აგნოსტიციზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგნოსტიციზმი (ლათინური ფორმა ძველბერძნული სიტყვისა ἀγνωστικισμός agnōstikismós, ἀ-γνoεῖν, a-gnoein „არა-ცოდნა, უცნობი, შეუცნობელი“; შეადარე გნოსისი და გნოსტიციზმი) — ფილოსოფიური მოძღვრება, განსაზღვრული შეხედულება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას. აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებასა და უარყოფას შემეცნების რიგ სფეროებში, განსაკუთრებით მეტაფიზიკასა და თეოლოგიაში.

აგნოსტიციზმის მიხედვით ყოველი მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს, ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ გნოსისს (ცოდნას). აგნოსტიციზმი ადამიანური ცოდნის პრინციპულ შეზღუდულობას იცავს, რაც არ გამორიცხავს ტრანსცედენტურის არსებობას. აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს, თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარ შესაძლებლობა უარყოფილია. შესაბამისად, კითხვაზე „არსებობს თუ არა ღმერთი“ აგნოსტიკოსი არც დადებითად პასუხობს და არც უარყოფითად. მისი პასუხი იქნება „არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე”. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ბერძენი სოფისტი პროტაგორა ასე განმარტავდა თავის აგნოსტიკურ შეხედულებას: „ღმერთებისა არაფერი მსმენია, არცა მათ არსებობაზე და არცრა მათ არარსებობაზე“.

საკითხის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნოსტიციზმი აღმოცენდა სკეპტიციზმის ფორმით ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში პირონი და კლასიკური გაფორმება ჰპოვა ჰიუმისა და კანტის ფილოსოფიაში. თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში აგნოსტიციზმის ნაირსახეობად ითვლება იეროგლიფების თეორია. ასევე ნეოპოზიტივიზმის, ეგზისტენციალიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებმა სცადეს დაესაბუთებინათ სამყაროსა და ადამიანის შემეცნების შეუძლებლობა. თვით ტერმინი ”აგნოსტიციზმი” ბუნებისმეტყველის,პროფესორ ტომას ჰენრი ჰაქსლის მიერ ”მეტაფიზიკური საზოგადოების” სხდომაზე 1876 წელს იქნა შემოღებული. მისივე განმარტებით, აგნოსტიკოსი არის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ღმერთთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე და დარწმუნებულია, რომ ნივთებისა და მოვლენების პირველსაწყისი უცნობია რამდენადაც ამის შემეცნება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით აგნოსტიკოსია ის, ვინც მიუღწევლად თვლის ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას ან უარყოფას. ტერმინი გამოიყენება ბერკლის, ჰამილტონის, სპენსერის, დავიდ იუმისა და სხვათა ფილოსოფიურ შეხედულებებთან მიმართებაში.

მყარი და მერყევი აგნოსტიციზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მტკიცებას, რომ ღმერთებისა და სხვა ზებუნებრივ ძალთა არსებობა პრინციპულად შეუმეცნებელია, სხვაგვარად მყარი(ძლიერი) აგნოსტიციზმი ეწოდება. მის საპირისპიროდ მერყევი(სუსტი) აგნოსტიციზმის მიხედვით ღმერთებისა და ზეციერთა არსებობა არის არა პრინციპულად შეუმეცნებელი, არამედ მხოლოდ ამ დროით მონაკვეთშია უცნობი. მაშინ, როცა მერყევი აგნოსტიკოსი ღმერთის არსებობის კითხვას პასუხობს ”მე ეს არ ვიცი”, მყარი აგნოსტიკოსი გადაჭრით პასუხობს: ”მე ამის ცოდნა არ შემიძლია, ამის ცოდნა არავის ხელეწიფება და ვერც ვერასდროს შევძლებთ ამას”.

აგნოსტიციზმი და თეიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნოსტიციზმი ახლოს დგას თეიზმთან, შესაბამისად იუდაიზმთან, ისლამთან, ქრისტიანობასთან და ინდუიზმთან, იმ თვალსაზრისით, რომ აგნოსტიციზმის მიხედვით, თუ დავუშვებდით ღმერთის არსებობას, მისი შემეცნების შესაძლებლობა მაინც დაუშვებელია. ყოველი გაუყალბებელი, არაფალსიფიცირებული მოძღვრება ღმერთის შესახებ არის არამეცნიერული(კარლ პოპერისა და ჰანს ალბერტის, ასევე პაულ ფეიერაბენდის თვალთახევით). მოძღვრება ღმერთზე, გამოცხადებასა და ღვთიურ სასწაულზე, აგნოსტიკოსის აზრით, მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს. შეუძლებელია ამ ცოდნის შემოწმება, დადასტურება ან აურყოფა.

თეიზმის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც უახლოვდება აგნოსტიციზმს, არის პანთეიზმი. მრავალი ფილოსოფოსი, მათ შორის შოპენჰაუერი, პანთეიზმს მოკრძალებულ აგნოსტიციზმად მიიჩნევდა.

აგნოსტიციზმი და ათეიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი სხვაობა აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ, რაციონალურ შემეცნების შესაძლებლობას, ხოლო ათეიზმი ღვთის ფაქტობრივ რწმენას უარყოფს. ამასთან აგნოსტიციზმი უმეტესად ფილოსოფიური თვალსაზრისია, მაშინ როცა ათეიზმი თეიზმის საპირწონედ გვევლინება. სხვაობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხშირად შეცდომით აგნოსტიციზმი ათეიზმის სინონიმად გამოიყენება. ზოგჯერ ისიც ითქმის, რომ აგნოსტიციზმი არ არის დამოუკუდებელი მსოფლმხედველობა, არამედ ოდენ ათეიზმის შემადგენელი პრინციპია. სხვანი იმასაც ამტკიცებენ, რომ ათეიზმი მხოლოდ როგორც აგნოსტიციზმის შედეგი იძენს აზრს. რომ ათეიზმი შედეგია აგნოსტიკური შეხედულებისა ღმერთის შემეცნების შეუძლებლობაზე. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ვითარების გააზრება — აგნოსტიციზმი შეიძლება უშვებდეს ღმერთის არსებობას, მაგრამ გამორიცხავდეს მისი შემეცნების შესაძლებლობას. ათეიზმი კი ღმერთის რწმენის არქონას ნიშნავს.

იგნოსტიციზმი და აპათიური აგნოსტიციზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგნოსტიციზმის (ინგლ. ignosticism, ასევე igtheism) მიხედვით კითხვა ღმერთის არსებობის შესახებ რადიკალურად უსაფუძვლოა, რადგან ღმერთი თავის თავში მრავალ კონცეფციას მოიცავს. იგნოსტიკოსი არც უარყოფს, არც აღიარებს ღმერთის არსებობას. იგი თვლის , რომ სიტყვა „ღმერთი“ სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც ერთაზროვან პასუხს კითხვაზე არსებობს (არსებობენ) თუ არაღმერთი (ღმეთები) იგი აზრს მოკლებულად მიიჩნევს. აგნოსტიკოსი ამბობს: „არ ვიცი, არსებობენ თუ არა ღმერთები“.იგნოსტიკოსი კი ამბობს: „რას გუისხმობთ ღმერთში“?

ცნება იგნოსტიციზმი პირველად გამოიყენა ჰუმანისტური იუდაიზმის საზოგადოების დამფუძნებემა, რაბინმა შერვინ ვინმა(1928–2007). ცხადია, ამ შეხედულების საფუძვლებიც ძველ ანტიკაშია საძიებელი.

აპათეიზმი (ინგლ. apatheism), ანუ აპათიური აგნოსტიციზმიც თავის მხრივ, არც ეწინააღმდეგება და არც აღიარებს უფლის არესებობას. აპათეიზმი არის ინდიფერენტული დამოკიდებულება ღვთაების (ღვთაებებისადმი), რადგანაც მისი (მათი) არსებობა ან არარსებობა არაფერს ცვლის. მისი პასუხი კითხვაზე არსებობს (არსებობენ) თუ არა ღმერთი (ღმერთები) ასეთი იქნება: „არ ვიცი, არსებობენ თუ არა ღმერთები და არც მაინტერესებს, რადგან ეს არაფერს ცვლის“.

აგნოსტიციზმი შემეცნების თეორიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნოსტიციზმი ასევე განიმარტება, როგორც შემდეგ მტკიცებაზე დამყარებული მოძღვრება: რამდენადაც შემეცნების მთელი პროცესი დაფუძნებულია გამოცდილებაზე, ხოლო გამოცდილება სუბიექტურია, ამდენად სუბიექტს არ შეუძლია საკვლევი ობიექტის შემეცნება, ”ნივთი თავისთავად” შეუმეცნებელი რჩება. აქედან გამომდინარე, მეცნიერების როლი გამოცდილების შემეცნებამდე და არა საგანთა და მოვლენატა არსის წვდომამდე დაიყვანება. ამ აზრით აგნოსტიკურია ყოველი ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტების შემეცნებას უარყოფს, მაგალითად, კანტიანელობა.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნოსტიციზმის საფუძვლიანი კრიტიკა მოცემულია ბუნებრივ თეოლოგიაში. ამ სწავლების მიხევით ღმერთის შემეცნება შესაძლებელია საღვთო გამოცხადებებთან მიბრუნების გარეშე, მხოლოდ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, უნარების გამოყენებით. გარდა ამისა, თომა აკვინელი თავისი ნაშრომის ”summa contra gentil” პირველი წიგნის მე-12 თავში აღნიშნავს,რომ მიუხედავად ღვთის შემეცნების შეუძლებლობისა, ადამიანს მაინც შეუძლია ღმერთის არსებობის მტკიცება. აკვინელის ეს მოსაზრება შემდეგში მრავალმა ფილოსოფოსმა გამოიყენა, მათ შორის ი.კანტმაც, რომელიც ამავე დროს იყო აგნოსტიკოსი. კრიტიკოსთათვის ბევრს არაფერს ამბობს, რომ ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, ამით საკითხი კი არ გადაიჭრება, არამედ ღმერთის შესახებ ახალი, პრინციპულად განსხვავებული ცოდნისკენ გვეხსნება გზა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]