ჰომეოპათია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

”ჰომეოპათია” — ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც მიმართულია ორგანიზმის რეზერვების მობილიზაციისადმი. მისი ავტორია სამუელ ჰანემანი, გერმანელი ექიმი და ქიმიკოსი, ლეიპციგის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰომეოპათია იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებები უმცირესი დოზით და ”მსგავსების პრინციპით” (”მსგავსების პრინციპი” ნიშნავს მკურნალობა ”მსგავსისა მსგავსით”: იმ პათოგენეზს, რომელსაც პრეპარატი იწვევს დიდ დოზაში, მკურნალობს უმცირესი დოზით). ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს. იგი მართავს და აწესრიგებს ორგანიზმის ადაპტაციურ მექანიზმებს და ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგანკურნების მექანიზმს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ჰომეოპათია არ არის მარტო მკურნალობის მეთოდი, ის ახალი მიმართულებაა, მკურნალობის ახალი, სრულიად განსხვავებული სისტემაა მედიცინაში. იგი ადამიანის ორგანიზმს და მასში არსებულ პათოლოგიებს განიხილავს არა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, არამედ მთლიანობაში და ერთ ადამიანში არსებულ რამდენიმე პათოლოგიას ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს, აღწერს ზოგად პათოლოგიურ კანონებს და გვიხსნის, თუ რატომ უვითარდება ამა თუ იმ ადამიანს ესა თუ ის პათოლოგია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰომეოპათია უკვე 200 წელია იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, საქართველოში მედიცინის ეს დარგი მაინც სიახლედ ითვლება. ქართველ ექიმთა უმრავლესობა ჰომეოპათიას ან სკეპტიკურად უყურებს, ან ბოლომდე მაინც ვერ ენდობა. ამის მიზეზი კი არის ჰომეოპათიის შესახებ ზოგადი წარმოდგენა და საგნის არასაკმარისად ღრმა ცოდნა. ექიმებმა არ იციან ჰომეოპათიის შესაძლებლობანი და არა აქვთ ინფორმაცია მისი ფექტურობის შესახებ ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როდესაც თანამედროვე მედიცინა სრულიად უძლურია. ამიტომ ჰომეოპათია დღეს ნამდვილად იმსახურებს ექიმთა ნდობას. იგივეს ვერ ვიტყვით პაციენტთა განწყობაზე, ვინაიდან ჰომეოპათიურ კაბინეტში ავადმყოფთა მომართვის რაოდენობა დღითიდღე იზრდება და ახალი მეთოდის წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი კი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი საუკეთესო შედეგები. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი სტატიის მიზანია უფრო დეტალურად გავაცნოთ ექიმთა საზოგადოებას ჰომეოპათიის შესაძლებლობანი და მისი ძირითადი თეორიული პრინციპები.

ჰომეოპათიის ძირითადი პოსტულატი – “მსგავსების კანონია”. ჰომეოპათიური ფილოსოფიით სამყარო და ადამიანში მიმდინარე პროცესები აგებულია ანალოგიის პრინციპით და დაავადების განვითარება-უკუგანვითარება ორგანიზმში ამ პრინციპს ემორჩილება. მსგავსების პრინციპზე მიუთითებდა თანამედროვე ცნობილი ფიზიოლოგი, ჰანს სელიე, როდესაც აღნიშნავდა მსგავსი პროცესების მიმდინარეობაზე უჯრედში, ორგანიზმის და ადამიანთა საზოგადოების დონეზე: “ ...ორმოცწლიანმა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა დამარწმუნა, რომ უჯრედულ დონეზე დადგენილი თავდაცვის ძირითადი პრინციპები სავსებით ვარგისია ცალკეული ადამიანისთვისაც და ადამიანთა საზოგადოებისთვისაც კი.” ( 9, გვ.3).

“მსგავსების კანონის” აღმოჩენა უკავშირდება საინტერესო ისტორიულ ფაქტს: 1790 წელს გერმანელმა ექიმმა - სამუილ ჰანემანმა გადაწყვიტა თავის თავზე გამოეცადა ქინაქინას ტოქსიური მოქმედება კუწზე, რომლის შესახებ ცნობები მან ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ამოიკითხა. ამ მიზნით იგი ყოველდღიურად ქინაქინას სამკურნალო დოზას ღებულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან მოულოდნელი შედეგი მიიღო – სრულიად ჯანმრთელ ჰანემანს განუვითარდა მალარიის კლინიკური ნიშნები. ეს ნიშნები მაშინათვე გაქრა, როგორც კი ქინას მიღება შეწყვიტა. სწორედ მაშინ გამოითქვა აზრი, რომ წამალი ავადმყოფში მკურნალობს იმას, რასაც თავად იწვევს ჯანმრთელ ადამიანში. “მსგავსი იკურნება მსგავსით” – “SIMILIA SIMILIBUS CURANTUM” – დაასკვნა ჰანემანმა, ჩაატარა რა მსგავსი ექსპერიმენტები სხვა პრეპარატებზეც. აქედან გამომდინარეობს, რომ წამალს აქვს ორი ერთმანეთის საპირისპირო ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია დოზაზე – ზედოზირებისას წამალი იწვევს იმას, რასაც მცირე დოზით მკურნალობს ავადმყოფში. დიმედროლს სედატიური ეფექტი აქვს, მაგრამ მისი ზედმეტი დოზის მიღებისას პაციენტს აგზნება ეწყება; ყავა ჯანმრთელებში იწვევს აღგზნებას, ხოლო ჰომეოპათიური Coffea 30 ( ყავის უმცირესი დოზა) გამოიყენება სწორედ აღგზნების და უძილობის დროს; ალოეს წვენის სახით საფაღარათო თვისებები აქვს, მაგრამ ჰომეოპათიური ალოე (Aloae 30) სწორედ ფაღარათის სამკურნალოდ გამოიყენება.

იმისათვის რომ დადგენილიყო წამლის მოქმედების ეფექტის დამოკიდებულება დოზაზე, ჰანემანმა ძიება განაგრძო. მან დაიწყო გარკვევა, თუ რა მინიმალურ დოზაში წყვეტდა წამალი თავის თერაპიულ ეფექტს: ამისათვის იგი წამლებს აზავებდა 1:10 –ზე ზედიზედ რამდენიმეჯერ და თავის თავზე გამოცდით აკვირდებოდა, თუ რა კლინიკური სიმპტომები განუვითარდებოდა მას. (ერთხელ განზავებულ წამალს იგი პირობითათ D 1 – ით აღნიშნავდა, ამ ხსნარის კიდევ განზავებით D 2, D 3 და ა. შ.). წამლების უსასრულოდ განზავებით ჰანემანმა მეორე მოულოდნელი შედეგი მიიღო _ წამლის დოზის შემცირებით წამლის მოქმედება არამცთუ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა, ოღონდ საპირისპირო ეფექტით. ასეთ ექსპერიმენტში გაკეთდა მეორე უმნიშვნელოვანესი დასკვნა – მინიმალური სამკურნალო დოზა პრაქტიკულად არ არსებობს, დოზის უსასრულოდ შემცირებისას წამლის თერაპიული ეფექტი არამც თუ მცირდება, არამედ ნელ-ნელა იზრდება კიდეც, ოღონდ საპირისპირო ეფექტით. გარდა ამისა, ექსპერიმენტში განზავების (პოტენციის) გაზრდით ჩნდებოდა ახალ-ახალი საინტერესო კლინიკური ნიშნები და ეს ნიშნები უკვე განეკუთვნებოდა ფსიქიურ სფეროს. ე.ი. წამლის დაბალი განზავებები იწვევდნენ ჯანმრთელში ჩივილებს კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ, უფრო მაღალი განზავებები მოქმედებდნენ შინაგან ორგანოებზე, ხოლო ყველაზე დიდი განზავევბები კი – ფსიქოლოგიურ სფეროზე. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ ლოგიკური დასკვნა: ჰომეოპათიური პრეპარატით შეგვიძლია ვუმკურნალოთ იმ დაავადებას, რომლის სიმპტომებსაც ეს პრეპარატი იწვევს ჯანმრთელში - დაბალი განზავებებით ვმკურნალობთ კანის და ლორწოვანი გარსის პრობლემებს, საშუალო პოტენციით ორგანოებს, ხოლო მაღალი განზავებები ეფექტურია ფსიქოლოგიურ ჩივილებზე (შიშები, დეპრესია, აგზნება და სხვ). დაავადების და წამლის ორგანოებზე მოქმედების ასეთი იერარქია შეიმჩნევა ევოლუციურ კიბეზეც და იგი სრულიად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენას ორგანოების იერარქიულ წყობაზე – კანი ფილოგენეზურად ყველაზე ადრეული ევოლუციური წარმონაქმნია, ხოლო თავის ტვინის ქერქი კი, რომელთანაც აზროვნების პროცესებია დაკავშირებული, ევოლუციერად ყველაზე გვიან განვითარდა. განკურნებაც ამ სქემით მიმდინარეობს – დაავადება უკუვითარდება შიგნიდან გარეთ (ჯერ იხსნება შინაგანი ორგანოების ჩივილები და მერე კანის) და ზევიდან ქვევით (ე.ი. ჯერ უნდა მოიხსნას ჩივილები ცნს – ის მხრიდან, და მერე სხვა ორგანოების მხრიდან). ამ კანონს ჰომეოპათიაში ჰერინგის კანონი ჰქვია. ჰერინგის კანონს ემორჩილება დაავადების განვითარების კანონზომიერება და იგი ასე ჟღერს – "დაავადება ვითარდება გარედან შიგნით და ქვევიდან ზევით, ხოლო განკურნება მიმდინარეობს შიგნიდან გარეთ და ზევიდან ქვევით.” ე.ი.დაავადების დასაწყისში გვაქვს ჩივილები კანის მხრივ (მაგ. ეგზემა), შემდეგ ჩნდება ჩივილები ლორწოვანი გარსის მხრივ (მაგ. ალერგიული რინიტი), მერე კი შინაგანი ორგანოების მხრივ ( ბრონქული ასთმა). თუ ასთმის მკურნალობის პროცესში გაჩნდა გამონაყარი კანზე, რომლის პაციენტს რამდენიმე წლის წინ აღენიშნებოდა, ჰომეოპათიური თვალსაზრისით, ეს დადებით მოვლენად ჩაითვლება ე.ი. – განკურნების პროცესი სწორი გზით მიმდინარეობს.

ჰანემანმა დაიწყო თავისი აღმოჩენის პრაქტიკაში დანერგვა და მან მრავალი ჰომეოპათიური პრეპარატი შექმნა. მრავალმა დადებითმა შედეგმა დაარწმუნა იგი გაკეთებული დასკვნების სისწორეში. მან უამრავი ადამიანი განკურნა, მათ შორის უმძიმესი პაციენტებიც, რომლემთან იგი ძირითადად ბინაზე ეტლით დადიოდა. თავისი საექიმო პრაქტიკის პროცესში ჰანემანმა ერთ უცნაურობას მიაქცია ყურადღება: იგი უკეთეს კლინიკურ შედეგს ღებულობდა იმ პაციენტებში, რომლებიც უფრო შორს ცხოვრობდნენ მისი სახლიდან, ვიდრე იმათში, ვინც შედარებით ახლოს ცხოვრობდა ან მასთან სამკურნალოდ სახლში მოდიოდა. ამ უცნაურმა მოვლენამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენას ჩაუყარა საფუძველი: პაციენტთან განმეორებითი ვიზიტისას ჰანემანს საკვოიაჟით თან მიჰქონდა ამ პაციენტისთვის წინასწარ სახლში დამზადებული ჰომეოპათიური წამლები და სარგებლობდა ეტლით. ჰანემანი მიხვდა, რომ მგზავრობის პროცესში ხდებოდა წამლების ნჯღრევა: რაც უფრო შორს ცხოვრობდა ესა თუ ის პაციენტი, მით უფრო დიდხანს ხდებოდა წამლის შენჯღრევა და მით უფრო ძლიერდებოდა წამლის სამკურნალო თვისებები. აქედან გამომდინარე, ჰანემანმა გააკეთა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა - ჰომეოპათიური წამლის მიღებისას აუცილებელია მისი ხანგრძლივი ნჯღრევა – რასაც ჰომეოპათიაში შემდგომ დინამიზაციის პროცესი ეწოდა.

ჰანემანმა ჯანმრთელებში (თავის თავზე, მოწაფეებზე, მოხალისეებში) გამოსცადა 100-მდე პრეპარატი და შეადგინა ამ პრეპარატებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების სახელმძღვანელო. მას გაუჩნდა მოწაფეები და მიმდევრები, რომელთა მიერ შესწავლილი იქნა იმ დროს ცნობილი ყველა ქიმიური ნივთიერების ტოქსიკოლოგიური მონაცემები და შემდგომ მოხდა ამ მასალების შეჯერება ჰომეოპათიური გამოცდების შედეგებთან. მათ შექმნეს პრეპარატების სრულიად ახალი კლასიფიკაცია და ახალი ლიტერატურა («MATERIA MEDICA»), სადაც დეტალურადაა აღწერილი თითოეული წამლის პათოგენეზი (1,2,4,7 ), ხოლო ცალკეული სიმპტომების საძიებლად შეიქმნა რეპერტორიუმები (4, 6). ეს სახელმძღვანელოები გვეხმარებიან, თუ რა პრეპარატი უნდა შევარჩიოთ ამა თუ იმ სიმპტომის თუ დაავადების დროს. მაგალითად, «MATERIA MEDICA» - ში (2, გვ.60-65) ვკითხულობთ, რომ პრეპარატ – “კალკარეა კარბონიკას” (Calcarea carbonica ) ჩვენებებია: “ყველაზე ხშირად გამოიყენება დიდი წონის და მსუქან ბავშვებში, რომლებიც გამოირჩევიან სუსტი წინააღმდეგობით ინფექციების მიმართ, აწუხებთ კისრის ლიმფური ჯირკვლების და ნუშურა ჯირკვლების გადიდება, მტკივნეულობა, ხშირი ავადობა, ოფლიანობა განსაკუთრებით თავის არეში, ეს ბავშვები გვიან იწყებენ ლაპარაკს და სიარულს, გვიან ეწრებათ კბილები და გვიან ეხურებათ ყიფლიბანდი. ამ ტიპის ადამიანი მოზრდილი გამოირჩევა თავისი პასიურობით და სიჯიუტით. იგი თითქოს ჩაკეტილია თავის თავში და მუდმივად ეძებს ძლიერ მფარველს. ატის მცივანა და ხშირად აწუხებს საშვილოსნოს ფიბრომა, შეკრულობა ტენეზმების გარეშე, მასტოპათია, ალერგია. იგი ხშირად აფორიაქებულია, აქვს მრავალი შიში - დაავადების, სიბნელის, სიმაღლის, ცხოველების მიმართ და ა.შ.” უნებლიეთ გვახსენდება ლიმფურ-ჰიპოპლაზიური დიათეზი და რაქიტი, რომლის პათოგენეზში წამყვანია D-ვიტამინის და კალციუმის ცვლის დარღვევა და რომლის დროსაც თანამედროვე ექიმები კალციუმის დიდ დოზებს ნიშნავენ. მაგრამ ჰომეოპათიური ჩალცარეა ჩარბონიცა წარმოადგენს ნიჟარის (Ostrea edulis) შიდა ზედაპირის ჩამონაფხეკიდან მიღებული ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომლის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი სწორედ კალციუმია. აქედან გამომდინარეობს, რომ ჰომეოპათიური პრეპარატები აწესრიგებენ იმ ნივთიერების მეტაბოლურ ცვლას, რომლის დარღვევა გვაქვს ამა თუ იმ პათოლოგიის დროს. თუ რაქიტის დროს პაციენტს ვტვირთავთ კალციუმის ფარმაკოლოგიური დოზით, ჰომეოპათიური კალციუმით ვაწესრიგებთ ორგანიზმში ამ ელემენტის დარღვეულ მეტაბოლიზმს. ზემოაღწერილ კონკრეტულ შემთხვევაში გამომდინარეობს, რომ Calcarea Carbonica–ს ტიპის ადამიანში განვითარებულ უამრავ სიმპტომს (კანის, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების, ფსიქიკურ ჩივილებს) აქვს ერთი საერთო მიზეზი – კალციუმის ცვლის დარღვევა. აუცილებელი არაა, რომ ზემოთაღწერილი ყველა სიმპტომი აღენიშნებოდეს ერთ კონკრეტულ ადამიანს, იმისათვის, რომ იგი კალკარეას ტიპს განვაკუთვნოთ: ავადმყოფში შეიძლება გამოხატული იყოს 2-3 ძირითადი სიმპტომი, ხოლო დანარჩენები მოგვიანებით ეტაპზე განვითარდეს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გარკვეული ტიპის ადამიანებში სხვადასხვა სისტემის დაავადებანი თანდათანობით, ეტაპობრივად იჩენს თავს – ჯერ ვითარდება ცვლილებები კანის მხრიდან, შემდეგ ლორწოვანზე, მერე სხვა შინაგანი ორგანოების მხრივ და ა.შ. ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ გარკვეული ტიპის მქონე ადამიანებს აქვთ წინასწარი მიდრეკილება ამა თუ იმ პათოლოგიების მიმართ – ამ მიდრეკილებას ჰომეოპათიაში კონსტიტუცია ეწოდება. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ლაპარაკია Calcarea Carbonica–ს კონსტიტუციურ ტიპზე.

ჰომეოპათიაში ცნობილი და გამოკვლეულია 2000 მდე პრეპარატი (მათ შორის 70-მდე ძირითადი კონსტიტუციური). თავის მხრივ, ეს პრეპარატები ძირითადი თვისებების გამო გაერთიანებულნი არიან კიდევ ოთხ დიდ ძირითად ჯგუფში. ამ ჯგუფებს ჰომეოპათიაში მიაზმი ეწოდება. ეს მიაზმებია – 1)კარბონიკული (ფსორა-Psora), 2)სულფურიკული (სიკოზური-Sycose), 3)ფლუორიკული (ლუესი-Lues) და 4)ფოსფორიკული (ტუბერკულინური-Tuberculinum) ტიპები. კარბონიკული კონსტიტუციური ტიპები გამოირჩევიან პასტოზური ქსოვილებით და ბუნებით მცივანანი არიან, მათთვის დამახასიათებელია დაბალი წინააღმდეგუნარიანობა ინფექციების მიმართ, მათი ორგანიზმში ადვილად ვითარდება ანთებითი რეაქციები. ამ კონსტიტუციისთვის მთავარი იდეაა – “დეფიციტი”, “სისუსტე” (სითბოსი, მოკროელემენტების (მაგ კალციუმის), იმუნური სისტების სისუსტე).

სულფურიკული კონსტიტუციისთვის დამახასიათებელია მხურვალე ტანი და “ჭარბი” რეაქციები გამღიზიანებელზე. ამ ჯგუფის პრეპარატებისთვის ასევე დამახასიათებელია ზედმეტი, წარბი ქსოვილების – მეჭეჭების, ფიბრომების, სიმსივნური ქსოვილების წარმოქმნისაკენ მიდრეკილება. ამავე რიგს მიეკუთვნება ალერგიული რეაქციები, ჰირერგლიკემიური და ჰიპერტონული რეაქციები. ამ ჯგუფის საერთო იდეაა – “ჰიპერრეაქცია “ჰიპერტროფია”. ფლუორიკული პრეპარატების ჯგუფს აერთიანებს მიდრეკილება დესტრუქციისკენ – წყლულებისკენ, დისტროფიული ცვლილებებისკენ ორგანიზმში. ამ ჯგუფის ადამიანებს ხასიათიც შესაბამისი აქვთ – მათ აქვთ მიდრეკილება ნგრევისკენ, ჩხუბისკენ ან სულიერი დეგრადაცია-დეპრესიებისკენ. ბუნებით უმეტესად არიან მხურვალენი და აწუხებთ წვის და სიმხურვალის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ამ ჯგუფია მთავარი იდეაა – “დისტროფია”, “დაშლა”. ფოსფორიკული კონსტიტუციის პრეპარატებისთვის საერთო დამახასიათებელი თვისებაა მიდრეკილება სკლეროზული და ატროფიული პროცესებისკენ კალციფიკატების წარმოქმნით. არიან უპირატესად მცივანა და ასთენიური კონსტიტუციის. ხასიათში წამყვანია მოუსვენრობა, აფორიაქება, სევდიანი განწყობა, ცვლილებების მოთხოვნილება – მაგალითად, ამ ტიპის ადამიანები ხშირად ცვლიან თავისი ოთახის ინტერიერს, ხშირად იცვლიან სამსახურს, უყვართ მოგზაურობა. მათი ძირითადი იდეაა – “ატროფია”, “სკლეროზი”.

ადამიანების და შესაბამისად პათოლოგიური პროცესების ოთხ ტიპად დაყოფას ვხვდებით არა მარტო ჰომეოპათიაში, არამედ ძველ ქართულ კარაბადინებში (ბალღამი, სისხლი, ზაფრა, ნაღველი), ძველ ანტიკურ მედიცინაში (ფლეგმატიკი, სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი), ინდურ აიურვედაში (ვატა, კაფხა, პიტა, კაფხა-პიტა) და ნაწილობრივ ჩინურ მედიცინაშიც. კონსტიტუციების თემა მეტად ფართო და საინტერესოა და იგი მომავალი კვლევის საგნად რჩება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჰომეოპათიის ძირითადი პოსტულატები ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

  1. წამლის პათოგენეზი შეისწავლება ჯანმრთელ ადამიანზე მის მცირე დოზებში გამოცდით.
  2. წამალი ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს იმას, რასაც მკურნალობს ავადმყოფ ადამიანში – “მსგავსი იკურნება მსგავსით” - “ SIMILIA SIMILIBUS CURANTUM . ”წამლის მოქმედებას აქვს ორი ერთმანეთის საპირისპირო ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია წამლის დოზაზე – მცირე დოზაში წამალი მკურნალობს ისეთ სიმპტომებს, რომელსაც იგი იწვევს ფარმაკოლოგიურ ან ტოქსიკოლოგიურ დოზაში.
  3. მკურნალობა - განკურნების პროცესები მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებით: განკურნება მიმდინარეობს შიგნიდან გარეთ და ზევიდან ქვევით, ხოლო დაავადება კი - პირიქით (ჰერინგის კანონი).
  4. ჰომეოპათიური წამლის დამზადების აუცილებელი პირობაა მისი პოტენცირება (მრავალჯერ განზავება) და დინამიზაცია (ხანგრძლივი ნჯღრევა).
  5. ჰომეოპათიაში არსებობს კონსტიტუციური ფსიქოლოგიური ტიპები, რომლების ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფიან და თავისი არსით გამოხატავენ ოთხ ზოგადპათოლოგიურ პროცესს (ანთება, ჰიპერტროფია, დისტროფია, სკლეროზი-ატროფია). ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურ ტიპებსა და ორგანულ პათოლოგიებს შორის არსებობს გარკვეული წინაგანწყობა და მჭიდრო კავშირები, რომელთა ახსნა ჰომეოპათიური თვალსაზრისით მომავალში საინტერესო კვლევის საგანს წარმოადგენს.

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ ჰანემანის მიერ აღწერილ კანონები შემოწმებული და მრავალმხრივ შესწავლილია. ბოლო წლებში თანამედროვე ფიზიკაში გაიზარდა მეცნიერთა ინტერესი მცირე დოზების ეფექტების მიმართ (12, გვ 31-37). არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც პოტენცირება – დინამიზაციის პროცესებს ხსნიან გამხნელის მოლეკულური აგებულების დახმარებით. აგრონომიაში შეიქმნა მცირე დოზებით მცენარეთა მოშენების მეცნიერება – ბიოდინამიური მეთოდი ( ფირმა «HIPPI» - ს პროდუქცია). არსებობს მრავალი სამეცნიერო შრომა ფიზიკაში წყლის მოლეკულერი მეხსიერების შესახებ. ჰანემანმა არაფერი იცოდა ნივთიერების მოლეკულური აგებულების შესახებ, მის მიერ აღმოჩენილი კანონები ემპირიული ცოდნის და მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად იქნა აღმოჩენილი. იგი ვერ ახსნიდა თუ როგორ მოქმედებს ჰომეოპათიური წამალი, როდესაც გამხსნელში პრაქტიკულად მისი მოლეკულაც აღარაა დარჩენილი. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია თეორია “გამხსნელის სტრუქტურულ მეხსიერებაზე” – რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთიერების მოლეკულა თავის გარშემო შემოიკრებს გამხსნელის (მაგ, სპირიტს ან წყლის) მოლეკულებს და ისინი ერთად ქმნიან გარკვეულ კონფიგურაციას, რომელიც მკაცრად ინდივიდუალურია ამ ნივთიერებისთვის. ნჯღრევის დროს ნივთიერების ეს მოლეკულა ახალ-ახალ კონფიგურაციებს ქმნის გამხსნელის გვერდით მყოფ მოლეკულებთან ერთად. პოტენცირებისას კი, მართალია ნივთიერების მოლეკულა გამხსნელში აღარ რჩება, მაგრამ გამხსნელის მოლეკულები ინარჩუნებენ შექმნილ კონფიგურაციას და ესე იგი ინახავენ ინფორმაციას ამ ნივთიერებაზე. ეს ინფორმაცია კი ორგანიზმს გადაეცემა სპეციალური მოლეკულური რეცეპტორებით. ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ჰომეოპათიური წამალი მოქმედებს არა მატერიალური სუბსტრატით, არამედ ინფორმაციის სახით - გასცემს რა ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმზე. ეს ინფორმაცია კი ადამიანში იწვევს იმუნური-ენდოკრინულ-ბიოქიმიურ პასუხს და სწორედ ეს პასუხი განაპირობებს ჰომეოპათიური განკურნების მექანიზმს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰომეოპათიური წამალი ტოქსიური თვალსაზრისით უვნებელია. რაც არ უნდა დიდი რაოდენობით მიიღოს იგი პაციენტმა. ჰომეოპათიური წამლით, თქვენ არასოდეს `მოიწამლებით”, რადგან ჰომეოპათიურ წამალში არაა ნივთიერების მატერიალური დოზა. ამიტომაა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაშვებულია ჰომეოპათიური წამლების ურეცეპტოდ გაცემა (12, გვ. 6).

ჰომეოპათიური მკურნალობის ეფექტურობა დადასტურდა მრავალი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევით (5, გვ 8-10). ერთ-ერთი ასეთი კვლევა ჩატარდა კიევის უროლოგიის და ნეფროლოგიის ს/კ ინსტიტუტში (8, გვ.8) 70-90 წლის ასაკის პაციენტებს, რომელთაც ექოსკოპიურად აღენიშნებოდათ პროსტატის ადენომა, ჩაუტარდათ მკურნალობა მხოლოდ ჰომეოპათიური წამლებით. მკურნალობის შემდეგ შემცირდა არა მარტო ადენომას ზომები, არამედ გაუმჯობესდა ჰორმონალური ფონი, თირკმლების სისხლმომარაგება და მათი გამომყოფი ფუნქცია, გამოსწორდა არტერიული წნევა და გულის რიტმი, საწმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემები. ასეთივე ტიპის ცდა ჩაატარეს გერმანელმა და ამერიკელმა ექიმებმაც 1995 წელს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდი არა მარტო არ ჩამოუვარდება თანამედროვე მედიცინის მკურნალობის მეთოდებს, არამედ მრავალ შემთხვევაში შეიძლება უფრო ეფექტურიც კი აღმოჩნდეს (3, გვ.470). ჰომეოპათია დღეს მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს მრავალ ჯანდაცვის სისტემაში. საქართველოში ჰომეოპათია ოფიციალურად ლეგალიზებულია და 2001 წელს ჩატარდა ამ დარგის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდები, ექიმებისათვის შექმნილია კვალიფიკაციის კურსები ჰომეოპათიაში, 25 ქართველი ექიმი გაერთიანებულია საერთაშორისო ჰომეოპათიურ ლიგაში. ქართველი ექიმები რეგულარულად მონაწილეობენ ჰომეოპათიურ საერთაშორისო კონფერენციებში და სემინარებში. ჰომეოპათია დღესაც ვითარდება და იქმნება ახალ-ახალი ჰომეოპათიური პრეპარატები. უდაოდ, მედიცინის ეს შედარებით ახალი დარგი მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Cамуель Ганеманн – «Чистая Материя Медика». Т.О.О. «ОЛЛО», 1994.
  • Новейшая Materia Medica - Pоджер Моррисон. М. Гомеопатическая медицина 1999.
  • Г. Кёллер - Гомеопатия, М. Медицина, 2000 г.
  • С.Р.Фатак – Краткий реперторий и Materia Medica гомеопатических лекарств. Новосиб, 2000 г.
  • Каммингс С. , Ульман Д. – Гомеопатический справочник на все случаи жизни . Санкт – Петербург, 1998 г.
  • Дж. Кент – Реперторий гомеопатических лекрств. «Трина», Новосибирск, 1995.
  • Вильям Берике - Materia Medica гомеопатических препаратов. М. Гомеопатическая медицина. 1998 г.
  • Н. К. Симеонова - Тайны гомеопатии. Киев. Академпресс, 1998 г.
  • hans selie - “stresi tanjvis gareSe” 1982 w
  • Гомеопатические лекарственные средства - руководство по описанию и изготовлению под ред
  • В.И. Рыбака перевод с нем Д-р Вильмара Швабе «Руководство по изготовлению гомеопатических лекарств», М. 1967 г.
  • თ. ალაშვილი - ადაპტაციური თერაპია - ჰომეოპათია, თბილისი, 1997 წ.
  • С. Баракин – «Вам поможет гомеопатия», Санкт – Петербург, 2002 г.