ბალაგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბალაგანი (სპარს. ბალახანე „ზედა ოთახი, აივანი“) — სათეატრო, საცირკო, საესტრადო წარმოდგენებისათვის განკუთვნილი დროებითი ნაგებობა. რუსეთში ბალაგანი ცნობილია XVIII საუკუნიდან. თავდაპირველად წარმოდგენები იმართებოდა ბაზრობებზე, სავაჭრო სათავსებში, შემდეგ საგანგებოდ აგებდნენ ხის სათეატრო შენობას, რომელიც ბრეზენტით ან ჯვალოთი იყო გადახურული. ბალაგანს წინ უკეთებდნენ აივანს (რაუსს), საიდანაც მსახიობები ხალხს თეატრისაკენ უხმობდნენ. ბალაგანში დგამდნენ არლეკინიადას, ფარსებს, კლასიკოსთა ძლიერ შემოკლებულ ნაწარმოებებს, გამოდიოდნენ მეფოკუსეები, მუშაითები, ტანმოვარჯიშეები, თოჯინების ხალხური თეატრის მსახიობები „პეტრუშკებითა“ და მარიონეტებით და სხვები. ბალაგანმა რუსეთში XX საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება.

საქართველოში რუსეთის მეფის მოხელეები ცდილობდნენ ეროვნული ხალხური სანახაობებისათვის დაეპირისპირებინათ ბალაგანი, XIX საუკუნის 40-იან წლებში თბილისში რამდენიმე ბალაგანური თეატრი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]