გიორგი შატბერაშვილის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი შატბერაშვილის ძეგლი — მონუმენტური ხელოვნების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, სოფელ თვალადისკენ მიმავალ გზაზე, სოფლის საბჭოდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, სპეციალურად შექმნილ მოედანზე. გაიხსნა 1981 წლის 9 ივნისს. ძეგლის ავტორები არიან მოქანდაკე ჯ. თუშურაშვილი და არქიტექტორი ილარიონ კავთიაშვილი.

ცნობილი ქართველი მწერლის გიორგი შატბერაშვილის ბრინჯაოს ქანდაკება დგას ტუფის სწორკუთხა კვარცხლბეგზე. კომპოზიცია ფრონტალურია. წარმოდგენილია მწერლის თავი და კისერი. პორტრეტული მსგავსება დაცულია. ძეგლის უკან, დაბალ კედელზე მარმარილოს სამი ფილაა. მარცხენაზე გამოსახულია მზე, ვაზი და ეკლესიის ფასადი, ქვეშ წარწერაა: „მკვდრის მზე“. მომდევნო ორ ფილაზე დაბალი რელიეფით შესრულებული სტილიზებული წარწერებია: „საჯილდაო ქვას მხოლოდ ღვთის ნათლულები თუ უზამენ ძვრას“; „ღმერთო, მიცოცხლე ქართული სიტყვა, აწ და მარადის და უკუნილად“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]