ხახმატის ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხახმატის ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახმატში, არდოტის ხეობის ზედა წელში, ხეობაზე გამავალი გზიდან 400 მეტრზე. ნასოფლარ ძველ ხახაბოში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნის ვაჟა მინდიკაურს. ციხე-სახლი სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთ კედლეში მეორე კარია გაჭრილი.სამხრეთ კედელში სამი ნიში და ერთი სათოფურია. ამ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედლეში თაღოვანი კარია. სამხრეთ კედელში სარკმელი, ხოლო ჩრდილოეთისაში - ორი სათოფური, დასავლეთისაში - დიდი ნიში. ეს სართული საცხოვრებელი იყო. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელში ერთი ნიში და სამი სათოფურია, სამხრეთ კედელში - ნახევარწრიული თაღით დასრულებული განიერი სარკმელი და ორი სათოფრი. დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ორი სათოფური და ერთი სალოდეა, ჩრდილოეთ კედელში - კარი და ორი სათოფურია. მესამე სართულო სათავდაცვოა. ციხე-სახლს მიწურბანიანი სახურავი და ხის კოჭებზე გამართული სართულშუა გადახურვა ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]