ბარბარა პალმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბარბარა პალმერი
Barbara Villiers.jpg
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1640
მიდლსექსი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 1709, (68 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელები
წოდება კლეველანდის ჰერცოგინია
კასტლემაინის გრაფინია
რელიგია ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ ანგლიკანიზმი
მეუღლე(ები) როჯერ პალმერი, კასტლემაინის გრაფი
რობერტ ფილინგი
პარტნიორ(ებ)ი ჩარლზ II, ინგლისის მეფე
შვილ(ებ)ი ექვსი უკანონო შვილი
მშობლები მამა: უილიამ ვილერსი, გრანდისონის ვიკონტი
დედა: მერი ბაინინგი

ბარბარა პალმერი (ინგლ. Barbara Palmer), დაბადების სახელია ბარბარა ვილერსი (ინგლ. Barbara Villiers; დ. 27 ნოემბერი, 1640, მიდლსექსი, ინგლისი — გ. 9 ოქტომბერი, 1709, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი არისტოკრატი და ვილერსების საგვარეულოს წარმომადგენელი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-ის ოფიციალური საყვარელი და მისი ექვსი უკანონო შვილის დედა. კლეველანდის ჰერცოგინია და კასტლემაინის გრაფინია როგორც როჯერ პალმერის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა ვილერსი დაიბადა 1640 წლის 27 ნოემბერს მიდლსექსში, ინგლიში. იგი იყო გრანდისონის ვიკონს უილიამ ვილერსისა და მისი ცოლის, მერი ბაინინგის ერთადერთი ქალიშვილი. 1643 წელს მამამისი ომში დაიღუპა, რამაც ბარბარა და დედამისი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ბარბარას სილამაზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, მზითევის სიმცირის გამო კარგ საცოლედ არ ითვლებოდა. თხუთმეტი წლის ასაკში მას და ჩესტერფილდის ერლს ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა მათი ქორწინება ვერ შედგა ისევ უმზითვობის გამო.

1659 წლის 14 აპრილს, დედის სურვილის საწინააღმდეგოდ ბარბარა ცოლად გაჰყვა კასტლემაინის გრაფ როჯერ პალმერს და მისი გვარიც მიიღო. ამის შემდეგ იგი სამეფო კარზე მოხვდა, სადაც მალევე მოექცა ქალების მოყვარული მეფის, ჩარლზ II-ის ყურადღების ეპიცენტრში. 1660 წლიდან მათ რომანი გააჩაღეს და ბარბარა მას ნიდერლანდებშიც კი გაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მას და ბარბარას ექვსი უკანონო შვილი გაუჩნდათ, რომელთაგან ჩარლზმა ყველა თავისად აღიარა, ისინი არალეგიტიმურად იყვნენ ნაშობნი, რის გამოც ტახტის მემკვიდრე ვერცერთი მათგანი გახდა. ეს იმ დროს, როდესაც ჩარლზის მეუღლე, დედოფალი კატარინა ბრაგანსა უშვილობით იტანჯებოდა.

1662 წელს, მეფისგან ვაჟის გაჩენის შემდეგ ბარბარა ქმარს ოფიციალურად გაეყარა. მას იმედი ჰქონდა, რომ მეფეზე დაქორწინდებოდა და მეფის დედა გახდებოდა, თუმცა ამაოდ. ამ დროს ჩარლზი კატარინაზე ჯერ კიდევ არ იყო დაქორწინებული, მაგრამ მეფის დედამ, დედოფალმა ანრიეტა მარია ფრანგმა მათი შეუღლება არ დაუშვა. მიუხედავად ამისა, ჩარლზმა იგი თავისი ოფიციალურ სამეფო საყვარლად გამოაცხადა, კლეველანდის ჰერცოგინიობა უბოძა და პენსიაც გამოუყო.

ბარბარა პალმერი თავისი სილამაზის გამო არაერთი მხატვრისა თუ პოეტის მუზა გამხდარა, რის გამოც მისმა გარეგნულმა მშვენიერებამ ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

მიუხედავად ყველაფრისა, ბარბარას სამეფო კარზე და მაღალ წრეებში საშინელი ავტორიტეტი ჰქონდა. განსაკუთრებულად დაძაბული და არასახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა დედოფალ კატარინასთან, რომელიც 1662 წელს დაქორწინდა ჩარლზზე. კატარინას წინააღმდეგ ჩარლზ II-მ ბარბარა თავის „ნამდვილ ცოლად“ გამოაცხადა და ოფიციალურად დედოფალზე დიდი უფლებები და ძალაუფლება მიანიჭა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბარბარა თავად დედოფალზე უფრო მაღლა იდგა.

მისი ასეთი ძალაუფლება 1670 წლიდან შეირყა. ამ პერიოდიდან ჩარლზი უკვე სხვა, უფრო ლამაზი და ახალგაზრდა ქალებით დაინტერედა. ახალმა საყვარლებმა თანდათან დაჩრდილეს ბარბარა, რომელიც ასაკის მატებას ვერაფერს უხერხებდა. 1673 წელს ჩარლზმა მას დედოფალზე უფრო მაღალი პრივილეგიები ჩამოართვა და უბრალო საყვარლად აქცია, რომელთანაც სარეცელსაც კი აღარ იყოფდა. 1676 წელს ბარბარამ პროტესტის ნიშნად შვილებთან ერთად დატოვა ლონდონი და პარიზში გაემგზავრა. აქ, 1705 წელს იგი მეორედ დაქორწინდა გენერალ-მაიორ რობერტ ფილინგზე, რომელთან ერთადაც რამდენიმე თვეში დაბრუნდა ინგლისში და ლონდონის გარეუბანში დასახლდა. იგი სწორედ აქ, 1709 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, 68 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარასა და მეფე ჩარლზს სულ ექვსი საერთო შვილი ჰყავდათ:

  1. ანა (1661-1722), ცოლად გაჰყვა სასექსის ჰერცოგ თომას ლენარდს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
  2. ჩარლზი (1662-1730), საუთჰემპტონისა და კლივლენდის ჰერცოგი, ლიმერიკის ლორდი. პირველად იქორწინა მერი ვუდზე, რომლის დაღუპვის შემდეგაც მეორედ დაქორწინდა ანა პულტენზე, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
  3. ჰენრი (1663-1690), გრაფტონის ჰერცოგი და იუსტონის ერლი. ცოლად შეირთო არლინგტონის გრაფინია იზაბელა ბენეტი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
  4. შარლოტა (1664-1718), ცოლად გაჰყვა ლიჩფილდის ერლ ედუარდ ლის, რომელთანაც შეეძინა თვრამეტი შვილი;
  5. ჯორჯი (1665-1716), ნორთუმბერლანდის ჰერცოგი. პირველად იქორწინა ქეთრინ უელთლიზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად მერი დუტონი შეირთო, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  6. ბარბარა (1672-1737), რომანი ჰქონდა თავის ბიძაშვილთან, მალბოროს ჰერცოგ ჯონ ჩერჩილთან, რომელთანაც შეეძინა ერთი უკანონო ვაჟი. იგი არასოდეს გათხოვილა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Derek Parker: Nell Gwyn Sutton Publishing, London 2000, ISBN 0-7509-1992-2, Biografie in Englisch, ab Seite 60 ff. zum Teil sehr detaillierte Informationen über Barbara Villiers und ihr Leben
  • Antonia Fraser: Charles II Phoenix mass market, Dezember 2004, ISBN 0-7538-1403-X
  • Allen Andrews: The Royal Whore, Barbara Villiers, Countess Castlemaine, Hutchinson, London 1971, ISBN 0-09-107040-6
  • Eleanor Herman: Liebe im Schatten der Krone. Die Geschichte der königlichen Mätressen, Fischer, Frankfurt/M. 2004, ISBN 3-596-15987-3