შინაარსზე გადასვლა

ერთიანი აფხაზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთიანი აფხაზეთი (აფხ. Апсны акзаара) — თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია. თავმჯდომარე — სერგეი შამბა. პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. ყველაზე მაღალი არჩეული თანამდებობის პირი - პარტიის თავმჯდომარე. აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში 2019 წელს, „ერთიანი აფხაზეთი“ დარეგისტრირდა მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ არ წარადგინა კანდიდატი.

რესპუბლიკურ-პოლიტიკურ პარტიას „ერთიან აფხაზეთს“ კონკრეტული იდეოლოგია არ აქვს. თუმცა, აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორი არდა ინალ-იფა ერთ-ერთ ინტერვიუში „ერთიანი აფხაზეთს“ „ლიბერალურ საწყისებზე დაფუძნებულ პარტიას“ უწოდებს:

ვიკიციტატა
„პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, პარტია ეფუძნება, დემოკრატიულ და ლიბერალურ პრინციპებს. ფაქტობრივად, საბაზრო ეკონომიკისთვის, კერძო ინიციატივისთვის, პრივატიზაციის პროცესისთვის, უცხოური კაპიტალის შემოდინებისთვის, მე ვფიქრობ, რომ ისინი საკმარის მზადყოფნას გამოხატავენ. მეორეს მხრივ, ეს პარტია უფრო ზომიერია ნაციონალისტური ლოზუნგების თვალსაზრისით, რაც, ვფიქრობ, საკმარისად ხაზს უსვამს აფხაზეთის მრავალეთნიკური მოსახლეობისა და ყველა თემის ინტერესების გათვალისწინების სურვილს. პარტიას ზომიერი პოზიცია აქვს გალთან მიმართებითაც.“

აფხაზმა პოლიტოლოგმა ირაკლი ხინთბამ „ერთიან აფხაზეთს“ „ერთიანი რუსეთის“ მსგავსი ბუნდოვანი იდეოლოგიის გამტარებელი უწოდა“.

ვიკიციტატა
„ეს არის კლასიკური ყოვლისმომცველი პარტია, ოტო კირჰაიმერის ტერმინის გამოყენებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ორიენტირებულები არიან საზოგადოების ფართო ფენებზე, მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, სოციალურ-ეკონომიკური კუთვნილებისა, სტატუსისა და სხვა. რა თქმა უნდა, ძალზე ძნელია ჩვენი პარტიების კლასიკური პარტიულ -პოლიტიკური სპექტრით განსაზღვრა. თუ პარტიის პროგრამების საგარეო პოლიტიკურ ბლოკს ავიღებთ, ის არაფრით არ არის სხვებისგან განსხვავებული. რუსეთზე ორიენტაცია არის უნივერსალური ყველა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. უნივერსალურია პოლიტიკურ პარტიათა დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებითაც.“

აფხაზი პოლიტოლოგი რენატ ქარჩავაც მიიჩნევს, რომ „ერთიან აფხაზეთს“ იდეოლოგია არ გააჩნია. მისი თქმით, ეს პარტია თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული, ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმის არარსებობის გამო.

პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ არის ნახსენები პარტიის იდეოლოგიის შესახებ ცნობები. თუმცა, გაცხადებულია, რომ „ერთიანი აფხაზეთი“ თანამედროვე პოლიტიკური პარტიაა, რომლის მიზანია ძლიერი, სოციალურად ორიენტირებული, სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა.

რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთი“ შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ბაზაზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „ერთიანი აფხაზეთის“ შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს დამფუძნებელთა ყრილობაზე 2003 წლის მარტში. საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოძრაობის შემადგენლობაში შევიდნენ აფხაზეთში ცნობილ საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც არიან: სერგეი ბაღაფში, ნოდარ ხაშბა, საიდ თარხილი, ნუგზარ აშუბა და სხვა. მოძრაობა თავის რიგებში აფხაზეთის 15 ათასზე მეტ მოსახლეს აერთიანებს.

2004 წელს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „ერთიანი აფხაზეთის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მათ განსაზღვრეს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და შეადგინეს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის 2005 წლის არჩევნებზე საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი აფხაზეთი“ მხარს უჭერდა სერგეი ბაგაფშის კანდიდატურას. „ერთიანი აფხაზეთი“ შევიდა პოლიტიკური ბლოკის „წესრიგი - სამართლიანობა-კეთილდღეობა“ შემადგენლობაში სხვა მოძრაობებთან ერთად („ვოზროჟდენიე“, „ამცახარა“ და „აფხაზეთის დამოუკიდებელი პროფკავშირები“).

პარტიის მეორე ყრილობაზე, 2009 წლის თებერვალში სოხუმში, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დელეგატებმა ერთხმად გადაწყვიტეს სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის გარდაქმნა რესპუბლიკურ პოლიტიკურ პარტიად „ერთიანი აფხაზეთი“. ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გათვალისწინებით, დამტკიცდა ახალი პროგრამა, ჩამოყალიბდა პარტიის მხარდამჭერთა ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს და კულტურულ მოღვაწეებს, სპორტსმენებს, სტუდენტებს, დე ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამართალდამცავ ორგანოებს. საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი აფხაზეთი“ კვლავ მხარს უჭერდა ს. ბაღაფშის კანდიდატურას აფხაზეთის მეთაურის პოსტზე, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა.

2013 წელს „ერთიანმა აფხაზეთმა“ პარტიის V ყრილობაზე მაშინდელ პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის კურსის მიმართ გამოხატა უკმაყოფილება. პარტიაც და მის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც ოპოზიციაში გადავიდნენ.

2014 წელს „ერთიანი აფხაზეთი“ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში კრიზისი დაიწყო. პარტიის აქტივისტებმა აღიარეს, რომ საზოგადოებაში ორგანიზაციის ავტორიტეტი შესუსტდა და VI პარტიის ყრილობაზე, პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა ორგანიზაციის საქმიანობის განახლება. შეიქმნა ახალი პოლიტიკური კურსი და გამოიკვეთა პარტიის მუშაობაში თვისებრივი ცვლილებების სტრატეგია. ამავე დროს, გამოცხადებული იყო სტრატეგიის ძირითადი მიზნები: აფხაზი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, კორუფციის აღმოფხვრა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტიანობა გაუმჯობესება, ინოვაციური ტიპის ეკონომიკის შექმნა და სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება.

სტრატეგიის შექმნისა და ახალი პოლიტიკური კურსის გამოცხადების შემდეგ პარტიაში რიგი ცვლილები განხორციელდა. კერძოდ, 2016 წლის 27 იანვარს „ერთიანი აფხაზეთის“ VI ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ სერგეი შამბა აირჩიეს.

2016 წლის მონაცემებით პარტიას 11 586 წევრი ჰყავდა. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე არის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა.

პარტიის აღმასრულებელი კომიტეტი:

  • დათო ქაჯაია — რესპუბლიკური პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარის მოადგილე
  • რობერტ ალანი — რესპუბლიკური პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარის მოადგილე
  • ვლადიმერ ვასილიევი — „ერთიანი აფხაზეთის“ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე
  • ირინა დოჩია — რესპუბლიკური პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ პოლიტიკური საბჭოს მდივანი
  • თემურ ვერუშკინი — „ერთიანი აფხაზეთის“ ცენტრალური აუდიტორული კომისიის თავმჯდომარე

პარტიის ცენტრალური მმართველი ორგანოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • რესპუბლიკური პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ ყრილობა — პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანოა;
  • პოლიტიკური საბჭო — პარტიის კოლეგიური მმართველი ორგანოა, რომელიც პარტიის ყრილობების შორის პერიოდში ორგანიზაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ახორციელებს;
  • პრეზიდიუმი — პარტიის კოლეგიური მუდმივად მოქმედი აღმასრულებელი არჩევითი ორგანოა;
  • უმაღლესი თანამდებობის არჩევითი პირი „ერთიანი აფხაზეთი“-ს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა. პარტიის თავმჯდომარე ირჩევა ყრილობაზე ხუთი წლის ვადით. პარტიის არჩეული თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარის მოადგილეები. ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის საწესდებო ნორმებთან შესაბამისობას ახორციელებს ცენტრალური სარევიზიო კომისია.

პარტიის რეგისტრირებული ქარტია და პროგრამა ხელმისაწვდომია „ერთიანი აფხაზეთის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პარტიის პროგრამა მიიღეს 2009 წლის 30 აპრილს სოხუმში რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ყრილობაზე. ასევე ოფიციალურ ვებგვერდზე არის „ერთიანი აფხაზეთი“-ს პარტიის პოლიტიკური განცხადება, სადაც რუსეთის ფედერაციისადმი მადლიერება თავიდანვე არის ნახსენები:

ვიკიციტატა
„აფხაზი ხალხის ისტორიაში ახალი ათვლა დაიწყო 2008 წლის 26 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ერთიანი აფხაზეთი განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავს რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის როლს, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის, პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების საბჭოს დეპუტატების, აფხაზური სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბების და შემდგომ განვითარებაში. რუსეთის ფედერაციის როლი აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მსოფლიო ცივილიზაციაში ინტეგრაციის გზაზე დიდია. რუსეთი არის გარანტი მღელვარე XXI საუკუნეში აფხაზი ხალხის გადარჩენისა და კეთილდღეობის.“

პარტია ემხრობა ხელისუფლების მხრიდან აფხაზური ენის შესწავლის პროგრამების მხარდაჭერის გაძლიერებას. პრიორიტეტულ პროექტებად მიიჩნევა ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. ასევე, ერთიან აფხაზეთს წარმოდგენილი აქვს დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის სტრატეგია. პარტიას მიაჩნია, რომ აუცილებელია დემოგრაფიული პროგრამის შემუშავება მთავრობის დონეზე. მთავარი მიზანია პირობების შექმნა მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდისთვის.

გარდა ამისა, პარტიის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს „სახელმწიფო მანქანის“ პროფესიულ მართვას, წესრიგისა და კანონიერების დამკვიდრებას და უარის თმას პოპულიზმსა და ცარიელ დაპირებებზე.

ასევე, პარტია მხარს უჭერს „მიზანმიმართული სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის“ ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების სხვადასხვა ფორმის მეურნეობის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის სამართლებრივი და ეკონომიკური პირობების შექმნას.

პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ერთიანი აფხაზეთი“ ეროვნული საბაზრო ეკონომიკის მხარდამჭერია და მხარს უჭერს ეფექტიან საინვესტიციო, საგადასახადო, საკრედიტო და საბაჟო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს „შიდა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლობის“ განვითარების სტიმულირებას. პარტიის დაპირებები ასევე მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილის გადამისამართებას წარმოების განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

სოციალურ პოლიტიკაში „ერთიანი აფხაზეთი“ პროფკავშირებს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს და მათ „ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებისა და გაზრდის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, ხალხისთვის ღირსეული სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შემქმნელ აქტორს“ უწოდებს.

პარტია მხარს უჭერს აფხაზთა „ზნეობრივი კოდექსით“ განსაზღვრული აფხაზური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას; ისეთი ინსტიტუტების როლის განმტკიცებას, როგორიცაა უხუცესთა საბჭო, მოგვარეთა კრება. პარტია მხარს უჭერს ეთნიკური აფხაზების ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის პროცესს, ამავდროულად დსთ-ს მოქალაქეების აფხაზეთში მიგრაციის კონტროლის გაძლიერებას მოითხოვს. 2016 წელს ერთიანი აფხაზეთი ითხოვდა, რომ დე ფაქტო რეგიონულ ხელისუფლებას აფხაზეთის პარლამენტში ეთნიკური რუსებისთვის სავალდებულო კვოტები დაეშვა.

პარტიის დროშა შედგება 7 ჰორიზონტალური თანაბარი ზომის ზოლებისგან — 4 მწვანე და 3 თეთრი. დროშის ცენტრში, თეთრ მოედანზე (ხუთი ჰორიზონტალური ზოლის სიგანეზე) გამოსახულია მოძრაობის ემბლემა — წითელი წრე თხელი მწვანე საზღვრით, რომლის ცენტრში არის თეთრი სტილიზებული მარჯვენა ხელი გამოსახული ზედაპირით მაყურებლისკენ, რომელიც გარშემორტყმულია 7 თეთრი ვარსკვლავებით. წრეს აკრავს მოძრაობის სახელს — შავი ასოებით დაწერილ სიტყვებს „ერთიანი აფხაზეთი“. პარტიის სახელწოდება შესრულებულია აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სახალხო კრება — აფხაზეთის მესამე მოწვევის პარლამენტი (2002-2007): აფხაზეთის პარლამენტის 35 დეპუტატიდან 13 „ერთიანი აფხაზეთის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის წევრი იყო, რომლებმაც 2003 წელს შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა“.
  • სახალხო კრება — მეოთხე მოწვევის აფხაზეთის პარლამენტი (2007-2012): სოციალურ-პოლიტიკურმა მოძრაობა „ერთიანმა აფხაზეთმა“ პარლამენტში სამი დეპუტატის შეყვანა შეძლო.
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ „ერთიანმა აფხაზეთმა“, პოლიტიკურ პარტიებთან „ამცახარასთან“ და „აიტაირასთან“ ერთად ჩამოაყალიბა საპარლამენტო უმრავლესობა და გახდა პრო-საპრეზიდენტო ბლოკის ნაწილი.
  • სახალხო კრება — მეხუთე მოწვევის აფხაზეთის პარლამენტი (2012-2017): რესპუბლიკურმა პარტიამ „ერთიანმა აფხაზეთმა“ სახალხო კრებაში სამი დეპუტატი შეიყვანა.
  • სახალხო კრება — მეექვსე მოწვევის აფხაზეთის პარლამენტი (2017-2022): რესპუბლიკურმა პარტიამ „ერთიანმა აფხაზეთმა“ ვერ შეძლო საკუთარი კანდიდატების, რომელთა შორის იყო პარტიის ლიდერის სერგეი შამბა, პარლამენტში შეყვანა და შესაბამისად მეექვსე მოწვევის აფხაზეთის პარლამენტში პარტია არ არის წარმოდგენილი.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ერთიანი აფხაზეთის“ კანდიდატები აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, პარტია ღიად გამოხატავდა გარკვეული კანდიდატების მხარდაჭერას.

  • საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2004 წელს (განმეორებითი კენჭისყრა 2005 წელს): სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანმა აფხაზეთმა“, ამცახარასთან და სხვა პარტიებთან ერთად, მხარი დაუჭირა სერგეი ბაგაფშის კანდიდატურას.
  • საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2009 წელს: „ერთიანი აფხაზეთი“ კვლავ მხარს უჭერს სერგეი ბაგაფშის კანდიდატურას. სერგები ბაგაფშმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი აფხაზეთის“ სახელით მიიღო მონაწილეობა.
  • საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2011 წელს: „ერთიანი აფხაზეთი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად სერგეი შამბა წარადგინა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შამბამ 22 456 ხმა (21.02%) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. აღნიშნულ არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა, თუმცა სერგეი შამბამ ხმების რაოდენობით რაულ ხაჯიმბაზე გაუსწრო.

ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს „ერთიანმა აფხაზეთმა“ სოხუმის საკრებულოში ოთხი დეპუტატის შეყვანა შეძლო. „ერთიანი აფხაზეთის“ კიდევ ერთი წევრი 2016 წლიდან სოხუმის რაიონული საკრებულოს წევრია.

  • „ჩვენ ვართ თანამედროვე პოლიტიკური პარტია. ჩვენი მიზანია — აფხაზეთში ავაშენოთ ძლიერი, სოციალურად ორიენტირებული, სამართლიანი სახელმწიფო.“
  • „ერთიანი აფხაზეთი: წესრიგი — სამართლიანობა — ძლიერი სახელმწიფო“

ურთიერთობა სხვა პარტიებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ერთიანი აფხაზეთის“ ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგ სხვა პარტიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებია გამოქვეყნებული:

  • აფხაზეთის რესპუბლიკის კომუნისტური პარტია;
  • აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტი;
  • აფხაზეთის სახალხო პარტია;
  • ავღანეთის ვეტერანთა აფხაზეთის კავშირი;

2008 წლიდან ერთიანი აფხაზეთი თანამშრომლობს სხვა პარტიებთან და რუსეთის ფედერაციის ავტონომიური რესპუბლიკების სხვადასხვა პარტიულ ორგანიზაციებთან ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას. ასევე, გააფორმა მთელი რიგი შეთანხმებები რუსეთის მმართველ პოლიტიკურ პარტია „ერთიან რუსეთთან“, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარტია „ერთობასთან“ და არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]