ჭოროლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭოროლა — უძველესი ქართული თამაში ბურთითა და ყვანჭით. ჰგავდა ბალახის ჰოკეის. გავრცელებული იყო უმეტესად კახეთსა და სამეგრელოში.

გუნდში 6-10 კაცი გამოდიოდა. მოთამაშეთა მიზანი იყო ბურთის ყვანჭით ჩაგდება „კარში“, რომლის მაგივრობასაც მოედნის თავსა და ბოლოში ამოთხრილი 50 სმ დიამეტრისა და 20-30 სმ სიღრმის ორმო სწევდა. ჭოროლას (ბურთს) ამზადებდნენ მუხის მაგარი კოჟრისგან, რომელიც 100-150 გრამს იწონიდა. ყვანჭები მზადდებოდა შინდის, თხილის ან მუხის ტოტისგან. ჭოროლას რომ ორმოში ჩააგდებდნენ გაისმოდა შეძახილი: „ჯირითი! ჯირითი!“ ( მკვლევარების ვარაუდით, „ჯირითი“ მომდინარეობს მეგრული ჭვირთისგან, რაც სწრაფს, დაუდეგარს ნიშნავს). იკრძალებოდა ყვანჭის ფეხებში გამოდება და მეტოქის წაქცევა. ამისათვის 4 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ინიშნებოდა. ჭოროლაში კუთხურს არ აწოდებდნენ, სამაგიეროდ, სამი კუთხურისთვის 4 მეტრიანი დარტყმა ინიშნებოდა. აუტიდან ბურთი მოედანზე ყვანჭით შემოჰქონდათ. თამაშს ორი მსაჯი სჯიდა. დრო განსაზღვრული არ იყო — შეხვედრა მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა.

სამეგრელოში ჭოროლას მსგავს თამაშს „ჭაკინი“ ერქვა. მოთამაშეები ორ გუნდად იყოფოდნენ. ბურთი საქონლის დაუგუნდავებელი ბალნისგან მზადდებოდა და ჭაკნით აგორებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 631, თბ., 2006