ახატლის ციხე-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახატლის ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ახატლის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას, მინდორში. ნაგებობა განეკუთვნება XVII საუკუნის II ნახევარს.

შენობა გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია (13,3x8,7 მეტრი, კედლების სისქე 1,1 მეტრი), რომელსაც გარედან ოთხივე კუთხე მომრგვალებული აქვს. ნაგებია რიყის ქვის ჰორიზონტალური რიგებით კირის სქელ დუღაბზე. შემორჩენილია პირველი სართულის ოთხივე კედელი, სხავადასხვა სიმაღლეზე და მეორე სართულის კედლის მცირე ნაწილი. პირველ სართულზე, ერთმანეთისგან განივი კედლით გამიჯნული, სხვადასხვა ფართობის, ორი, სწორკუთხა სადგომი, რომლებიც გამყოფ კედელში მოწყობილი, ნახევარწრიული თაღით დასრულებულიგასავლელით უკავშირდება ერთმანეთს. აღმოსავლეთით მდებარეობს სადგომი (დაახლოებითი ფართობი 20 კვ.მ), რიყის ქვიტ ნაწყობი კამარითაა გადახურული და, მეორე სადგომთან შედარებით, თითქმის ორჯერ უფრო მცირე ფართობისაა. დასავლეთით მდებარე სადგომს კი, ხის კოჭებზე დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონდა.

შესასვლელი დასავლეთ ნაწილში მდებარე სადგომის დასავლეთ კედელში იყო გაჭრილი. დიდი სადგომის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ოთხ-ოთხი თაღოვანი ნიშაა, რომლებშიც თითო სათოფურია მოწყობილი. ნიშებს ზემოთ, ორივე კედელში, ორ-ორი სწორკუთხა, მკვეთრად დახრილიძირის მქონე სარკმელია. ორი, თაღოვანი ნიშაა სადგომების გამმიჯნავი სამხრეთ ნახევარში. ორივე ნიშის სიმეტრიულად, მცირე სადგომის მხრიდან, მოწყობილია იგივე ფორმის და ზომის ნიშა, მათ შორის მოქცეულ კედელში კი ვიწრო ხვრელია, რომელიც როგორც ჩანს, სათოფურებად გამოიყენებოდა. ამ ნიშების გარდა, მცირე სადგომის კედლებში კიდევ ოთხი ნიშაა. მათგან ორი, რომლებიც თითო სათოფურითაა აღჭურვილი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ორი კი საკმაოდ მცირე ზომისაა და მდებარეობს აღმოსავლეთ კედლის კიდეებთან, ხოლო ერთი დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ბოლოში, ამ უკანასკნელში გაჭრილია მოზრდილი ღიობი, რომელიც დიდ სადგომში გადის. სადგომი განათებული იყო ორი განიერი, თარაზულად გადახურული სარკმლით, რომლებიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაშია განთავსებული.

ნაგებობის მეორე სართულიც ორი სადგომისგან შედგება. ამ სართულიდან შემორჩენილია მხოლოდ სადგომის გამმიჯნავი კედლის მცირე ნაწილი. ძეგლი გამაგრებული საცხოვრებლის საინტერესო ნიმუშია. შენობის კორპუსშიც, როგორც ჩანს, გაერთიანებული იყო ორი ნაწილი, რომლებშიც განთავსებული იყო საბრძოლო ელემენტებით აღჭურვილი საცხოვრებელი და სამეურნეო ფუნქციის სადგომები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]