ბათუმის ბოტანიკური ბაღი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძელქვა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
Wachingtonia filifera-ები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკური ბაღი — ბოტანიკური ბაღი ბათუმში, მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზე, გაშენებულია 111 ჰა ფართობზე.

ჩაქვის მახლობლად, [[ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო გეოგრაფი, ბოტანიკოსი და მოგზაური პავლე ტატარინოვი. მან 1892 წელს 10 ჰექტარ ფართობზე შექმნა ე. წ. საკლიმატიზაციო ბაღი, რომელიც ახლა ბოტანიკური ბაღის „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი. ბოტანიკური ბაღის დააარსა ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი კრასნოვმა. მან 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაუდო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს.

ბოტანიკურ ბაღს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა, ყომრალი და ალუვიური. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბაღში კარგად ხარობს უნიკალური მცენარეები: პოდოკარპუსი ტოტარა, ანდერსონის ვერონიკა, სამხრეთ კორდილინე, ჰიმალაური შქერი, ნეპალის მარადმწვანე მურყანი, მარადმწვანე მუხები, იაპონური კამელიის 80-ზე მეტი ჯიში, პალმისები ნეკერჩხლის 20 ფორმა, მაგნოლიის 15 სახეობა და ფორმა. იელების მდიდარი კოლექცია, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკის მრავალი სამრეწველო ჯიში, მამონტის ხე, მარადმწვანე სექვოია, მეტასექვოია, სწრაფმზარდი ფოთოლმცვივანი მუხები, მექსიკური ფიჭვები, ჩრდილოეთ ამერიკული და მექსიკური ტაქსოდიუმი, მრავალი სახეობის კაქტუსი, სამხრეთ ამერიკის მანიჰოტი და სხვა. აქვეა კავკასიური კერძოდ კოლხეთის მესამეული პერიოდის რელიქტები: უნგერნის შქერი, პონტოური შქერი, ხეწყავი, წყავმაზა, პონტოური მუხა და სხვა. კარგად არის დაცული უძველესი პერიოდის კოლხური ტიპის ტყე.

ბათუმის ბოტანიკური ბაღში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა მცენარეთა ინტროდუქცია-აკლიმატიზაციის, მეყვავილეობისა და დეკორატიული მებაღეობის, ბოტანიკის, სუბტროპიკული მცენარეთა სელექციის, მცენარეთა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური განყოფილებები. ბაღიდან გავრცელდა ევკალიპტი, ქაფურის ხე, ევკომია, ტუნგი, ფორთოხალი („ვაშინგტონ-ნაველი“), ფეიჰოა, აღმოსავლური ხურმა, ახალზელანდიური სელი.

დეკორატიულ მებაღობაში დაინერგა მრავალი მცენარე. 1972 წელს შესწავლილია დაყვავილებული და გამხმარი ბამბუკის პლანტაციის აღდგენის საკითხები, გამოყვანილია ფორთოხლისა და მანდარინის ჰიბრიდები. ტყის მეურნეობაში წარმატებით ინერგება სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეები: ჭობის მუხა, ნამგლისებრი მუხა, იაპონური ძელქვა, ხეტიტა, ამბრის ხე, იაპონური წაბლი, ვეიმუტის ფიჭვი და სხვა. ტექნიკური კულტურებიდან ინერგება ევგენოლის კამელია და იაპონური დარიჩინი. გაცვლის წესით სუბტროპიკულ მცენარეთა თესლები, კალმები და ბოლქვ-გორგლები ეგზავნება უცხოეთის სხვადასხვა ბოტანიკურ დაწესებულებას, გამომცდელ მოყვარულებს. ბაღს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და 48000 ფურცელზე მეტი ჰერბარიუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: