არჩილ ხანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩილ ხანთაძე
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1935(1935-07-22)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი ნოემბერი, 2009 (74 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი და ფიზიკოსი

არჩილ ხანთაძე (დ. 22 ივლისი, 1935, თბილისი — გ. ნოემბერი, 2009) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1960 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მაღალი ტემპერატურის ფიზიკის (პლაზმის ფიზიკის) განყოფილებაში. 1961 წელს სამუშაოდ გადავიდა გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც კვლევით მუშაობას იწყებს ჰიდროდინამიკასა და მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში, ატმოსფეროს მაღალი ფენების და დედამიწის ახლომდებარე კოსმოსის ფიზიკის განხრით. აქვე, 1972 წელს აირჩიეს ატმოსფეროს მაღალი ფენების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1974-1975 წლებში მუშაობდა გეომაგნეტიზმის განყოფილების გამგედ. 1975-1981 წლებში — იონოსფეროს ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორის განყოფილების გამგედ. 1984 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრის გამგედ. მან შექმნა ქართული სამეცნიერო სკოლა ატმოსფეროს მაღალი ფენებისა და მეტეოროლოგიის დარგში, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ. მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 200-ზე მეტი სტატია, მათ შორის, 66 იმფაქტფაქტორიან ჟურნალებში. იყო მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე, მჭიდრო კავშირები ჰქონდა დამყარებული მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებთან (აშშ, ისრაელი, იაპონია, რუსეთი და სხვა). მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შესრულებულია 9 საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო პროექტი. არის 8 გამოგონების ავტორი და თანაავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში დინამიკურად შესაძლებელი დინების ზოგიერთი საკითხები“, დაიცვა 1965 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „გამტარი ატმოსფეროს დინამიკის ზოგიერთი საკითხები“, დაიცვა 1971 წელს (მოსკოვი, დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტი).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2003 — ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ურეკი: უნიკალური კურორტი, თბილისი, 2018, გვ. 56
  • Некоторые вопросы динамики проводящей атмосферы, Тбилиси, Мецниереба, 1973, с. 279

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 302

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]