აფხაზეთის კომუნისტური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის კომუნისტური პარტია (აფხ. Аҧсны Акомунисттә Апартиа) — პოლიტიკური პარტია სეპარატისტულ აფხაზეთში. დაარსდა 1921 წლის მარტში, საბჭოთა პერიოდში გაუქმდა – მოქმედებდა საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის პარტიული ორგანიზაცია, აღდგა 1994 წელს. პარტიის თავმჯდომარეა ლევ შამბა, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი – ენვერ კაპბა. პარტიის წევრები გარდა მუშებისა და გლეხებისა არიან მინისტრები, სახელმწიფო კომპანიების თავმჯდომარეები, დეპუტატები.

პარტიას აქვს თავისი ბეჭდვითი ორგანო – გაზეთი „პრავდა აბხაზიი“. აფხაზეთის ყველა ქალაქსა და რაიონში ფუნქციონირებს საქალაქო და რაიონული კომიტეტები. აფხაზეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების კურსს. პარტიის ხელმძღვანელობას აქვს კონტაქტები რუსეთისა და დსთ-ის იდეოლოგიურად მონათესავე სტრუქტურებთან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხში პარტიის პოზიციისა და ხედვის გავრცელების მიზნით. პარტიის აზრით, აფხაზეთში რუსეთის როლის დასუსტების შემთხვევაში სულ უფრო მეტად გაიზრდება თურქეთის გავლენა. პარტიას ჰყავს 2000 წევრი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის ზაფხულში ეფრემ ეშბას თავმჯდომარეობით სოხუმში ჩამოყალიბდა ბოლშევიკური სამხედრო–რევოლუციური კომიტეტი, რომელშიც მის გარდა შედიოდნენ ნესტორ ლაკობა, ნიკოლოზ აკირტავა და სხვები. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოვიდა რუსეთის მე-11 არმია სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით და თბილისი დაიკავა. 4 მარტს კი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შემოსულმა რუსეთის მე-9 არმიამ სოხუმი დაიკავა. 6 მარტს კავკასიის დროებითმა რევკომმა შეწყვიტა არსებობა და ძალაუფლება გადასცა კავკასიის ბიუროს აფხაზეთის რევკომს, ეშბას მეთაურობით. ეშბას ჯგუფმა იმავე წლის მარტში დააარსა აფხაზეთის კომუნისტური პარტია, დამოუკიდებელი აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, ან რსფსრ–ის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნით. პარტიის ცკ–ის პირველი მდივანი გახდა ე. ეშბა.[2][3]

1921 წლის 26 მარტს აფხაზეთის რევკომის წევრები წერილს უგზავნიან საბჭოთა რუსეთის ბელადებს - ლენინს და სტალინს, ინტერესდებიან, იქნება თუ არა საბჭოთა აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა ან ადმინისტრაციული ერთეული. ისინი მოითხოვდნენ, აფხაზეთი გამოეცხადებინათ საბჭოთა რესპუბლიკად, რომელიც შევიდოდა რუსეთის ფედერაციაში. ამ წერილის შემდეგ სერგო ორჯონიკიძემ მითითება მიიღო მოსკოვიდან. ხოლო 28 მარტს გაიმართა ბათუმის შეხვედრა, სადაც ეს საკითხი ღიად დატოვეს აფხაზეთის პირველი საბჭოს მოწვევამდე. აფხაზეთის რევკომი ინარჩუნებდა გარკვეულ დამოუკიდებლობას საქართველოს რევკომისაგან.[2]

1921 წლის 31 მარტს აფხაზეთის რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. 21 მაისს კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ აღიარა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, თანაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და აფხაზეთს შორის საბოლოოდ გადაწყდებოდა პირველ სხდომაზე, როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მაზრიდან. ამის შესახებ ნესტორ ლაკობა წერს: „57 წლის შემდეგ მოხდა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენა, რომელიც 1864 წელს დაიკარგა. დამოუკიდებელი აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა 1921 წლის 31 მარტს (1810-1864 წლებში აფხაზეთის სამთავროს ავტონომიური სტატუსი ჰქონდა)“.[2]

1921 წლის 5 ივლისს კავბიურო იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და საქართველოს გაერთიანების შესახებ. აფხაზეთს მიენიჭა ავტონომია საქართველოს საზღვრებში. 1921 წლის 21 ოქტომბერს ეფრემ ეშბა კავბიუროს სთხოვს, მოაგვაროს საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობა. ხოლო 14 ნოემბერს ეშბა წინადადებას უგზავნის კავბიუროს კავკასიის ფედერაციის შექმნის შესახებ.[2]

საქართველოს 1922 წლის კონსტიტუციამ აფხაზეთი დააკანონა საქართველოს შემადგენლობაში. საბოლოოდ საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუციის მე-15 მუხლი აფხაზეთსა და აჭარას აცხადებდა ავტონომიურ რესპუბლიკებად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. 1926 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის მე-3 ყრილობამ მიიღო აფხაზეთის კონსტიტუცია, რომელიც 1927 წლის მარტში საბოლოოდ დამტკიცდა. 1935 წელს აფხაზეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, 1937 წელს - ისევ ახალი. ეფრემ ეშბა მოითხოვდა აფხაზეთის ავტონომიური უფლებების გაფართოებას, მაგრამ უშედეგოდ.[2] 1939 წელს, დიდი წმენდის დროს ეშბა დაპატიმრებულ და დახვრეტილ იქნა.[4]

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის პარტიული ორგანიზაცია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს აფხაზმა კომუნისტებმა მოითხოვეს აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს აფხაზეთის კომუნისტური პარტია აღდგა, როგორც დამოუკიდებელი პარტია. მხარს უჭერდა სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და დე–ფაქტო პრეზიდენტს, ვლადისლავ არძინბას. მჭიდროდ თანამშრომლობდა რესპუბლიკურ პარტიასთან – „აფსნი“.

1997 წელს ჩატარდა აფხაზეთის კომუნისტური პარტიის II ყრილობა, რომელზედაც ახალი წესდება და პროგრამა მიიღეს.

1999 წლის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტური პარტია და პარტია „აფსნი“ საერთო პლატფორმით გამოდიოდნენ. მათი თანამშრომლობა შემდგომშიც გრძელდებოდა. 2009 წლის 12 დეკემბრის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ, სარეგისტრაციო ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, საკუთარი კანდიდატის წამოყენება ვერ მოახერხა,[5] რის გამოც პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ წამოყენებულ სერგეი ბაგაფშის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.[6]

აფხაზეთის კომუნისტური პარტია მომხრეა აფხაზეთის დამოუკიდებლობის და შერეული ეკონომიკის. მხარს უჭერს ხელისუფლებას და მას მხოლოდ კონკრეტულ საკითხებში აკრიტიკებს. პარტიამ, რეგიონის სხვა კომუნისტებისგან განსხვავებით, დაგმო სტალინის მემკვიდრეობა.

საგარეო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის კომუნისტურ პარტიას მჭიდრო კონტაქტები აქვს რუსეთის კომუნისტურ წრეებთან. ის გაწევრიანებულია კომუნისტური პარტიების კავშირი – საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასთან (Союз коммунистических партий — Коммунистическая партия Советского Союза [1]), რომლის ლიდერიც იყო ოლეგ შენინი. საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიის XXXIV ყრილობის მიერ არჩეულ საბჭოში აფხაზეთის კომუნისტურ პარტიიდან შედიან ლევ შამბა, პაჩ ვარციცი და ალექსანდრე ტრუბიცინი, საკონტროლო–სარევიზიო კომისიაში – იური შამბა.[7]

ლიდერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვარაცხელია, ბ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის ორგანიზაცია სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარებისათვის ბრძოლის პერიოდში (1946-1950 წწ.), დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად / სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის სკკპ ისტ. კათედრა. - თბ., 1971;
  • გოგატიშვილი, დ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციის ბრძოლა სოციალისტურ მშენებლობაში ქალთა ჩაბმისათვის (1921-1941 წწ.), დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად / საქ. კპ ცკ არსებული პარტიის ინ-ტი-სკკპ ცკ არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალი. - სოხუმი, 1972;
  • საქართველოს კ.პ.(ბ) აფხაზეთის XVIII საოლქო პარტიული კონფერენცია / საბჭოთა აფხაზეთი. - სოხუმი, 1949;
  • Дзидзария Г. А. «Ефрем Эшба», Москва 1967.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]