გელათის მამაღვთისას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გელათის მამაღვთისას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელათის მამაღვთისას ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიას მოგვიანებით სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენი აქვს მიდგმული. ეკლესიის ზომები 8x6 მეტრია, ხოლო მინაშენის ჩათვლით 11.5x8.5 მეტრი. მინაშენის კედლის სისქე 70 სანტიმეტრია, ეკლესიის კედლის სისქე 90 სანტიმეტრი. მკვლევრების აზრით, ეკლესია ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება.

ეკლესია ნაგებია კარგად ნათალი მოზრდილი ზომის კვადრებით კირის დუღაბზე. საპირე კედლის წყობა უფრო დიდი ზომის კვადრებია ვიდრე ინტერიერში. კარი დასავლეთ კედელში აქვს გაჭრილი. ეკლესიას მცირე ზომის ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება. ნახევარწრიულ შვერილ აფსიდაში ორივე მხარეს მცირე ზომის ნიშებია დატანილი. ცენტრში ტრაპეზის ქვაა შემორჩენილი. ინტერიერში კედლებს დაბალი მერხები (ხარისხი) შემოუყვება. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან მცირედ გამოზიდული მხრებით არის გამოყოფილი. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით.

ნაეკლესიარი მთლიანად მიწით იყო დაფარული. ამ ტერიტორიაზე 2023 წელს დასრულდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შემდეგადაც გამოვლინდა ნაეკლესიარის შემორჩენილი კედლები ასევე, დაინომრა ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45666