ბალაანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სასაფლაოზე მდებარე ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის თავზე კიდევ ერთი სარკმელია. საკურთხევლის ცენტრში და ჩრდილოეთით ტრაპეზის ქვა დგას. სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეა და კანკელის შემორჩენილი ფრაგმენტებია. იატაკზე დაგებულია დიდი ზომის ფიქალი. ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს გვიანდელი კარიბჭე - სამრეკლო. კარიბჭე ფლეთილი ქვით ნაგები სამრეკლო ღია ფანჩატურს წარმოადგენს. იგი მთლიანად ნაგებია შირიმის ქვით. ეკლესიის საბურავად გამოყენებულია ფიქალი. ძეგლს გარშემო მშრალი წყობის გალავანი შემოუყვება. შესასვლელი სამხრეთიდანაა დატანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 27