ბულბულა ქვიშხეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბულბულა ქვიშხეთელიქართველი სახელოვანი ქალი. მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია, ასევე უცნობია მისი გვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვიშხეთიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით, მტკვრის ხეობაში ატყორცნილია მაღალი მთა, მასზე აგებულია დიდი ციხე-კოშკი, შიგნით ჩაყრილია ვებერთელა ქვევრები, საფიქრებელია, წლის მარაგისათვის. გადმოცემით ეს ციხე-კოშკი აშენებული უნდა იყოს მეთექსვმეტე საუკუნეში. ხალხი ლეკთა თვდასხმისაგან თავის დასაცავად ამ კოშკში იხიზნებოდა. სოფლიდან კოშკამდე მივყავართ ერთ გზას, რომელსაც ხალხი „ლეკის გზას“ უწოდებს. ციხის ხელში ჩაგდების მიზნით ეს გზა ლეკებს გაუკეთებიათ. ერთხელ ლეკთა დიდი ბრბო დაესხა სოფელს. მტრის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურობა გლეხის ქალმა ბულბულამ იკისრა. მან სასწრაფოდ შეადგინა დამცველი რაზმი, მცირე ხნით მოიგერია ლეკთა იერიში და ხალხი დიდძალი სანოვაგით ციხე-კოშკი დააბინავა. ციხე-კოშკს ჰქონდა საიდუმლო გვირაბი, საიდანაც კოშკში სასმელი წყალი შემოჰქონდათ. ბულბულა თავისი რაზმით ციხის ქონგურებიდან უთვალთვალებდა მოახლოვებულ ლეკებს. მტერი ყველანაირ ღონეს ხმარობდა, მაგრამ ციხეში მაინც ვერ შედიოდა. ეძებდა საიდუმლო გზას, წყალსადენს, მაგრამ ამაოდ. იმედგაცრუებულ ლეკებს წყლის სათავე არ აღმოეჩინათ, ბოლოს დაიჭირეს სახედარი , რომელიც იქვე ტყის პირას ძოვდა, მოაწყურეს და ციხე-კოშკის გარშემო რამდენიმეჯერ შემოატარეს იმ იმედით, რომ თუ სადმე ნიადაგში წყალია, სახედარი შეიგრძნობს და გაჩერდებაო. ასეც მოხდა. ნიადაგი გათხარეს, ამოყარეს წლის მილები. ციხეში შეხიზნულთ უწყლოდ გაუჭირდათ ყოფნა და იძულებული გახდნენ წყლის სათავის აღსადგენად ვინმე გაეგზავნათ. სათავის აღდგენა რაზმის მეთაურმა ბულბულამ იკისრა, სასწრაფოდ გამოვიდა ციხე-კოშკიდან და მალულად გასწია წყლის სათავისაკენ. ჩასაფრებულმა ლეკებმა ქალი შეიპყრეს, ციხეში შესასვლელი გზის სწავლება მოსთხოვეს და სიცოცხლის შენარცუნება აღუთქვეს. ბულბულამ მოძალადეებს ციხე-კოშკამდე მისასვლელი შორი გზა ასწავლა. მტერი დაადგა ბულბულას ნასწავლებ გრძელ გზას, ქალი კი სასწრაფოდ მივიდა წლის სათავესთან, გაასწორა მილები და ციხისაკენ მოკლე გზით გაიქცა. გაქცეული ქალი ლეკებმა შენიშნეს, თავგანწირულ დედაკაცს გზა გადაუჭრეს, ბულბულა ლეკთა ბრბოს გაუძალიანდა და ნაკუწნაკუწად აქციეს. მტერმა აიღო ციხე-სიმაგრე, ხალხი შეიპყრო და ტყვედ წაიყვანა. გავიდა ხანი. ხალხმა გმირი ქალის პატივსაცემად ციხე-კოშკსა და სოფელს ბულბულა შეარქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით ქორიძე, „სახელოვანი ქართველი ქალები“, თბ., 1965.