გვატემალის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიამბრე, ტრადიციული გვატემალური კერძი

გვატემალის სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Guatemala) — ტრადიციული გვატემალური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა ადგილობრივი ინდიელებისა და ესპანური სამზარეულოების შერწყმით. ვინაიდან გვატემალას მრავალფეროვანი გეოგრაფიული ლანდშაფტი აქვს (ორი მხრიდან ოკეანე, მდელოები, ტყეები, მთები და ა.შ.), მისი სამზარეულოც მრავალფეროვანია. განსაკუთრებით გავრცელებულია სეზონური კერძები, რამეთუ გვატემალის ცვალებადი კლიმატის გამო არაერთი ინგრედიენტი წლის მხოლოდ ერთ კონკრეტულ დროს ხარობს.

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ჩუჩიტო

გვატემალის ტერიტორიაზე ესპანელები XVI საუკუნეში გამოჩნდნენ. ისინი მალევე ასიმილირდნენ მაიასა და სხვა ინდიელთა ტომების გასტრონომიებთან და ჩამოაყალიბეს ერთიანი, გვატემალური გასტრონომია. ასეთი ფესვების გამო, გვატემალური ხშირად ძალიან ჰგავს მექსიკურ სამზარეულოს, რამეთუ ისიც ესპანურ-ინდიელთა კულინარიების შერწყმითაა ჩამოყალიბებული. ეს მსგავსება განსაკუთრებით ძლიერია სამხრეთ მექსიკის პროვინციებთან, სადაც განსაკუთრებით ძლიერია მაიას ტომების გავლენა. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, გვატემალა მრავალი ინგრედიენტის სამშობლოა, რომლებიც ამდიდრებს არა მხოლოდ ესპანურ, არამედ ევროპულ და მსოფლიო სამზარეულოს. ასეთი ინგრედიენტებია: შოკოლადი (კაკაო), ავოკადო, ჩილის წიწაკა, ვანილი და პომიდორი.

სიმინდი გვატემალურ გასტრონომიაში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. მსგავსად პომიდვრისა, მრავალ ადგილობრივ კერძში მისი გამოყენება უბრალოდ აუცილებელია. რაც შეეხება ჩილის, მას შედარებით ზომიერად მოიხმარენ, თუმცა ზოგიერთ რეგიონში უფრო დიდი რაოდენობით გამოიყენება ვიდრე სხვაგან, ითვლება, რომ გვატემალელები დიდი რაოდენობით ჩილის არ იყენებენ. ამასთან ერთად, მისი გამოყენება აუცილებელია ისეთ კერძებში, როგორებიცაა: გუაკი, პასა, სამბო და დულსი.

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია ლობიო. შეიძლება ითქვას, რომ შავი ლობიო ყველა გვატემალურ ოჯახში ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელი ნაწილია. ასევე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მცენარის თესლი, მაგალითად: გოგრისა და სეზამის თესლის მარცვლებს იყენებენ კერძის გასასქელებლად, კაკაოსას კი სადღესასწაულო კერძების მზადებისას. გვატემალელებს ასევე მოსწონთ ისეთი არომატული მწვანილების გამოყენება, როგორებიცაა: ოხრახუში, ქინძი, პიტნა და სამატი. გვატემალის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კერძოდ კი ისაბალის დეპარტამენტში, მძლავრადაა აფრიკული გასტრონომიის გავლენა, რომელიც აქ აფრიკელი მონების შთამომავლებმა ჩაიტანეს და დაამკვიდრეს. სწორედ მათ სახელს უკავშირდება გვატემალურ სამზარეულოში ბანანისა და ქოქოსის შემოტანა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვატემალის რეგიონალური სამზარეულოების შესახებ არც თუ ისე დიდი ინფორმაცია არსებობს. გეოგრაფიული იზოლირების გამო, წარმოდგენა კიდევ უფრო ბუნდოვანია მისი მაღალმთიანი დეპარტამენტების გასტრონომიებზე. ამასთან, XX საუკუნის II ნახევარში მომხდარმა გვატემალის სამოქალაქო ომმა ქვეყანას დაუკარგა მიმზიდველობა ტურისტების თვალში. გარდა იმისა, რომ მისი სამზარეულო მაიასა და ესპანური გასტონომიებიდან იღებს ფესვებს და შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო იგი ძალიან ჰგავს სხვა მესოამერიკულ სამზარეულოებს, გვატემალურისათვის დამახასიათებელია ჰიპერ-რეგიონალური კერძები, რომლებიც ერთი კონკრეტული ქალაქის ან სოფლის გარდა სხვაგან ხელმისაწვდომი არაა.

გარდა იმისა, რომ სიმინდი ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტია, მისი დამუშავებმა ადგილობრივებმა მრავალი საუკუნის წინ დაიწყეს. ასევე დიდი ისტორია აქვს გვატემალურ ცხელ შოკოლადს. თანამედროვე ეპოქამდე როგორც გვატემალაში, ისე მსოფლიოში, შოკოლადი ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა, მეტიც, მაიას ცივილიზაციაში მას ფულივით იყენებდნენ, რაც მის ძვირადღირებულობაზე მიუთითებს. ღორისა და საქონლის ხორცი გვატემალურ კულინარიაში მხოლოდ ესპანელთა გამოჩენის შემდეგ დამკვიდრდა. ასევე ესპანელებმა შემოიყვანეს ინდაური, სხვა ფრინველები და თევზის არაერთი ჯიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sherriff, Lucy (2019-06-27). "Where to find Latin America's tastiest dishes". CNN Travel. Retrieved 2019-09-26.
  • "Guatemala is the Land of Unknown Ancient Food Traditions". Saveur. Retrieved 2019-10-17.