აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 46)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში.

რუსთაველის ქუჩის შუა ნაწილში, სადაც აბასთუმნის განაშენიანება მხოლოდ ერთ მხარეს, მდინარე ოცხეს მარჯვენა სანაპიროს გზისპირსა და მიმდებარე ფერდზე იშლება, დიდ თავად მიხეილ ნიკოლოზის ძის მიერ აბასთუმანში რომანოვების ცხოვრების პერიოდში გამართული ისტორიული წყაროს გვერდით მდებარეობს თლილი ქვის ცოკოლზე მდგარი ხის კოტეჯი. ყოველი მხრიდან შუშაბანდებით გახსნილ კუბური მოცულობის ბელეტაჟს, ქუჩისკენ მიმართული მთავარი ფასადის შუაში, შეფიცრული ფრონტონით დასრულებული მკვეთრად შვერილი რიზალიტი აქვს. აივნების სისტემის თავდაპირველი სახის შეცვლას - ნაწილობრივ ამოშენების, შეფიცვრისა და შემინვის მიუხედავად, რიზალიტი, ფრონტონით აქცენტირებული გამოზიდული სტრუქტურით და ხის ელემენტების ინდივიდუალური მხატვრული დამუშავებით დომინირებს დანარჩენ ნაწილებზე. მხოლოდ ამ ნაწილშია შენობის ცოკოლი შეულესავი და ჩანს კარგად თლილი კვადრების სწორხაზოვანი წყობა, რომელსაც სართულშუა დონეზე, აივნის ძირში, პროფილირებული სარტყელი ასრულებს. რიზალიტზე განსაკუთრებით საყურადღებოა ხის ელემენტების მხატვრული დამუშავება. სამმალიანი აივნის სწორკუთხა სვეტების პროფილი სხვადასხვა დონეზე იცვლება და წახნაგების ჩაკვეთით პლასტიკურ ფორმებს იძენს, რომელსაც ზედაპირზე ამოზიდული სწორკუთხედი, თუ კუწუბები ამკობს. მოაჯირი აჟურულია; სვეტებისა და მოაჯირის მსგავსი გაფორმება შემორჩენილია მთავარ ფასადის მარჯვენა მხარეს. რიზალიტის შეფიცრულ ფრონტონს ირგვლივ კუწუბების მწკრივი აჩარჩოებს, ხოლო სიბრტყის შუა ნაწილში ორმხრივად დაკუწუბებული გადაჯვარედინებული ფიცრების გადაკვეთასთან მცირე ზომის, ამავე მოტივიან ჩარჩოშემოვლებული მრგვალი ღიობია დატანილი, ხოლო ფიცრების ზემო ნაპირიდან ჭვირული სამკუთხედებით დამუშავებული ჩამოშვებული ფიცრებია დაკრული. რაც შეეხება შუშაბანდების ჩარჩოებს, მათ დანაწევრებასა და პროპორციებში სხვაობა ჩანს, რაც აივნის თანდათან, დროთა განმავლობაში შემინვაზე მიუთითებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6268