გორანის კვირიას ეკლესია (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორანის კვირიას ეკლესია.

გორანის კვირიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის განაპირას, გორაზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვით - ტლანქად. დაზიანებულია: ჩამოშლილია საბურავი და ლავგარდანი. მონგრეულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხე. გაბზარულია აღმოსავლეთ კედელი. ფასადებზე საპირე ქვები, ალაგ-ალაგ, ჩამოცვენილია. ეკლესიას ეტყობა გვიანდელი შეკეთების კვალი.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აფსიდს გეგმით დეფორმირებული ნახევარწრის ფორმა აქვს. აფსიდში, ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთით ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის მარჯვნივ, ერთმანეთთან ახლოს, ორი ოთხკუთხა ნიშაა. იმავე ზომის ორი ნიშა დასავლეთ კედელშიცაა. ერთ-ერთ მათგანში სამალავია მოწყობილი. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი, შეისრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]