გეგუთის სასახლე
გეგუთის სასახლე — ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-ზე, რიონის ნაპირას. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნეს ეკუთვნის. ჯუანშერის თხზულების „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს ერთ–ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს „...წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს.“ სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი III-ს დროინდელია. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთის სასახლე იმერეთის მეფეთა რეზიდენციაა (აღნიშნულია — იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკაზე). სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ კი გაგრძელდა მისი ნგრევა, სასახლის მასალას იმპერიის მოხელეები იყენებდნენ ქუთაისში შენობების ასაშენებლად. გეგუთის კომპლექსის პირველმა მკვლევარმა, შვეიცარიელმა დიუბუა დე მონპერემ 1833 წელს შეადგინა სასახლის გადარჩენილი ნაწილის გეგმა და განსაზღვრა ცალკეული სათავსების ფუნქცია.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნანგრევებს 2000 მ² მეტი ფართობი უჭირავს. 1937 წლის არქეოლოგიური კამპანიის შედეგად (პროფ. ლევან მუსხელიშვილი, არქიტექტორი ვ. წილოსანი, ფოტოგრაფი გილგენდორფი) ნაწილობრივ გაიწმინდა რამდენიმე სათავსი და დაზუსტდა არსებული გეგმის დეტალები. გათხრებისას აღმოჩენული სხვადასხვა დროის 60–მდე არტეფაქტი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 1954 – 1962 წლებში კომპლექსი გაიწმინდა და ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები (პროფ. ვახტანგ ცინცაძე).
1953 — 1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII — IX სს.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე. წ. „სანადირო სახლია“. მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა. თლილი ქვით ნაგებ სამმეტრიან ცოკოლზე აღმართულია აგურით ნაგები ოთხიარუსიანი მეფეთა სადგომი ციხე-დარბაზი (XII ს.). მისი მთავარი ნაწილია 14 მეტრიანი გუმბათით დაგვირგვინებული ოთხმკლავიანი დარბაზი, რომლის აქეთ-იქით საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსოებია (საწოლი ოთახი, სალარო, საგანძური, აბანო და სხვ.). მთელ ნაგებობას გარედან ეკვრის კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები. XIII — XIV საუკუნეებს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციციშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 32.
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 381.
- ჩაკვეტაძე ვ., „გეგუთი“ თბილისი, 1958;
- წილოსანი ვ., გეგუთი, ციხე-დარბაზი, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2020-02-01.