ენვერ კაპბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენვერ ერასტის ძე კაპბა (აფხ. Енвер Ерасҭа-иԥа Қапба; დ. 20 ოქტომბერი, 1936, გაგრა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 2007) — აფხაზი სახელმწიფო მოხელე. სკკპ წევრი (1965). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1955 წელს დაამთავრა გაგრის რუსული საშუალო სკოლა. 1956-1962 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს ვ. ლენინის სახელობის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის ფაკულტეტზე. 1962 წლიდან იყო საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს №6 ტრესტის №2 სამშენებლო სამმართველოს ჯერ ოსტატი, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებელი, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსი. 1965 წლიდან ტრესტ „ბიჭვინთმშენის“ №5 სამშენებლო უბნის სარემონტო-სამშენებლო სამმართველო „კურორტმშენის“ უფროსი, 1967 წლიდან გაგრის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარეა. 1970 წლიდან კურორტ ბიჭვინთის პანსიონატების გაერთიანების დირექტორი, 1975 წლიდან იყო საქართელოს პროფსაბჭოს მდივანი. 1980-1986 წლებში საქართველოს კომპარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1986-1988 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების განყოფილების გამგე. 1988-1990 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოციალურ ეკონომიკური განყოფილების გამგე. 1990 წლის 6 ნოემბრიდან აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით დაინიშნა აფხაზეთის ასსრ მინსტრათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ[1].

1991 წლის 17 მარტს ხელმძღვანელობდა აფხაზეთში საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმს. 1991 წელს სათავეში ედგა აფხაზეთის რესპუბლიკის დროშის, გერბისა და ჰიმნის სახელმწიფო კომისიას. 1991-1992 წლებში აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1992-1996 წლებში აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს I მოწვევის დეპუტატი. აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის“ მოადგილედ. 1997 წლის ივნისიდან სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის ცენტრალური კომპარტიის პირველი მდივანი. 2000 წლიდან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამხედრო სანატორიუმი „გაგრის“ ხელმძღვანელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება, ქ. სოხუმი, 1990 წლის 6 ნოემბერი