ბიურაკანის ობსერვატორია
ბიურაკანის ობსერვატორია | |
---|---|
სომხ. ՀՀ ԳԱԱ Վ. Հ. Համբարձումյանի անվան Բյուրականի աստղադիտարան | |
ბიურაკანის ობსერვატორია | |
40°19′49″ ჩ. გ. 44°16′24″ ა. გ. / 40.33028° ჩ. გ. 44.27333° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი, არაგაწოტნის პროვინცია, სოფელი ბიურაკანი |
სიმაღლე ზ. დ. | 1490 მ |
დაარსდა | 1946 წ. |
ტიპი | ასტროფიზიკური ობსერვატორია |
ოფიციალური საიტი | https://bao.am |
ბიურაკანის ობსერვატორია (სომხ. Բյուրականի աստղադիտարան) — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება სომხეთში, ქალაქ ერევნიდან 35 კმ-ში, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე. მდებარეობს არაგაწის მთაზე, დაარსებულია 1946 წელს. შეისწავლის გალაქტიკის აგებულების, არასტაციონარული ვარსკვლავების, დიფუზური ნისლეულების, ვარსკვლავთ წარმოშობისა და განვითარების, გარეშე გალაქტიკებისა და რადიოასტრონომიის პრობლემებს. ობსერვატორიის შექმნის ინიციატორი და მისი უცვლელი დირექტორი იყო ვიქტორ ამბარცუმიანი, რომელიც ობსერვატორიას 1946-1988 წლებში განაგებდა. ძირითადი ინსტრუმენტებია 100 სმ-იანი და 53 სმ-იანი შმიდტის სისტემის ტელესკოპები, 50 სმ-იანი რეფლექტორი, 40 სმ-იანი ანაბერაციული კამერა, 2,6 მ-იანი ტელესკოპი, ორი რადიოინტერფერომეტრი. ბიურაკანის ობსერვატორიაში აღმოჩენილ ვარსკვლავთ ასოციაციებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვარსკვლავთა წარმოშობისა და განვითარების საკითხების შესწავლისათვის. ასოციაციების აღმოჩენამ და მათი კვლევისადმი მიძღვნილმა შრომებმა ფართოდ გაუთქვა სახელი ბიურაკანის ობსერვატორიას. ვარსკვლავთ ასოციაციების საფუძველზე დამუშავებულია ღია ვარსკვლავთ გროვების ახალი კლასიფიკაცია; გამოცემულია ღია გროვათა ატლასი; ვარსკვლავთ სპექტრში უწყვეტი ემისიის კვლევის შედეგად საინტერესო დასკვნებია მიღებული ვარსკვლავთ ენერგიის წყაროების შესახებ; გალაქტიკების გულების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ გალაქტიკების რადიოგამოსხივება გამოწვეულია მათ გულებში მიმდინარე მძლავრი აფეთქებებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიურაკანის ობსერვატორია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ბიურაკანის ობსერვატორია (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 417.
- Мирзоян Л. В., Бюраканская астрофизическая обсерватория, [М.], 1958;
- Амбарцумян В. А., Мирзоян Л. В., Астрофизика, в кн.: Академия наук Армянской ССР за 25 лет, Ер., 1968.