ამირანის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირანის გორა, თავშან-თაფაენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი ქ. ახალციხის მახლობლად, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირას.

გათხრები დაიწყო 1953 წელს (ხელმძღვანელი ტ. ჩუბინიშვილი). ამირანის გორის სამხრეთ კალთაზე აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ტერასურად განლაგებული ნასოფლარი. მადნის გამოსადნობი სახელოსნო, მსხვერპლის შესაწირავი მოედნები, სამაროვნები. საშენად გამოყენებულია კლდისა და რიყის ქვა, თიხის ხსნარი, ზოგჯერ ალიზი და ხის მასალა. ნაგებობანი გადახურულია ბანურად. ოთხკუთხა საცხოვრებელ ოთახების შუაში კერებია. გვხვდება სამეურნეო დანიშნულების მოგრძო ნაგებობაბი. სახლების იატაკქვეშ ან კედლებს შორის ჩვილ ბავშვთა სამარხებია. აღმოჩენილია სხვადასხვა დანიშნულების შავი, ნაცრისფერი და მოწითალო, ორნამენტიანი და სადა თიხის ჭურჭელი, კერის სადგარები, რომლებიც ასახიერებენ კერის გამანაყოფიერებელ მამრობითი სქესის ღვთაებას, ქვის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ბრინჯაოს ნამგალი, სპილენძის სადგისები, ისპირისპირი, სატევრისპირი, სამკაული.

ამირანის გორაზე ორი ტიპის სამარხია: ნალისებრი ან ოვალური საოჯახო სამარხი-აკლდამა და ქვყუთები, რომელთაგან ზოგიერთი შედგენილია ფილაქვებისაგან, უმეტესობის კედლები კი აკლდამის მსგავსად ქვებითაა ამოყვანილი. მიცვალებულები ასვენია თავით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, მოხრილი. ჩატანებული აქვთ თითო თიხის ჭურჭელი. ლითონის იარაღი და სამკაული მხოლოდ ზოგიერთი მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა.

ამირანის გორის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები. აქ ნაპოვნი ნივთები მიგვითითებს, რომ მიწათმოქმედების, მესაქონლეობისა და მეტალურგიის განვითარების კვალდაკვალ ყალიბდებოდა პატრიარქალური წყობილება.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ქვეშ ენეოლითური კულტურის (ძვ. წ. V-IV საუკუნეები) ნიშნებია. ამირანის გორის გათხრებმა ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის უძველესი კულტურათა ახლებური პერიოდიზაციის შემუშავებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩუბინიშვილი ტ., ამირანის გორა, თბ., 1963;
  • მისივე, К древней истории Южного Кавказа, т. 1, Тб., 1971;
  • ჩუბინიშვილი ტ., ქსე, ტ. 1, გვ. 397, თბ., 1975
  • ამირანის გორა, ძეგლის მეგობარი, №. 6, გვ. 10-15, თბ., 1966 წელი.