პიმენ სალოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პიმენ სალოსი (დ. 1216 — გ. 1294) — ქართველი წმინდანი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 მარტი, ახალი სტილით - 29 მარტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღიზარდა დავითგარეჯის მონასტერში. იგი ანტონ მესხთან ერთად მოღვაწეობდა. ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმინდა პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა“. მას ასევე გაუქრისტიანებია თუშნი და მთიელნი.

მის შესახებ ანტონ კათალიკოზი სწერდა: „პიმენ სალოსი, ქრისტესთვის განკრთომილი, გონებით ბრძენი, ზეცით მომღები სიბრძნისა, მეფეთა დიდი, მამხილებელი ნათან ბრწყინვალე კაცი, ნეტარ დიდი სახელი, ზემო წერილის ვასილისთანა მზრახველი“.

ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულიც აღერია უწესობაში. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა.

საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ წმინდა ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს“.

ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმინდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი — მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „სიტყვანი და ქადაგებანი“, ერთ წიგნად.
  2. „სარწმუნოების ნაყოფი“.
  3. „გრიგორი ღვთისმეტყველის წიგნი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 3
  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.