გომბორის წმინდა სერგი რადონეჟელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომბორის წმინდა სერგი რადონეჟელის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში. დგას სოფლის ზედა უბანში, თბილისი-თელავის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს რამდენიმე მეტრში. აგებულია 1888 წელს, კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის სახსრებით. 1920-იან წლებში ეკლესია დაარბიეს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. საბჭოთა პერიოდში კი სოფლის კინოთეატრად გამოიყენებოდა. 2014 წელს ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და მოქმედი გახდა.

ეკლესია გეგმით ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედია (14,7 X 8,8 მ). მას აღმოსავლეთით ფართო მხრებით გამოყოფილი საკურთხევლის ხუთწახნაგა შვერილი ეკვრის, დასავლეთით კი — ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც 1909 წელსაა აგებული. ეკლესიის შიდა სივრცე დადაბლებული პროპორციებისაა და დასრულებულია ბრტყელი ჭერით, რომელიც საკურთხევლის ჭერის დონეზეა. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.

სამრეკლო ორსართულიანია გეგმით კვადრატული და თითქმის მთლიანად აგურითაა ნაგები. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სამრეკლოს ქვედა სართული ეკლესიის კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. ეკლესიის ფასადის გაფორმება ეკლექტიკურია. შენობის გარეგანი სახე საერო და საეკლესიო ხუროთმოძღვრების ელემენტების შერევითაა შექმნილი. ეკლესიის კედლები დასრულებულია კბილანა ლავგარდნით. ეკლესია თუნუქის ორფერდა სახურავითაა დახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]