ალაჭნის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალაჭნის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალაჭანში, სოფლიდან 1 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, სამრეკლო და გალავანი.

ეკლესია დარბაზულია (6,3 x 3,5 მეტრი) დგას გალავნით შემოვლებული ეზოს შუა ნაწილში. ეკლესიას ორი გვიანდელი მინაშიენი აქვს: ერთი სამხრეთიდან, მეორე ჩრდილოეთიდან, რომელიც ეკლესიაზე რამდენამდე მოკლეა. მისი აღმოსავლეთ კედელი ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ხაზზე მდებარეობს, ჩრდილოეთისა კი გალავანზეა მიშენებული. ეკლესია და მინაშენები სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ეკლესიისა და სამხრეთ მინაშენის კამაროვანი გადახურვა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის სამხრეთ კედელი, ეკლესიის განივ კედლებს საფასადო წყობის დიდი ნაწილი ჩამოშლილი აქვს. მისგან ამჟამად წირთხლების ქვედა ნაწილებიღაა დარჩენილი. მეორე კარი, რომლითაც ეკლესია ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება, ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. იგი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. ეკლესიის აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა. აფსიდის ნახევარწრიული თაღი მთლიანად შირიმითაა ნაწყობი და შირიმის პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. შირიმით იყო ნაგები კამარაც, რომლისგანაც მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. კამარის საყრდენად დასავლეთ კედელში შირიმით ნაწყობი საბჯენი თაღია გამოყვანილი, იგი შირიმისავე კონსოლებზეა დაყრდნობილი.

გალავანი გეგმით კვადრატულია, რომელსაც ერთი კუთხე მომრგვალებული აქვს. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ამჟამად გალავნის კედლები 1,8-2,5 მეტრი სიმაღლეზეა შემორჩენილი. გალავნის სამხრეთ დასავლეთით კუთხეში გეგმით კვადრატული ორსართულიანი სამრეკვლოა. მისი ქვედა ნაწილი კარიბჭეა. სართულის ჩრდილო აღმოსავლეთით კუთხეში, კედლის სისქეში, პატარა, გეგმით კვადრატული სამალავია. გალავანი ისე დანგრეული ამჟამად რომ მისი დანიშნულების გარკვევა ვერ ხერხდება. კომპლესის აღმოსავლეთით დგას დაახლოებით 25 მეტრის მანძილზე, ნატეხი ქვით ნაგები, გეგმისთ სწორკუთხა კოშკი. იგი ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. შენორჩენილი კედლები შიგნით და გარედან ყრუა. შემორჩენილია მხოლოდ სართულშუა გადახურვის კოჭების საყრდენი ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]