გრემის სავაჭრო უბნის აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის სავაჭრო უბნის აბანოყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი გრემის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ეგრეთ წოდებული სავაჭრო უბნის დასავლეთ ნაწილში. თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბანოს ძირითადი, საბანაო ნაწილი, გეგმით კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, რომელზედაც ჩრდილოეთიდან შიგნიდან ათწახნაგა გასახდელია მიდგმული. გასახდელში შესასვლელი არის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ წახნაგში. მის მოპირდაპირედ საბანაო ნაწილში გასასვლელი კარია. დანარჩენი წახნაგების ქვედა ნაწილში, იატაკიდან 0.5 მეტრ სიმაღლეზე, გვერდიგვერდ, ოთხ-ოთხი მცორე ზომის ნიშაა,ზედა ნაწილში კი თითო ღრმა ნიშა, რომელთა ძირი და კედლები შელესილია. გასახდელის ცენტრში თხელკედლიანი წრიული აუზია.

საბანაო ნაწილი ორსართულიანია. ქვედა ნაწილი გათბობისთვის იყო განკუთვნილი, ზედა კი - საბანაოდ. საქვაბე ქვედა სართულის დონეზე, აღმოსავლეთ ნაწილის შუაშია. მის თავზე, ზედა სართულის მთელ სიგანეზე, მოწყობილია კამაროვანი წყალსაცავი. აქედან ცხელი წყალი, კედლებში დატანებული მილებით, შესაბამისი ადგილებისკენ მიედინებოდა. მეორე წყალსაცავი, რომელიც ცივი წყლისათვის იყო განკუთვნილი, სამხრეთ კედლის გაყოლებაზეა და ასევე კამარით ყოფილა გადახურული.

საბანაო ნაწილს გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრის ფორმა აქვს. ცენტრში, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, მოზრდილი რვაწახნაგა სათავსოა, რომელსაც ოთხი მხრიდან ერთვის თითო ღრმა უბე. მათგან სამი სწორკუთხაა, ხოლო მეოთხეს, აღმოსავლეთით მდებარეს, სამწახნაგა დაბოლოება აქვს. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით დგინდება, რომ უბეები შეისრული კამარით იყო გადახურული, ცენტრალური ნაწილი კი - გუმბათოვანით. საბანაო ნაწილის ოთხივე კუთხეში განცალკევებული საბანაო სათავსოებია, რომლებსაც შესასვლელი ცენტრალური სათავსოდან აქვთ. აღმოსავლეთ კუთხეებში მდებარე ორივე სათავსოს აღმოსავლეთ ბოლოში ერთი მეტრი სიმაღლის კედლით გამოყოფილი აუზია, რომლებშიც ცივი და ცხელი წყალი ცალ-ცალკე შედიოდა.

დასავლეთ კუთხეში მდებარე სათავსოები სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. მათგან სამხრეთ-დასავლეთ კუთხის სათავსო კვადრატულია, მასში მილები არ შედის. ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სათავსო უფრო მოზრდილია და მისი დასავლეთ ნაწილი შენობის ძირითადი კორპუსის გარეთ გადის.

აბანოს ძირითადი კორპუსის კედლებში ექვს ადგილას მოწყობილია გეგმით სწორკუთხა, მოზრდილი ღრმული, რომლებშიც წყლის მილები შედის და გამოდის. კედლების დაზიანების გამო მათი დანიშნულების განსაზღვრა ვერ ხერხდება. მეორე სართულის აგურის იატაკი დაყრდნობილი იყო აგურისავე ოთხკუთხა სვეტებზე.

იატაკის კონსტრუქცია საინტერესოდა გადაწყვეტილი. სვეტებზე კუთხეებკთ დაწყობილია დიდი ზომის აგურები. მასზე დასხმულია კირის ხსნარი, ზემოდან კი ჩვეულებრივი ზომის აგურია დაფენილი, რომელიც სქელი დუღაბითაა გადალესილი. იატაკი შემოსასვლელისაკენ ოდნავ დაქანებულია. კარის ღიობში ღარია, რომელიც ჯერ ჩრდილო-დასავლეთ კუთხის სათავსოს აღმოსავლეთ კედლის ძირს მიუყვება, ხოლო შემდეგ მილს უერთდება და გარეთ გადის. აქედან კი აგურებით გამოყვანილი ღარით ჩრდილოეთისკენ მიემართება. გათხრებისას დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კერამიკული ნამტვრევები და ფაიამსის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]