1972 წლის 22 აგვისტოდან 1976 წლის 20 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ. 1975 წლის 31 ოქტომბერს მიენიჭა მილიციის გენერალ-მაიორის წოდება. 1976 წლის 20 ივლისიდან 1977 წლის 8 თებერვლამდე იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო 1977 წლის 8 თებერვლიდან ამავე განყოფილების უფროსი. 1979 წლის 26 მაისიდან 1986 წლის 21 იანვრამდე გურამ გვეტაძე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1986 წლის 28 იანვრიდან 1987 წლის 7 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივნის თანაშემწედ სამობილიზაციო საქმეში. 1982 წლის 17 თებერვალს მიენიჭა შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის წოდება. შს ორგანოებში მუშაობის პერიოდში წახალისებულ იქნა 24-ჯერ. 1986 წლიდან 1992 წლამდე გურამ გვეტაძე მუშაობდა საქართველოს საგეგმო კომიტეტის მეორე განყოფილების უფროსად, 1992-1996 წლებში — საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ძალოვანი უწყებების დაფინანსების საკითხთა კურატორად. 2002 წელს გურამ გვეტაძე მუშაობდა საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

გურამ გვეტაძე საქართველოს კპ თბილისის ლენინის რაიკომისა და ბიუროს წევრი (16.03.1963 — 27.01.1966), საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (24.01.1981-დან). იყო ასევე თბილისის მშრომელთა დეპუტატების ლენინის რაიონული საბჭოს X მოწვევის დეპუტატი (21.03.1965 — 19.03.1967), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი (15.06.1979 — 24.02.1985).

გამოცემული აქვს წიგნები:

  • „მართლწესრიგის სადარაჯოზე“ (1983 წ.),
  • „გენერლის მოგონებათა ზარდახშა“ (2012 წ.).

გურამ გვეტაძე დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი, მათ შორის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]