არიანელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არიანელობა, არიოზელობა — მიმდინარეობა, წარმოშობილი ქრისტიანულ ეკლესიაში IV-VI საუკუნეებში. საფუძველი ჩაუყარა 318 წელს ალექსანდრიელმა ხუცესმა არიოზმა. წინააღმდეგ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის დოგმისა, რომლის მიხედვითაც ძე ღმერთი (იესო ქრისტე) მამა ღმერთის ერთარსი და თანასწორია, არიანელობის თანახმად, ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად, იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად. ქრისტეში ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც, მაგრამ ჭარბობს ადამიანურობა. არიანელობამ დიდი განხეთქილება შეიტანა როგორც ქრისტიანულ წრეებში, ისე მაშინდელ ბიზანტიურ საზოგადოებაში; იგი მჭიდროდ იყო გადახლართული სოციალური მოძრაობისა და რომის (მოგვიანებით ბიზანტიის) ორბიტაში მოქცეული პროვინციების პოლიტიკურ ბრძოლასთან. 320 წელს ალექსანდრიის საეკლესიო კრებაზე არიანელობა დაგმეს, მაგრამ მას მხარი დაუჭირა აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ნაწილმა. კონსტანტინე დიდის მიერ მოწვეულმა ნიკეის საეკლესიო კრებამ 325 წელს არიანელობა მწვალებლობად გამოაცხადა და საეკლესიო დოგმად აღიარა ძე ღმერთის მამა ღმერთთან ერთარსებობა. გართულებულმა ვითარებამ კონსტანტინე აიძულა, შერიგებოდა არიანელობას. დაიწყეს არიანელების მოწინააღმდეგეების დევნა, განსაკუთრებით ათანასე ალექსანდრიელისა, რომელსაც მხარი დაუჭირა დასავლეთის ეკლესიამ. აღმოსავლეთის ეკლესიაში საიმპერატორო ხელისუფალთა მხარდაჭერით წარმოიშვა შემთანხმებლური, ნახევრად არიანული მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებდა ძე ღმერთის არა „ერთარსებობას“, არამედ „მსგავსარსებობას“. 381 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ საბოლოოდ დაგმო არიანელობა, ხოლო დასავლეთ ეკლესიაში მოძღვრებას წმინდა სამების შესახებ დაუმატეს დოგმატი სულიწმიდის წარმოშობისა არა მარტო მამა ღვთისაგან, არამედ ძე ღვთისგანაც. აღმოსავლეთის ეკლესიაში არიანელობის ნაშთები დიდხანს შემორჩა. იგი შემოინახეს აგრეთვე იმ გერმანელმა ტომებმა, რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს აღმოსავლეთიდან – გუთებმა, ვანდალებმა, ბურგუნდებმა და სხვ. ყველაზე დიდხანს არიანელობა შემორჩა ლანგობარდებში (VII საუკუნემდე). არიანელობის სახესხვაობაა XVII საუკუნეში პოლონეთში გავრცელებული სოცინიანობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]