არბაჩხანის საცხოვრებელი კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბაჩხანის საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ არბაჩხანის ცენტრალურ ნაწილში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. აგებულია კლდის ქვით. შედგება ციხე-სახლის, კოშკისა და სამეურნეო დანიშნულების ფარდულისაგან.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-სახლი სამსართულიანია. ხის კოჭებზე მოწყობილი სართულშუა გადახურვები და ბრტყელი მიწურბანიანი სახურავი ჩაქცეულია.

პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ოთხკუთხაა. ამავე მხარეს ერთი სარკმელი და ერთი სათოფურია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით ეს სართული კოშკის პირველ სართულს უკავშირდება. ამავე კედლში ერთი ნიშია. გადმოცემით, ციხე-სახლის პირველი სართული საქონლის სადგომი იყო. მეორე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი მიწიდან 3.15 მეტრ სიმაღლეზეა გაჭრილი. ამავე კედელში სამი სათოფური და ერთი სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით ეს სართული კოშკის მეორე სართულს უკავშირდება. სამხრეთ კედელში ექვსი სათოფური და ერთი სარკმელია, ხოლო აღმოსავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილებში - ორი ნიში და ერთი სათოფური. ეს სართული საცხოვრებელი იყო.

ციხე-სახლის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმული კოშკისგან მხოლოდ ორი სართულია შემორჩენილი. კედლებზე შემორჩენილი ბუდეების მიხედვით სართულშუა გადახურვები ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი. სახურავი მიწურბანიანი ყოფილა.

პირველი სართულის შესასვლელი დასავლეთ კედელში, მიწიდან 1 მეტრ სიმაღლეზეა. ამავე სართულზეა კოშკისა და ციხე-სახლის დამაკავშირებელი კარი. მეორე სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ამავე მხარეს ორი სათოფური. ჩრდილოეთ კედელში ერთი ნიში, სარკმელი და ორი სათოფური ხვრელია. დასავლეთ კედელში ერთი სათოფური, ხოლო ციხე-სახლის საზიარო კედელში - კარი.

ციხე-სახლის სამხრეთ კედელთან მიშენებული მიწურბანიანი ერთსართულიანი ფარდულისაგან მხოლოდ 2 მეტრი სიმაღლის კედლებია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]