ბერიეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერიეთის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ „ხალასქურში“ შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევი. ძეგლი ნაგებია კარგად თლილი მონაცრისფრო ქვიშაქვით კირის დუღაბზე. წყობა სწორხაზოვანია. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია გარეთ შევიწროებული სარკმელი. ჩრდილოეთით ნიშის კვალია. ეკლესიის კედლები შემორჩენილია სხვადასხვა დონეზე. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სამხრეთი კედელია, იგი თითქმის მიწის პირამდეა ჩამონგრეული. ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილიც. ეკლესიას დასავლეთიდან შიგნით თაღოვანი, გარეთ არქიტრავული შესასვლელი აქვს. კარის თავზე თაღოვანი სარკმელია დატანებული. შესასვლელის არქიტრავის ცენტრში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჯვრის თავზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის უმნიშვნელო ფრაგმენტები, დაზიანების გამო ის თითქმის არ იკითხება. არქიტრავის კუთხეებში ლომებია გამოსახული. დასავლეთ სარკმლის სათაური მორთულია ზიგზაგისებრი ორნამენტით. ეკლესია ძალზე დაზიანებულია, მისი ყველა შემორჩენილი კედელი დეფორმირებულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10172