ბახვის მანიფესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბახვის მანიფესტი
შექმნის თარიღი 23 თებერვალი, 1905
ხელისმომწერნი გურული გლეხები
შექმნის მიზანი ადამიანის უფლებების აღიარება

„ბახვის მანიფესტი“ბახვის თემის გლეხთა მოთხოვნები, რომლებიც წაუყენეს კავკასიის მთავარმართებლობის წარმომადგენელს 1905 წლის თებერვალში.

1905 წლის 9 იანვრის სისხლიანმა კვირამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში. ხელისუფლება იძულებული იყო ანგარიში გაეწია ქვეყანაში შექმნილი რევოლუციური მდგომარეობისათვის, ამიტომ ჯერ მშვიდობიანი გზით სცადა აჯანყებულ „მცხოვრებთა შთაგონება“. ამ მიზნით გურიაში გაიგზავნა მთავარმართებლობის საბჭოს წევრი სულთანი კრიმ-გირეი, ჯარი კი ნატანებში შეაჩერეს. კრიმ-გირეიმ 12 თემი მოიარა (ამ დროს ოზურგეთის მაზრა 25 თემად იყო დაყოფილი), რათა გამოერკვია, „რას მოითხოვდა ხალხი მთავრობისაგან“.

1905 წლის 23 თებერვალს კრიმ-გირეი ჩავიდა ბახვში. შეკრება გაიმართა სოფლის სასამართლოს წინ, მოედანზე. შეკრებილმა 500-მდე გლეხმა აირჩია 12 წარმომადგენელი (უმთავრესად სოციალ-დემოკრატები), რომლებმაც წამოაყენეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: საუფლისწულო, საეკლესიო, სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი უსასყიდლოდ გადაცემა მშრომელი ხალხის სარგებლობაში; ყოველგვარი საბატონო, საეკლესიო თუ სახელმწიფო ბეგარისა და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება; სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება; პიროვნების ხელშეუხებლობა; საყოველთაო, სავალდებულო უფასო დაწყებითი სწავლება. წარმომადგენლებმა ამასთან განაცხადეს, რომ არსებული მთავრობა ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ყველა ეს მოთხოვნა, ამიტომ საჭიროა მთელ რუსეთში შეიცვალოს წესწყობილება და სახალხო მთავრობა აირჩეს საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.

გურიის ამბებზე ვრცელი სტატიები დაიბეჭდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსეთის ჟურნალ-გაზეთებში. ბახვის გლეხობის მოთხოვნებზე კორესპონდენცია (სათაურით „გურიაში“) დაიბეჭდა, აგრეთვე ლენინურ გაზეთ „ვპერიოდში“ („Вперёд“) 16 (29) მარტს, N12-ში, რომელიც საზღვარგარეთ გამოდიოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა რუსეთში. კორესპონდენციაში ბახვის გლეხთა მოთხოვნები მანიფესტად იყო მოხსენიებული. ამის გამოც დაერქვა მას „ბახვის მანიფესტი“.

მანიფესტის მოთხოვნათა შეუსრულებლობა გახდა ერთ-ერთი წინაპირობა 1905 წელს გურიაში შეიარაღებული ამბოხების დაწყებისა, რაც გურიის რესპუბლიკის გამოცხადებით და შემდეგ ამბოხის სასტიკი ჩახშობით დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 253—254, თბ., 1977 წელი.
  • მახარაძე ი. „გურული ფირალები“, გვ 111-112 — თბილისი, 2008 წ, ISBN 978-9941-403-95-8,