შინაარსზე გადასვლა

გაზაფხულის შხამა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზაფხულის შხამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  გაზაფხულის შხამა
ლათინური სახელი
Amanita verna (Bull.) Lam., 1783

გაზაფხულის შხამა (ლათ. Amanita verna) — მომაკვდინებლად შხამიანი სოკოს სახეობა ამანიტასებრთა ოჯახისა. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, უპირატესობას ანიჭებს კირქვიან ნიადაგებს და უფრო ხშირად გვხვდება ზომიერი კლიმატის თბილ რეგიონებში.

სამეცნიოერო სნონიმები

მისი ქუდი 4-14სმ დიამეტრისაა, თეთრი ფერის და თავდაპირველად კვერცხისებრი ფორმის. მოგვიანებით ის ფართოვდება და ხდება ამობურცულ-გაშლილი ან ბრტყელი. მისი ზედაპირი გლუვი და პრიალაა, ხორცოვანი ტექსტურის, ხოლო კიდეები სწორი და გლუვი.

ფეხი 7-12 სანტიმეტრი სიგრძის და 1-2 სანტიმეტრი სისქისაა. ის თეთრი ფერისა და ცილინდრული ფორმისაა, ძირში კი ოდნავ გამსხვილებული, ბულბოსებრია. მისი ზედაპირი გლუვია, ხოლო შიგნიდან თავდაპირველად სავსე, შემდეგ კი ფუყე. ფეხზე განიერი, თეთრი საყელო არამკვეთრი ზოლიანი კიდით გამოირჩევა. ვოლვა თავისუფალი და თეთრი ფერისაა.

ჰიმენოფორში ფირფიტები ხშირი და თხელია, ფეხთან თავისუფლად განლაგებული და თეთრი ფერისაა. სპორები გლუვი, ოვალური ფორმისაა და მათი ზომები 10–11 x 7-9 მიკრომეტრია. სპორების ანაბეჭდიც თეთრია.

სოკოს რბილობი თეთრი ფერისაა და თავდაპირველად არანაირი სუნი არ აქვს, თუმცა მოგვიანებით მას დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი უჩნდება. ჰაერის ზემოქმედებით მისი ფერი არ იცვლება.

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზაფხულიდან შემოდგომამდე ის იზრდება ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით მუხისა და წიფლის სიახლოვეს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში.

ეს სოკო მომაკვდინებლად შხამიანია. მის მიღებას 6-24 საათში მოსდევს ძლიერი თავისა და მუცლის ტკივილი, სისუსტე, პირღებინება, ძლიერი ფაღარათი, მხედველობის დარღვევა, კრუნჩხვები და დაუოკებელი წყურვილი. მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის შემდეგ მოწამლულს მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესება ეწყება, სინამდვილეში ღვიძლის ინტენსიური დაშლა მიმდინარეობს, რაც საბოლოოდ ლეტალურად სრულდება. გაზაფხულის შხამას ხელით შეხების შემთხვევაშიც კი აუცილებელია ხელების დაუყოვნებელი და საფუძვლიანი დაბანა.

ამ სოკოს ვიზუალურად ძალიან ჰგავს თეთრი შხამა (Amanita virosa), რის გამოც ზოგიერთი მიკოლოგი მათ ერთ სახეობად მიიჩნევს. ორივე სოკო მომაკვდინებელია და ერთმანეთისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის ასევე ჰგავს ქამის სახეობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: შხამას სახეობებს ყოველთვის თეთრი ფირფიტები აქვთ, ფეხზე (საყელოს გარდა) აქვთ ვოლვა და, ქამასოკოებისგან განსხვავებით, მათ არ გააჩნიათ ნუშის სუნი.

  • ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 96-97, ISBN 978-9941-8-4547-5.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]