აბასთუმნის დედათა მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის დედათა მონასტერი — მონასტერი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში. კურორტ აბასთუმნის ვიწრო ხეობის ზემო წელზე, მდინარე ოცხის ორსავ ნაპირზე.

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III რომანოვის ვაჟის, უფლისწულ გიორგის სასახლეთა კომპლექსის მშენებლობა 1890-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. რომანოვების სამეფო ოჯახის კომპლექსი ინგლისურ ყაიდზე გაშენებულ პარკში განთავსებულ სამ შენობას და რამდენიმე დამხმარე ნაგებობას შეიცავდა. გიორგისეულ სასახლედ იცნობს ამ ნაგებობას აბასთუმანიც. აქ ესვენა უფლისწულის ნეშთი 1899 წლის 28 ივნისს მისი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ. ბიბლიოგრაფიული წყაროებიც მეტ ცნობას სწორედ ამ ნაგებობაზე გვაწვდის. ეს სასახლეა ასახული XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისისა და პეტერბურგის არქივებში შემონახულ ფოტოებზეც.

ყოფილი სასახლის ერთსართულიანი ნაგებობა ორნაწილედად შეიძლება წარმოვადგინოთ. მთავარი ნაწილი გეგმით დატეხილ სწორკუთხედს შემოხაზავდა, რომლის შუაშიც კვადრატული მოყვანილობის შუა ოთახი — დარბაზი იყო მოთავსებული. დარბაზის ირგვლივ იყო განლაგებული საძილე და სხვა მოსასვენებელი სადგომები. ნაგებობის არამთავარი ნაწილი წაგრძელებული ფლიგელი იყო, რომელიც გრძივად მიუყვებოდა კლდოვანი მთის დაფერდებულ ნაწილს და იგი ჯერ კიდევ სანატორიუმ მესხეთის აქ ყყოფნისას განადგურდა.

სასახლის ტერიტორიაზე მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებებით გამოირჩევა ქვის აუზი და წყარო. წყარო სასახლის პარკის დასავლეთიდან მომზღუდავი შვეული კლდის ძირშია აშენებული. იგი საგანგებო მნიშვნელობის არის არქიტექტურული თვალსაზრისით. წყაროს პროექტი გიორგი რომანოვის დაკვეთით XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისში მოღვაწე ცნობილი არქიტექტორს ოტო იაკობ სიმონსონს შეუდგენია. აღწერილი წყარო XIX საუკუნის 90-იანი წლების მიწურულში, უფლისწულის დაღუპვამდე, 1898 წელს დაპროექტდა. სასახლის ბაღში მდებარე ქვის აუზი კი სასახლის აშენების თანადროულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ. 392-402