ხობის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხობის მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი) — არქიტექტურული ძეგლი ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ხობიდან 4 კმ, სენაკიდან 7 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“.

ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკვლო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, არის ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მათ შორის ეგნატე, ხობის წინამძღვარი. მოსახსენიებელში ნათქვამია: ქ. ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წინამძღვრისა.

ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ისევე, როგორც ლაშა-გიორგის გაუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად მესტუმრე შალვა, შერგილ დადიანსაც წარუგზავნია იქ ეგნატე ხობისა წინამძღვარი, და ბარამ უშაფათელისძე. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რადგან ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გააგზავნა.

ეგნატეს მოსახსენიებელი 1212-1222 წლებით თარიღდება. ამიტომაც მისი წინამძღვრობა XIII საუკუნის I ნახევარზე მოდის, კერძოდ კი 1212-1222 წლებზე.

საინტერესო დოკუმენტია ამავე ტაძრის ფრესკული წარწერა. აქ, ჩრდილოეთის კედლეზე, წარმოდგენილია გიორგი დადიანი, რომელსაც ეკლესიის გეგმა უპყრია ხელთ, წარწერით - "საყდარი". ქტიტორს მხედრულად აწერია:

  1. ამ:. საყდრისა:. აღმაშენებ(ე)ლი:. ერის
  2. თავთ:. ერისთავი:. და მანდატორ
  3. რთ:. უხუცესი:. დადიანი გ
  4. ირგი:. შეუნდს:. ღმ
  5. თმნ:. ამინ~

იგი, წარწერის შინაარსის მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს გიორგი II დადიანს. საფიქრებელია, რომ ხობში საეპისკოპოსო კათედრა გიორგი II დადიანმა დააარსა.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:

  • მარიამ ღვთიმშობლის კვართი;
  • წმინდა გიორგის ბარძაყი;
  • იოანე ნათლისმცემლის ნაწილები;
  • წმინდა მარინეს მკლავი;
  • წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი;
  • შოლტი - რომლითაც მაცხოვარი იგვემა;
  • დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი;
  • მრავალწლიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით.
  • თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; მისი დედის ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვა.

არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ“; მართალია, ჩვენ არ ვიცით, თუ როდის და როგორ მოხვდა ეს ნივთები ხობის ტაძარში, მაგრამ ცხადია, რომ მას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

პირველი ხობელი ეპისკოპოსია ილარიონი, იგი დახატულია ტაძრის ჩრდილოეთ სვეტზე, სავედრებლად ხელებაღმართული, რომელსაც გადმობრუნებული ხუცური ასოებით აწერია: `ხობელი ილარიონ~.მისი ეპის¬კოპოსობა დაახლოებით XIV საუკუნეს უკავშირდება.

ხობის მონასტერის ეკლესიის დასავლეთის კედელი

ხობელ იერარქთა ქრონოლოგიური რიგი:

კანკელის სამხრეთი ნაწილი
  1. ეგნატე - XIII ს-ის I ნახ., 1212-1222 წლები, წინამძღვარი.
  2. თადეოზი - XIV-XV საუკუნეების მიჯნა, ეპისკოპოსი.
  3. საბა - XV ს-ის I ნახევარი, ეპისკოპოსი.
  4. ილარიონი - XIV ს-ის I ნახევარი, ეპისკოპოსი.
  5. ნიკოლოზ (წულუკიძე) - XVI საუკუნე, 1569 წლის ახლო პერიოდი, ეპისკოპოსი.
  6. ნკოლოზ (ჩოლოყაშვილი) - წინამძღვარი 1632-1640 წლები, ეპისკოპოსი 1640-1657 წლებში.
  7. ევთიმე (ფაღავა) - XVII საუკუნე, მთავარეპისკოპოსი.
  8. ზებედე -XVII ს. 80-იანი წლები, წინამძღვარი.
  9. გრიგოლ (მიქელაძე) - 1806-1836 წლები, წინამძღვარი.
  10. ბესარიონ (ჭყონია) - 1840-1857 წლები, წინამძღვარი.
  11. კალისტრატე (ჩიჩუა) - 1857-1863 წლები, წინამძღვარი.
  12. გერმანე - 1864-1868 წლები, წინამძღვარი.
  13. გრიგოლ (დადიანი) - 1871-1879 წლები, წინამძღვარი.
  14. ბესარიონ (ჭყონია) - 1880-1893 წლები, წინამძღვარი.
  15. სიმონ (აფაქიძე) - 1894-1906 წლები, წინამძღვარი.
  16. შიო (ქვილითაია) - 1915-1928 წლები, წინამძღვარი.
  17. ალექსი (მირცხულავა) - 1928-1962 წლები, წინამძღვარი.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ხობის ეპარქიის ყმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხობის საეპისკოპოსო ფლობდა დიდ მამულს, მარნებს, ტყეებს, სათევზაო წყლებსა და სანადიროებს, საყანე მიწებს, სოფლის ეკლესიებს. მას ბაჟს უხდიდა ოდიშის სამთავროს რამდენიმე ნავსადგომი. ყოველწლიურად 50-მდე ოჯახი და 23 გვარი 1000-მდე თეთრს უხდიდა, ხოლო 5 სოფლის 24-მდე გვარი 124-მდე ღოლარიკ სანთელს უგზავნიდა. მისსავე კუთვნილებაში იყო 16-მდე საყდრის კაცი.

მართალია, ეს ციფრები ძალიან მიახლოებითია და ისინი ერთი ეპოქის სურათს ვერ წარმოსახავენ, მაგრამ ამით საშუალება გვეძ¬ლევა, წარმოვიდგინოთ, თუ რაოდენი სიმდიდრის მფლობელნი იყვნენ საქართველოს ძლიერი ეკლესია-მონასტრები, რომელთა რიცხვს ხობიც მიეკუთვნებოდა.

ხობის ტაძრის არქიტექტურა და მხატვრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხობის მონასტრის ტაძრის კანკელი და ფრესკები

ხობის მონასტერი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო და გალავანი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობათა ნაშთები. გალავანი XX საუკუნის 70-ია წლებშია აღდგენილი, გუმბათიანი სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც ქვისგან არის ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი. სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. გალავნის შიგნით დგას ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სამხრეთიდან და დასავლეთით შემორტყმული დერეფნები, ტაძარი სამნაირია. ზუსტი თარიღი აშენების შესახებ არ არსებობს, მეცნიერთა ვარაუდით აღნიშნული სახე ტაძარმა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მიიღო, ტაძარი დამშვენებულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ფრესკები სერიოზულად არის დაზიანებული.

ხობის ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ რომელსამე ტიპს არ მიეკუთვნება: ეს უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნით კამარები ჯვაროვან სივრცეს, გარეთ კი მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. ჩრდი ლო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეკვდერებად იყო გამოყოფილი, უფრო გვიან კედლები გამოიღეს და ეკვდერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე მიჰყვება ღია გალერეა, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეკვდერით მთავრდება. გალერეა მთლიანად ერთდროული არ არის. ტაძრის ფასადები უხვადაა მოჩუქურთმებული. ამ მოჩუქურთმებას, კერძოდ კი სამხრეთ ეკვდერს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ, რომლის აზრითაც, ეს მიშენება ჯიქეთის იმ სალოცავის მსგავსია, რომელიც დადიანისა და შერვაშიძის ომმა შეიწირა. ძეგლის ეს ნაწილი წააგავს XVI საუკუნის ბაზილიკას, რისი დასტურიც ფილები, მოაჯირი, ჩუქურთმები და ლათინური ჯვრებია.

ტაძრის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა _ ჯერ დასავლეთის კარიბჭე, შემდეგ კი იმავე ფასადის მთელი სიგრძის გაყოლებით, კარიბჭის მარჯვნივ და მარცხნივ გალერეა აიგო.

ტაძარი სამხრეთის კარიდან

საღებავებით შესრულებული წარწერა ამ გალერეის კარნიზზე, რომელიც, ალბათ, სამშენებლო ხასიათისა იყო, სამწუხაროდ, მთელი ანად განადგურებულია. მარჯვენა კუთხეში ცუდად განირჩევა რამდენიმე ასო, მაგრამ რაიმე აზრის გამოტანა არ ხერხდება. სამაგიეროდ, სამხრეთის გალერეისა და ეკვდერის აგების ამბავი მოთხრობილია გრძელ წარწერაში, რომელიც ეკვდერის შესასვლელის ზემოთ, საგანგებოდ გათლილ დიდ ქვაზეა ამოკვეთილი, წარწერა ცხრასტრიქონიანია:

ვამეყ I დადიანის ეკვდერის მხატვრობა შეისწავლა ი. ლორთქიფანიძემ. ვამეყის ეკვდერის მოხატულობის რეპერტუარი განსასვენებლისათვის შესაბამისია და ბიზანტიურ საძვალესთან იჩენს მსგავსებას. აქ რელიგიური სცენები სათანადო დატვირთვითაა წარმოდგენილი. აფსიდის კონქზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმითურთ და ანგელოზებით. დასავლეთის კედლის ზედა რეგისტრში კი წარმოდგენილია მაცხოვრის, მარიამისა და იოანეს ფრესკები. ეს სცენა - "ვედრება", როგორც საშინელი სამსჯავროს შეხსენება, ხშირად გამოიყენებოდა ბიზანტიურ საძვალეებში. ეკვდერის კედლებზე ასევე წარმოდგენილია ჯვარცმა, ჯოჯოხეთად შთასვლა, მენელსაცხებლე ქალები მაცხოვრის კუბოსთან, გარდამოხსნა, დატირება, ჩრდილოეთის კედელზე კი მოჩანს მაცხოვარი კუბოში. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახული არიან ქტიტორები: ვამეყ დადიანი და მისი თანამეცხედრე მარეხი. შესაძლოა, აქ სხვა ქტიტორებიც იყვნენ წარმოდგენილნი (ვამეყის მამა გიორგი და მისი მეუღლე). მართალია, ქტიტორთა ფიგურები ძალიან დაზიანებულია, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ისინი მდიდარი საერო პირებისათვის შესაფერისი ტანსაცმლით არიან შემოსილნი, რადგან შემკულნი არიან ოქროთი და ძვირფასი ბეწვეულით. ვამეყის მეუღლეს გვირგვინი ამშვენებს, მთავარს კი კონუსისმაგვარი მაღალი ქუდი ახურავს. (მსგავს ქუდშია წარმოდგენილი ლევან II დადიანი, ცაიშის ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე. როგორც ჩანს, იგი სამეგრელოს მთავრების მოკაზმულობის დამახასიათებელი ატრიბუტი იყო).

ქალის ქანდაკება, ხობის მონასტერი
ხობის მონასტრის სასახლის ნანგრევები

ქტიტორები გამოსახულნი არიან მლოცველთა პოზაში დეკორატიული არკის ქვეშ. საერო პირთა სახეები წმინდანთა სახეების მანერითაა შესრულებული. საოცრად მომხიბვლელია მარეხი, მისი ამაყი მზერა, წვრილი ყელი, ფართოდ გახელილი თვალები, გრძელი კეხიანი ცხვირი კარგად წარმოგვიდგენს ქართველი ქალის ტიპს. მას ერთი წარბი ზეაწეული აქვს, რაც პორტრეტს მეტ სიცხოველეს მატებს. დედოფლის გვერდით ვამეყი წარმოგვიდგება როგორც მრისხანე და ბრძენი მთავარი. დღემდე უცნობია, თუ ვინ მოხატა ვამეყის ეკვდერი, თუმცა მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მისი ავტორი წალენჯიხის ფრესკების მხატვრის კირ მანუელ ევგენიკოსის ერთ-ერთი მოწაფე უნდა ყოფილიყო.

საერთოდ, ხობის ტაძრის მხატვრობა, ისევე როგორც არქიტექტურა განსაკუთრებით საინტერესოა. ნ. ტოლმაჩევსკაია მისი შესრულების ქრონოლოგიას რამდენიმე ეტაპად ყოფს - ნაწილი XIII საუკუნეს განეკუთვნება, სამხრეთ ეკვდერში - XIV საუკუნის ფრესკებია, მხატვრობის ძირითადი ნაწილი კი XVII საუკუნისაა.

ხობის სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხობის სასახლე გეგმაში სწორკუთხედია. იგი სიგრძივი ღერძით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა მიმართული. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის, უხეშად დამუშავებული თეთრი ქვით, რიგების ჰორიზონტალურობა მეტ-ნაკლებად არის დაცული.

პალატის ქვედა სართულში მარანია გამართული. მისი სწორკუთხა განიერი შესასვლელი დასავლეთიდანაა. მოგვიანებით იგი დაუვიწროებიათ. შესასვლელის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, თითო, ვიწრო, თაღოვანი სარკმელია, რომელთა წირთხლები შიგნით ფართოვდება. კიდევ ერთი ასეთი სარკმელია სამხრეთი კედლის შუაში. სართულშუა გადახურვა ამჟამად აღარ არსებობს, მაგრამ ადგილზე არსებული მასალის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ბრტყელი იყო. ზედა სართულის იატაკი ეყრდნობა პილასტრებს. მათ შორის არე რიყის ქვის წყობით არის შევსებული. პილასტრები დაახლოებით ერთ მეტრზეა შემორჩენილი. საფიქრებელია, რომ, როცა ისიც მთელი სიმაღლით იქნებოდა აღმართული, სამხრეთით ერთი მათგანი დაფარავდა სარკმელს, ხოლო მეორე - ნიშას ჩრდილოეთით.

ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ზედა სართულზე ასასვლელი კიბის ორი საფეხურია შემორჩენილი.

მეორე სართულის დასავლეთი კედელი ოთხი დიდი თაღოვანი სარკმლითაა გახსნილი, რომლებიც პირდაპირ იატაკიდან იწყებოდნენ. სარკმელთა თაღები ორსაფეხუროვანია და ეყრდნობა მარტივ, სწორკუთხა მოყვანილობის თაროს. სარკმელთა წირთხლები, ისევე როგორც თაღები, თლილია და ერთმანეთზე კარგად მორგებული ქვებითაა ამოყვანილი.

მეორე სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს ფრონტონიანი დასრულება აქვს. სამხრეთით კედლის ფრონტონის შუაში ერთი ვიწრო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მის ქვევით, აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა კარია. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ნახევრად დანგრეული აგურის ბუხარია. იგი გვიანდელი უნდა იყოს, რადგან უკვე შელესილ კედელზეა მიშენებული და თან განსხვავებული მასალისაა (ამ შენობაში აგური სხვაგან არსად არ არის გამოყენებული).

მეორე სართულის ჩრდილოეთი კედელი ნაწილობრივ ჩამოქცეულია, მის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა კარი.

ამ სართულის აღმოსავლეთი მხარე ყველაზე მეტად არის დაზიანებული. აქ სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია სარკმლის კვალი.

სასახლეში მრავლადაა სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიშა. შენობა გარედან და შიგნიდან შელესილი იქნებოდა. შელესილი ნაწილები ახლაც არის შემორჩენილი ზოგიერთ ადგილას. შესაძლოა, ინტერიერი მოხატულიც ყოფილიყო.

სამხრეთიდან მეორე სართულზე გარედან მიშენებული კიბით ადიოდნენ, რომლის კვალი შეიმჩნევა კედელზე. ჩრდილოეთით კი რელიეფი ისეთია, მიწის დონიდანვე იქნებოდა შესაძლებელი შენობის მეორე სართულზე შესვლა. ამ მხარეს მოგვიანებით მიუდგამთ ორსართულიანი, რიყის ქვით ნაგები საცხოვრებელი, სადაც შესანიშნავი ქვის ბუხარია შემორჩენილი.

სასახლე გადახურული იქნებოდა ორკალთა სახურავით.

ციცინო ჩაჩხუნაშვილი, რომელმაც პირველად შეისწავლა ისტორიული ძეგლი, მიიჩნევს, რომ ხობის სასახლე XVII საუკუნეში უნდა აეშენებინათ და შესაძლებელია, მისი მშენებლობის ინიციატორი წარმოშობით კახელი ნიკიფორე ირბახი ყოფილიყო. ალბათ ამიტომაცაა რომ ხობის სასახლე მიგვანიშნებს იმ ორსართულიან, დიდი ღიობებით გახსნილ სასახლეებზე, რომელთა უმეტესობა სწორედ კახეთში შემოგვრჩა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]