არწივის ნისლეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არწივის ნისლეული. ფოტო: ESO
არწივის ნისლეულში მდებარე „შემოქმედების სვეტები“.
სვეტები უფრო გამჭვირვალეა ESO-ს ინფრაწითელი ხედვით

არწივის ნისლეული (კატალოგში როგორც მესიე 16, M16 ან NGC 6611, აგრეთვე ცნობილი როგორც ვარსკვლავთდედოფლის ნისლეული) — ახალგაზრდა ღია ვარსკვლავთგროვა გველის თანავარსკვლავედის მიმართულებით; 1745–46 წლებში აღმოაჩინა შვეიცარიელმა ასტრონომმა ჟან-ფილიპ დე შეზომ. როგორც „არწივი“, ისე „ვარსკვლავთდედოფალი“ აღნიშნავს ნისლეულის ცენტრში არსებული ბნელი სილუეტის შთამბეჭდაობას.[1][2] ეს არეალი განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იქ ე. წ. „შემოქმედების სვეტები“ გადაიღო. ნისლეული შეიცავს რამდენიმე აქტიურ ვარსკვლავთწარმომქმნელი გაზისა და მტვრის რეგიონს, რომელთა შორის ასევე შედის შემოქმედების სვეტები.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არწივის ნისლეული დიფუზიური ემისიონური ნისლეულისH II რეგიონის შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის მხრივ, კატალოგში შესულია როგორც IC 4703. ეს აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი დედამიწიდან 7000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნისლეულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან შეინიშნება გამომავალი გაზის სვეტი, რომელიც სიგრძეში 9,5 სინათლის წელი ან 90 ტრილიონი კილომეტრია.[3]

ნისლეულთან გაიგივებული გროვა დაახლოებით 8100 ვარსკვლავს შეიცავს, რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულნი არიან სვეტების ჩრდილო-დასავლეთით, მოლეკულური ღრუბლის ნაპრალში.[4] ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს (HD 168076) +8,24 ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე აქვს და ადვილად დასანახია კარგი ბინოკლით. ის ბინარული ვარსკვლავია, რომელიც O3.5V ტიპისა ვარსკვლავისა და O7.5V ტიპის კომპანიონისგან შედგება;[5] ამ ვარსკვლავს გააჩნია დაახლოებით 80 მზის მასა, სიკაშკაშე კი მზეზე 1 მილიონჯერ მეტი აქვს. ვარსკვლავთგროვის ასაკი დაახლოებით 1-2 მილიონი წელი უნდა იყოს.[6]

„შემოქმედების სვეტების“ რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს, ჯეფ ჰესტერისა და პოლ სკოუენის მიერ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებულმა ფოტოებმა გააუმჯობესა მეცნიერული გაგება ნისლეულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ფოტო განსაკუთრებით სახელგანთქმული გახდა და მას „შემოქმედების სვეტები“ უწოდეს; ფოტოზე ასახულია ვარსკვლავის წარმოქმნის ფართო რეგიონი. როგორც მიიჩნევა, ფოტოზე აღბეჭდილი პატარა მუქი არეალები პროტოვარსკვლავები უნდა იყოს. სვეტების ეს სტრუქტურა საკმაოდ ჰგავს უფრო დიდ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონს, კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე სულის ნისლეულში, რომელიც 2005 წელს სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო; ეს რეგიონიც გამორჩეულია ვარსკვლავთწარმომქმნელი სვეტების არსებობით. ეს სვეტები, რომლებიც სტალაგმიტებს წააგავს, შედგება ვარსკვლავთშორისი წყალბადის გაზისა და მტვრისგან, რომელიც ახალი ვარსკვლავებისთვის ინკუბატორივით მუშაობს. როგორც სვეტების შიგნით, ისე ზედაპირზე, ასტრონომებმა აღმოაჩინეს შესქელებული გაზის უბნები, ანუ გლობულები. სწორედ ზოგიერთ ასეთ უბანში იბადება ვარსკვლავი.

სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის გადაღებული მასალა მოწმობს, რომ არწივის ნისლეულში არსებული სვეტები შესაძლოა უკვე დანგრეულია სუპერნოვას აფეთქებით. 2007 წელს სპიტცერმა ცხელი გაზი შენიშნა, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ არეალი დაანგრია სუპერნოვამ, რომელიც 8000-9000 წლის წინ აფეთქდა. ნისლეულის სიშორის გამო, სუპერნოვას შუქი დედამიწამდე 1000-2000 წლის წინ მოაღწევდა. სუპერნოვადან წამოსულ უფრო ნელა მოძრავ შოკურ ტალღას ნისლეულში გასავრცელებლად რამდენიმე ათასწლეული დასჭირდებოდა, რაც შემდეგ დახვეწილ სვეტებს ააფეთქებდა — მაგრამ შუქი, რომელიც ჩვენ ამ დანგრევის მოწმეებს გაგვხდის, დედამიწამდე შემდეგ ათასწლეულშიც ვერ მოაღწევს.[7]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Martin MacPhee. (8 July 2014) The awesome beauty of M16, the Eagle Nebula. წაკითხვის თარიღი: 25 September 2015
  2. Robert Burnham, Jr. (1978). Burnham's Celestial Handbook. Dover, გვ. 1786, 1788. ISBN 0-486-23673-0. 
  3. The Eagle has risen: Stellar spire in the Eagle Nebula - European Space Agency
  4. Kuhn, M. A. და სხვები. (2015). "The Spatial Structure of Young Stellar Clusters. II. Total Young Stellar Populations". Astrophysical Journal 802 (1): 60. arXiv:1501.05300. Bibcode 2015ApJ...802...60K. .
  5. The massive star binary fraction in young open clusters – II. NGC6611 (Eagle Nebula)
  6. NGC 6611: A cluster caught in the act
  7. Famous Space Pillars Feel the Heat of Star's Explosion – Jet Propulsion Laboratory