გავაზის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გავაზის ეკლესია, რომლის ეზოშიც მდებარეობს სამაროვანი.

გავაზის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის VI საუკუნით დათარიღებული ტეტრაქონკის ეზოში.

ეკლესიის ცენტრალურ გუმბათქვეშ კვადრატს ოთხივე მხრიდან ებმის აფსიდა კონქით. ტაძრის ოთხივე აფსიდა გეგმით ნალისებურია. ეკლესიას შესასვლელი ჰქონია დასავლეთიდან და სამხრეთიდან ეკლესიის ეზოში. 1971-1972 წლებში გათხრებს აწამოებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ახალსოფლის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი). სამაროვანზე დაკრძალვას გვიანდელ შუა საუკუნეებშიც ჰქონდა ადგილი. სამაროვანი შეიცავს როგორც განვითარებული შუა საუკუნეების, ისე მოგვიანო ხანის მასალებს. ზედა ფენის ქვის სამარხები გვიანდელებია და მათში ძალზე ნაკლებადაა ინვენტარი. არის შემთხვევა, როცა განვითარებული შუა საუკუნეების სამარხები XVI-XVII სს-შიც გამოუყენებიათ. მაგ. N69 სამარხში ყველაზე გვიან დაკრძალულ მე-7 თუ მე-8 მიცვალებულთან აღმოჩნდა თიხის სამტუჩა დოქი , რომელიც კარგად თარიღდება XVII საუკუნით. 20 სამარხის ქვედა ფენები კი შეიცავდა ადრე დაკრძალულ მიცვალებულებს, რომელთაც ახლდათ XII-XIII საუკუნეების მინის ჭურჭელი, სამაჯური და სხვ. №12 სამარხში XII-XIII საუკუნეების მინის სამაჯურთან და ფაიანსის მძივებთან ერთად, სამარხის ზედა ფენაში გამოვლინდა გვიანდელი შუა საუკუნეების ბრტყელძირა მოუჭიქავი ჯამი. გვიანდელია ასევე №26 სამარხი, სადაც აღმოჩნდა სპილენძის 2 პატარა გახვრეტილი მონეტა — საკიდად გამოყენებული XVII საუკუნის თურქული აყჩები. დარღვეული სამარხიდან მომდინარეობს პატარა ჩაიდნისებური ჭურჭელი, რომელიც უფრო გვიანდელი შუა საუკუნეების უნდა იყოს. გარდა ამისა, სამაროვნის თხრილში გამოვლინდა აბუ-საიდის (1317-1335 წწ.) ვერცხლის მონეტა.

სამაროვანი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა. სამარხებიდან ყველა ქვის სამარხია, ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილები და აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი. სამარხებში მიცვალებულთა რაოდენობა მერყეობს 1-დან 8-მდე. იგი ყველა ქრისტიანული წესითაა დაკრძალული. იმ სამარხებში, რომლებშიც რამდენიმე მიცვალებულია დაკრძალული, ბოლო მიცვალებულის გარდა, ყველას ძვლები ერთმანეთშია არეული თუ მიხვეტილი.

განვითარებული შუა საუკუნეების სამარხების ერთი ნაწილი უინვენტაროა, მაგრამ გვხვდება ინვენტარიანი სამარხებიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამარხებში მიკვლეული კერამიკული ნაწარმი ყველა გვიანდელი შუა საუკუნეებისაა. ჩვენთვის საინტერესო პერიოდის მასალებიდან პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს მინის ნივთები. მინის ერთი-ერთი მოთეთრო ჭურჭელი ხასიათდება ვიწრო, მომაღლო ყელით, რომელზეც შემოსდევს შიგნიდან გამობერილი ლილვი. ტანი მსხლისებური მოყვანილობისაა. ყური მიერთებული ჰქონია ყელსა და მხარზე. მსგავსი ჭურჭელი ჩვენში ცნობილია რუსთავისა და სიონის სამაროვნებიდანაც. გავაზის სამარხებში აღმოჩენილია შავი, ნაცრისფერი, მწვანე და ლურჯი მინისაგან დამზადებული სადა და გრეხილღეროიანი სამაჯურები. მათი ანალოგები ცნობილია საქართველოს განვითარებული შუა საუკუნეების თითქმის ყველა ძეგლიდან. მრავალფეროვანია ლითონის ნაწარმი, რომელთა შორის გვხვდება: რკინის სამაჯურები, უპირატესად ფრაგმენტულად შემორჩენილი; სპილენძის სამაჯურებიდან 3 წვრილღეროიანია დაბრტყელებული, გველისგამოსახულებიანი თავებით 2 ბრტყელღეროიანია, შემკული წერტილოვანი ორნამენტით . სამარხებში აღმოჩნდა საყურეები და სასაფეთქლე რგოლები; აგრეთვე რკინის, სპილენძისა და ვერცხლის ბეჭდები. მათში გვხვდება როგორც თვალბუდიანი, ისე რომბულფარაკიანი ნიმუშები. აღსანიშნავია ბურთულა საკიდები, რომლებიც მძივებთან ერთადაა მიკვლეული და მათი დანიშნულებაც თავისთავად გარკვეულია. განსაკუთრებით საინტერესოა №28 სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჯვარი ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებით. გავაზის სამაროვნის მასალა ზოგადად XI-XIV საუკუნეების ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ექცევა. ამ სამაროვნის მიხედვითაც ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკურად დაწინაურების კვალობაზე, მიუხედავად ქრისტიანული რელიგიის აკრძალვისა, მართალია არა დიდი რაოდენობით, მაგრამ სამარხებში მაინც ჩნდება ინვენტარი, სამარხები არაერთხელ გაძარცვულა მათი მრავალგზის გამოყენებისას. სამარხეული ინვენტარი თავის დროზე გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი იქნებოდა. რაც შეეხება გვიანდელი შუა საუკუნეების სამარხებს, როგორც აღვნიშნეთ, მათში იშვიათი გამონაკლისის გარდა არტეფაქტებს აღარ ვხვდებით და ეს გარემოება გარკვეულწილად იმითაც უნდა აიხსნას, რომ გვიანდელ შუა საუკუნეებში მტრების მრავალგზის შემოსევებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგების გამო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას უკვე აღარ ჰქონდა შესაძლებლობა მიცვალებულისათვის რამე ჩაეტანებინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი II-III, გამომცემლობა "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", ბათუმი, გვ. 110-112.