ალექსანდრე განგებლოვი
ალექსანდრე განგებლოვი, განგებლიძე (დ. 13 იანვარი, 1801, ბოგდაროვკა, ეკატერინოსლავის გუბერნია — გ. 26 დეკემბერი, 1891) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, დეკაბრისტი, ქართველი გენერლის, ს. განგებლოვის შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ოდესაში რიშელიეს ლიცეუმში. 1813 წელს ჩარიცხეს პაჟთა კორპუსში. 1821 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური ლაიბგვარდიის იზმაილის პოლკში პრაპორჩიკის ჩინით. 1825 წელს გახდა „სამხრეთის საზოგადოების“ პეტერბურგის უჯრედის წევრი, მონაწილეობდა „ჩრდილოეთის საზოგადოების“ მუშაობაში. დეკაბრისტების აჯანყების ჩაქრობის ჩემდეგ დააპატიმრეს და ჯერ კრონშტადტის, შემდეგ კი პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს. მეფის განკარგულებით სასამართლოსათვის არ გადაუციათ. 1826 წლის 13 ოქტომბერს პატიმრობიდან გაათავისუფლეს და გადაიყვანეს ვლადიკავკაზის გარნიზონში. შემდეგ მსახურობდა ყაბარდოს ქვეით პოლკში, მე-8 პიონერულ ბატალიონში. მონაწილეობდა 1826-1828 წწ. რუსეთ-ირანის და 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში. თავი გამოიჩინა ერევნის იერიშის დროს (1827) და ქალაქის აღების შემდეგ დაინიშნა პლაც-მაიორად. მოხალისედ იბრძოდა ახალციხესთან (1828). ომის დასრულების შემდეგ მსახურობდა თბილისში. 1832 წელს სამსახურიდან გადადგა და ბოგოდაროვკაში საკუთარ მამულში დასახლდა. 1850 წლამდე შეზღუდული იყო წოდებრივ უფლებებში. 1860 წლის დასაწყისში მუშაობდა მომრიგებელ-შუამავლად. 1888 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „დეკაბრისტის მოგონებები“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 549.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 675-676.
- ქართველები უცხოეთში, წ. 1, გვ.55 თბილისი, 2012
- მეგრელიძე, შ. ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, გვ. 43 თბილისი, 1979
- ბარამია, ლ. „დეკაბრისტები საქართველოში“, თბილისი, 1955
- ბარამია, ლ. „დეკაბრისტი ა. განგებლოვი“, თბილისი, 1951