ანტონი მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანტონი მესხიქართველი წმინდანი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 მარტი, ახალი სტილით - 29 მარტი.

წმინდა ანტონი მესხი, ღრმად განათლებული „მოღვაწე და მმართველობითა სრული“ წმინდა მამა დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები წმინდა ანტონის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ „მას „სახელ-სდვეს ქართველთა მზედ“ ბევრ რამეზე მეტყველებს.

იგი პიმენ სალოსთან ერთად მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ. ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულიც (ხს. 25 მარტს) აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა.

საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ წმინდა ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს“.

ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა“.

ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმინდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი - მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.