ბოდაყ ყაზვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდაყ მუნში ყაზვინი (სპარს. دال منشی قزوینی) (დ. დაახლ. 1510/1511, ქ. ყაზვინი, ირანი) — სპარსელი ისტორიკოსი, სახელმწიფო მოხელე.

ბოდაყ ყაზვინი ცნობილია ისტორიული თხზულებით „ცნობათა მარგალიტები“ („ჯავაჰირ ალ-ახბარ“), რომელიც მიუძღვნა შაჰ ისმაილ II-ს. მასში მოთხრობილია ირანის როგორც ისლამამდელი, ისე შემდგომი დროის მმართველი დინასტიების ისტორია შაჰ ისმაილ II-ის ტახტზე ასვლამდე (1576 წლამდე). თხზულებაში საინტერესო და ორიგინალური ცნობებია ირან-საქართველოს ურთიერთობაზე ირან-ოსმალეთის პირველი ომის (1514–1555) დროს, საქართველოში ყიზილბაშთა ლაშქრობების შესახებ შაჰ ისმაილ I-ისა და შაჰ თამაზ I-ის დროს.

საყურადღებოა მისი ცნობა ქართველ მეფე-მთავრების ყოფნის შესახებ სეფიანთა ბანაკში ჯერ კიდევ შაჰ ისმაილ I-ის დროს, რასაც ისტორიკოსი 1519 წლით ათარიღებს, კახთა მეფის ლევანის ძის იესეს გამუსლიმანებასთან დაკავშირებული ცნობები და სხვ. თხზულების ხელნაწერი ინახება სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • კაციტაძე, დ. - ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან - კრებულში: 1964 - თსუ შრომები - ტ. 108.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]