აღულური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აღულური ენაკავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკაში, მდინარე ჩირახჩაის სათავეში, აღულისა (21 სოფელი) და ქურახის (5 სოფელი) რაიონებში. აღულურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 28 300 კაცი (2002).[1] აღულურ ენაზში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: საკუთრივ აღულური, ქერენული, ბურკიხანული, ყოშანური და ფიტას თქმა. ახლო მონათესავე ენათაგან აღულური ენა ყველაზე მეტ სიახლოვეს ავლენს თაბასარანულთან.

აღულური ენის ხმოვანთა სისტემაში წარმოდგენილია ოთხი მარტივი ხმოვანი ა, ე, ი, უ და პალატალიზებული შუა რიგირს მაღალი აწეულობის უ. თანხმოვანთა სისტემა რთულია: წარმოდგენილია ხშულთა ოთხეულებრივი და სპირანტების სამეულებრივი სისტემები. ორი სოფლის (ბურშალისა და არსუღის) მეტყველებაში შემონახულია დენტოლაბიალიზებული თანხმოვნები. დაკარგვის გზაზეა მჟღერი აფრიკატები (უკვე დაკარგულია ძ).

თანამედროვე აღულურ ენაში გრამატიკული კლასის სისტემა აღარ არის; გაქვავებული კლასნიშნების მიხედვით აღდგება ოდინდელი ოთხკლასიანი სისტემა. არსებითი სახელი იბრუნვის „ორი ფუძის“ პრინციპით: სახელობითი ბრუნვის ფორმა საფუძვლად უდევს ერგატივს, ერგატივის ფორმაზე კი იგება ირიბ ბრუნვათა ფორმები. აღულურ ენაში 28 ბრუნვაა: ოთხი ძირითადი და სამ-სამბრუნვიანი 8 სერია. ზმნა შედარებით ღარიბია მორფოლოგიური კატეგორიებით. კლასოვანი უღვლილება არ განვითარებულა. დროთა წარმოება ანალიზურია. თვლის სისტემა ათობითია, ზოგ თქმაში — ოცობითი. სინტაქსი მარტივია; მსაზღვრელ-საზღვრულს შორის შეთანხმება არაალ ზმნა მართავს სახელს: რეალური სუბიექტი გარდაუვალ ზმნასთან სახელობით ბრუნვაშია, გარდამავალთან — ერგატივში. არაა განვითარებული ჰიპოტაქსი.

აღულური ენის ლექსიკაში დაცულია საერთოლეზგიური ძირი. მრავლადაა ნასესხები სიტყვები არაბული, სპარსული, თურქული ენებიდან. თანამედროვე აღულური ენის ლექსიკაში ინტენსიურად მკვიდრდება რუსული ენიდან შეთვისებული სიტყვები.

აღულური ენა უმწერლობო ენაა. სატომთაშორისო ენად აღულები იყენებენ ლეზგიურს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაჰომეტოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 63, თბ., 1977 წელი.
  • А. Магметов, „Агульский язык“, Тб., 1970

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]