არდაშენის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არდაშენის ეკლესია — ეკლესია თურქეთში. ასევე ცნობილი ,,ჯიბისტასი“-ს სახელით.

ტაძრის შიდა სივრცის სიგრძე — 14,30 მ-ია, ხოლო სიგანე — 8,00 მ. მისი კედლები დუღაბით შეკავშირებული რიყის ქვითაა ნაგები და მოპირკეთებულია ქვიშაქვის მოყვითალო ფილებით. კედლების სიგანე, საშუალოდ 50 სმ-ია. ნაგებობა აღმართულია სამსაფეხურიან სტერეობატზე. მისი ნაშთები შემორჩენილია სამხრეთაღმოსავლეთ აბსიდის ქვედა სტრუქტურაში. იგი საგანგებოდ დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებითაა ამოყვანილი. ტაძრის დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძი თითქმის აბსოლუტურია. ეკლესია აღმოსავლეთის მხრიდან სამი შვერილი აბსიდითაა აღჭურვილი. ცენტრალური აბსიდა საგრძნობლადაა წინ გამოზიდული და მრავალწახნაგაა.

ეკლესიის ჩრდილოეთით ორსართულიანი ,,ეკუდერი“ დასტურდება. ზედა სართულის იატაკის დონე თვით ეკლესიის დონეს უსწორდებოდა. მისი კედლის სიგრძე — 80სმ-ია და თაღოვან გადახურვას შეიცავს. მთლიანადაა გადათხრილი მძარცველების მიერ შიდა სივრცე . მას კარი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს, ცენტრალურ არეში მისი წირთხლები წინ გამოზიდულ პილონებსაც შეიცავს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აქ ქვის ფილა იყო ჩამჯდარი და კარის ღიობი იგმანებოდა. ღიობს არქიტრავული გადახურვა აქვს. განსხვავებული სამშენებლო ტექნიკითაა ნაგები თვით ,,კრიპტას“ კედლები , მოზრდილი, შუაზე გადატეხილი რიყის ქვების რეგულარული წყობით. მათ როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ ნაკერებში კირხსნარია გამოყენებული. სავარაუდოა, რომ ,,კრიპტაში“ აღწერილი კარის ღიობის გარდა, შესვლა მეორე სართულის დონიდანაც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. ახლა შეუძლებელია ამის დადგენა, რადგან მას რესტავრაცია ჩაუტარდა და მისი ზედა სტრუქტურა ცემენტის ხსნარით შეავსეს.

ნაგებობა თითქმის მთლიანადაა დაფარული ხეებით და ხვიარა მცენარეებით; ამდენად, ძეგლის დეტალებზე მსჯელობა ჭირს. ამას გარდა, მას დასავლეთის მხრიდან თანამედროვე სახლი უდგას ისე, რომ ტაძრის შიდა სივრცე ამ სახლის ეზოს წააგავს, ამიტომაც გაურკვეველი რჩება ეკლესია დასავლეთის მხრიდან შეიცავდა თუ არა ნართექსს. ტაძრის შიდა სივრცის აღქმას ართულებს ის, რომ იქ თითქმის სულ ტყეა, ათეულობით ხის დათვლა შეიძლება. კარის ღიობებს ეკლესია შეიცავდა როგორც დასავლეთის, ასევე სამხრეთის მხრიდან. ჩრდილოეთის კარით,,ეკვდერს“ ვუკავშირებთ. ორ-ორი სარკმელი დასტურდება როგორც სამხრეთის, ასევე ჩრდილოეთის მხრიდან. სარკმლის ქვედა დონეები ერთ ხაზზეა გასწორებული და ამასთანავე ისინი ერთმანეთს უსწორდება. ჩრდილოეთის მხრის სარკმლები მიუთითებს ნაწილობრივ მაინც იმას, რომ ,,ეკვდერი“ გვიანდელი დანამატია ეკლესიისა და არა თავდაპირველი. ამაზე ეკლესიის სამშენებლო წყობაც მიანიშნებს.

არ ჩანს, თუ შვერილი აბსიდები სარკმელთა რა რაოდენობას შეიცავდა, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ამ ტიპის ძეგლთა კანონიკურობიდან გამომდინარე, , რომ ცენტრალური აბსიდა სამი სარკმლით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, ხოლო გვერდითნი თითო-თითოთი. სამხრეთის კარი ახლა თაღოვანად გამოიყურება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კარის ღიობი თავიდან თაღოვან ცრუ ლუნეტს შეიცავდა და თუ ის თაღოვან ღიობს წარმოადგენდა, როგორც ახლა გამოიყურება, მაშინ ტაძარი მინაშენს სამხრეთის მხრიდანაც შეიცავდა. მისი კვალი ახლა არც გამოჩნდება, რადგან ტაძრის სამხრეთის მხარე უშუალოდ კედლიდანვე ჩაის პლანტაციას უკავია.

რისი დადგენაც შესაძლებელია ისაა, რომ ეკლესია ჯვარგუმბათოვან ნაგებობას განეკუთვნება გეგმარებითი სქემის მიხედვით . ამჟამად გუმბათის საყრდენის, ბურჯების ნაშთები არ იკითხება, რადგან იატაკის დონის დასადგენად აქ საკმაოდ მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების ჩატარებაა აუცილებელი. მიუხედავად ამისა, გადაჭრით შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ ბურჯებს ეკლესია ნამდვილად შეიცავდა. ამაზე ძეგლის მთელი სტრუქტურა მიუთითებს. მასზე ასევე მიგვანიშნებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებიდან გამოზიდული ნახევარ ბურჯები. ასეთი ბურჯები საბჯენ თაღთა დატვირთვებს თანაბარზომიერად ანაწილებს.

ეს ძეგლი ბიზანტიის იმპერიის პერიფერულ არქიტექტურულ სკოლას განეკუთვნება თავისი გეგმარებით, XI–XIV საუკუნეებში თანაბრად მოიცავს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რეგიონებს. იგივე სქემას ეფუძნება უმეტესად ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურაც მაგრამ თუ დასავლეთით გუმბათი უმეტესად ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გუმბათის ყელი თავისუფლად მდგომ, გეგმაში ჯვრული მოყვანილობის ბურჯებს ეფუძნება.

მსგავსი გეგმარებითი სქემების მქონე ჯვარგუმბათოვანი ტაძრები წინარე მონღოლურ რუსეთშიც ჯვრის ფორმის მქონე ბურჯებითაა აღჭურვილი. განსაკუთრებით ეს კიევის რუსეთის XI-XII საუკუნეების არქიტექტურაში შეინიშნება. ჯიბისთასისა და ჰასანდაღის ეკლესიები შესაძლოა ერთგვარ ცენტრალურ, გადამცემ პუნქტებსაც ქმნიდა იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ პროვინციებისათვის. ძეგლის თარიღებზე დაზუსტებით რაიმეს თქმა ძეგლის დეტალური ანალიზის გარეშე გაჭირდება, მაგრამ თუ მას აფხაზეთის ჯვარგუმბათოვან არქიტექტურულ ძეგლებს ზოგადად მაინც შევუჯერებთ, ალბათ შესაძლებელი იქნება მისი აგების დრო X-XI საუკუნეებით განვსაზღვროთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 52-55 ISBN 978-9941-0-6458-6.