ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, XIX საუკუნის სტილიზებული გრავიურა

ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკაძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა. მდებარეობდა ალექსანდრიაში. დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში, პტოლემეების სამეფოს მეფის პტოლემე II-ის დროს. ბიბლიოთეკის დაარსებაში მონაწილეობდნენ პერიპატეტიკოსები დემეტრიუს ფალერელი და სავარაუდოდ სტრატონ ლამპსაკელიც. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბიბლიოთეკაში 400-დან 700 ათასამდე პაპირუსის გრაგნილი ინახებოდა. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი კი შედარებით მცირე ციფრს ასახელებს — 10-დან 50 ათასამდე გრაგნილი. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა აკადემია უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ წიგნსაცავი; აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებიც დაკავებული იყვნენ, როგორც კვლევითი სამუშაოებით, ისე მასწავლებლობით. ბიბლიოთეკაში ასევე არსებობდა წიგნის გადამწერთა შტატი.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პირველი მცველები იყვნენ ზენოდოტ ეფესელი (ძვ.წ 234 წლამდე), მის შემდეგ ერატოსთენე (ძვ.წ 236-დან 195-მდე), არისტოფანე ბიზანტიონელი (მიახლოებით ძვ.წ 185—180 წლები). ასევე მუშაობდნენ ელინიზმის ეპოქის სხვა გამოჩენილი მეცნიერებიც, მათ შორის ევკლიდე.

ძვ.წ 48-47 წლებში იულიუს კეისარი იბრძოდა ეგვიპტეში, კლეოპატრასა და მისი ძმის, პტოლემე XIII–ის შორის არსებულ დინასტიურ ომში. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კერძოდ ქალაქის აღების დროს, ხანძარი გაჩნდა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ნაწილი დაიწვა. მოგვიანებით ბიბლიოთეკის შენობა აღადგინეს და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მისი წიგნების საცავი მარკუს ანტონიუსმა შეავსო პერგამონის ბიბლიოთეკიდან გადატანილი წიგნებით.

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკა ალექსანდრინა

2002 წელს ალექსანდრიაში, ძველი ბიბლიოთეკის ადგილას, აშენდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა ალექსანდრინა (ახალი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა). ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველა მსურველს შეუძლია. ბიბლიოთეკის მშენებლობის შედეგად ეგვიპტეში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო სისტემა, მთავრობისგან დამოუკიდებელი საჯარო საგანმანათლებლო ორგანიზაცია.[1]

2011 წლის ეგვიპტის რევოლუციის დროს, ალექსანდრიის მცხოვრებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს ბიბლიოთეკას, რათა იგი მაროდიორთა შეტევისგან დაეცვათ.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Thomas Fagernes. (November 28, 2012) Snøhetta. Архитектурное бюро, Норвегия. Лекция Томаса Фагернеса, партнёра бюро и Senior Architect в Snøhetta. BLUEjeansWITHblueCORNFLOWERS.blogspot.com. ციტირების თარიღი: 2013-04-10.