აბისალური ნალექები
იერსახე
აბისალური ნალექები — თანამედროვე ოკეანეების ღრმა ნაწილის ნალექები. წარმოიქმნება დამჟანგავ გარემოში, უმთავრესად 3 კმ-ზე უფრო ღრმა ფსკერზე. შედგება ოკეანის ზედა ფენებში მცხოვრები ორგანიზმების ჩონჩხებისა და ნიჟარებისაგან, ზღვის დინებისა და ქარის მიერ მოტანილი უმცირესი მინერალური ნაწილაკებისა და კოსმოსური მტვრისაგან. აბისალურ ნალექებს შეადგენს ორგანული წარმოშობის კირქვიანი (გლობიგერიანებიანი, პტეროპოდებიანი) და კაჟიანი (დიატომეებიანი და რადიოლარებიანი) ლამები და ღრმა ზღვის წითელი თიხა. უჭირავს თანამედროვე ოკეანეების ფსკერის 90%. 100 წელიწადში საშუალოდ 0,5 მმ ილექება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 29.