არზრუმის საზავო ხელშეკრულება (1847)
არზრუმის (ერზრუმის) საზავო ხელშეკრულება – საზავო ხელშეკრულება ირანსა და ოსმალეთს შორის. დაიდო 1847 წლის 20 მაისს. მას წინ უსწრებდა გამუდმებული სასაზღვრო კონფლიქტები, მომლოცველთა დევნა და ვაჭართა შევიწროება ორივე სახელმწიფოს მხრივ. 1843 წელს ინგლისისა და რუსეთის მთავრობათა ინიციატივითა და მონაწილეობით საზღვრების დასაზუსტებლად შეიქმნა შერეული კომისია, რომელმაც მუშაობა დაამთავრა 1847 წელს. არზრუმის საზავო ხელშეკრულების ძალით მხარეებმა გაინაწილეს ზოჰაბის სანჯაყი (ქურთისტანი), ირანმა უარი თქვა ქ. სულეიმანიის შეერთების განზრახვაზე, ხოლო ოსმალეთმა ირანის სამფლობელოდ ცნო მდინარე შატ-ელ-არაბის შესართავთან მდებარე მოჰამერა; მას მიენიჭა აგრეთვე შატ-ელ-არბზე ნაოსნობის უფლება. არზრუმის საზავო ხელშეკრულებამ უცვლელად დატოვა 1823 წლის არზრუმის საზავო ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი. სადემარკაციო კომისიის შექმნის მიუხედავად, ირანსა და ოსმალეთს შორის ამის შემდეგაც დიდხანს გრძელდებოდა სასაზღვრო კონფლიქტები, რომლებსაც რუსეთი და ინგლისი თავიანთი გავლენის გასაძიერებლად იყენებდნენ. ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ (1918) ირან-ოსმალეთის სასაზღვრო კონფლიქტებს დაემატა უთანხმოება ერაყთანაც. საზღვრებისათვის დავა მოწესრიგდა ოსმალეთსა და ირანს შორის 1926 წლის, ხოლო ირანსა და ერაყს შორის 1937 წლის ხელშეკრულებებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 563.