ჭირვეულის მორჯულება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭირვეული კატერინა, ედვარდ რობერტ ჰიუზი, (1898)

ჭირვეულის მორჯულება (ინგლ. The Taming of the Shrew) — უილიამ შექსპირის კომედია, რომელიც 1593 ან 1594 წელს დაიწერა. პიესა შედგება პროლოგისა და ხუთი მოქმედებისაგან.

სიუჟეტი[რედაქტირება]

პროლოგი[რედაქტირება]

პროლოგში მოთხრობილია, თუ როგორ დაარწმუნეს ლორდის ბრძანებით ერთი ლოთი მეთუნუქე, რომ ის წარჩინებული ლორდი იყო, ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში და ჰყავდა ასევე პატივცემული მეუღლე, ხოლო მისი რეალური ცხოვრება მხოლოდ სიზმარი იყო, რომელიც ხანგრძლივი ძილის დროს ენახა.

პირველი მოქმედება[რედაქტირება]

მოქმედება მიმდინარეობს პადუაში, სადაც ფლორენციელი ვაჭრის ვაჟი ლუჩენციო მსახურ ტრანიოსთან ერთად ჩადის, რათა უნივერსიტეტში სწავლას შეუდგეს. ისინი შემთხვევით შეესწრებიან მდიდარი პადუელი აზნაურის - ბაპტისტა მინოლასა და მისი უმცროსი ქალიშვილის - ბიანკას ხელის მთხოვნელების საუბარს. ბაპტისტა ჰორტენზიოსა და გრემიოს ეუბნება, რომ ბიანკას მანამდე ვერ გაათხოვებს, ვიდრე უფროს ქალიშვილს - კატარინას საქმროს არ უშოვის. მანამდე კი, რადგან ბიანკას სწავლა და საკრავები ძალიან უყვარს, გადაწყვეტს, რომ მასწავლებლები დაუქირაოს და დახმარებას გრემიოსა და ჰორტენზიოს სთხოვს. მაგრამ მათ სხვა საფიქრალი აქვთ: ძალიან რთულია, მაგრამ კატარინას როგორმე საქმრო უნდა მოუნახონ:

ჰორტენზიო

მის ჭირვეულ დას ქმარი უნდა გამოვუნახოთ!

გრემიო

ქმარიო, ესე იგი, თვითონ ეშმაკი?

ჰორტენზიო

მე ვამბობ ქმარი.

გრემიო

მე კი ვამბობ, ეშმაკი, რადგან

თვითონ ეშმაკიც უარს იტყვის იმის ქმრობაზე...

შენა გგონია, ჰორტენზიო, რადგან კატარინას

მდიდარი მამა ჰყავს, აღმოჩნდება სულელი, ვინც

დათანხმდება, რომ ჯოჯოხეთი ცოლად შეირთოს?

ბიანკათი ლუჩენციოც იხიბლება და მასთან დაახლოების გზასაც მყისვე პოულობს - გადაწყვეტს, მასწავლებლად გაეცნოს. ამისთვის თავის მოსამსახურე ტრანიოს უცვლის საკუთარ ტანსაცმელს, ადგილს და მდგომარეობას.

სწორედ ამ დროს მეგობრის - ჰორტენზიოს მოსანახულებლად ჩამოდის ვერონელი აზნაური პეტრუჩიო მსახურ გრუმიოსთან ერთად. მეგობართან საუბრისას პეტრუჩიო ამბობს:

აწ მამაჩემი, ანტონიო, გარდაიცვალა

და გულის ჯავრის გასართობად დავეხეტები,

ვნახულობ ქვეყნებს, თან ვაპირებ ცოლის შერთვასაც

და, თუმც ბლომად მაქვს საკუთარი ფულიც, ქონებაც,

მაინც ვცდილობ, რომ შევიძინო დიდი მზითევი

და შევქმნა მყუდრო ოჯახური კეთილდღეობა.

ჰორტენზიო ხელსაყრელ მომენტს იყენებს და მას კატარინას ცოლად შერთვას ურჩევს, თუმცა არ უმალავს ქალის უხიაგ ხასიათს. პეტრუჩიო თანახმაა მისი საცოლე იყოს მახინჯი, ხნიერი, საშინელი ხასიათის, ოღონდ მდიდარი.

მეორე მოქმედება[რედაქტირება]

პეტრუჩიო საქმიანი წინადადებით მიდის ბაპტისტა მინოლასთან - კატარინას ხელს სთხოვს და მზითვის შესახებაც წინასწარ კითხულობს. მინოლა თანახმაა ოცი ათასი კრონი ახლა მისცეს, გარდაცვალების შემდეგ კი ანდერძით მისი ქონების ნახევარს მიიღებს. საუბარს წყვეტენ თავგატეხილი ჰორტენზიოს გამო, რომელიც ლუჩენციოს მსგავსად მასწავლებლად გადაცმული შევიდა მინოლას სახლში. როგორც ირკვევა, კატარინას მისთვის თავზე ფანდური გადაუმტვრევია.

ჰორტენზიო

ვკონებ, ის მხედრად უფრო ვარგა და შეჰფერის, რომ

ფოლადის შუბი ეპყრას ხელში, ვიდრე ფანდური!

[...]

პეტრუჩიო

ჩემს თავსა ვფიცავ, მხიარული გოგო ყოფილა!

ის ათასჯერ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე აქამდე,

ო, როგორ მწყურის მასთან ყოფნა და საუბარი!

პეტრუჩიო კატარინასთან საურთიერთო სტრატეგიას წინასწარ ამუშავებს . გადაწყვეტს, რომ ილაპარაკოს და მოიქცეს იმის საპირისპიროდ, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში მოხდებოდა. პირველივე შეხვედრისას გაუმხელს ქალს მისი სტუმრობის მიზეზს:

პეტრუჩიო

გეტყვი პირდაპირ: მამაშენი თანახმა არის,

რომ შენ შეგირთო. მზითევზედაც უკვე მოვრიგდით;

გსურს, თუ არა გსურს - ქორწინება მაინც მოხდება,

რადგან, გარწმუნებ, რომ ნამდვილი საქმრო ვარ შენი!

ვფიცავ სინათლეს, რომელიც შენს სიტურფეს ამკობს,

რომ აწ ჩემ გარდა ცოლად ვერვის ვეღარ გაჰყვები.

თვითონ განგებამ დამბადა მე შენს მომრჯულებლად,

ანჩხლ და გარეულ ქსუ კატიდან - ოჯახის ფისოდ!

პეტრუჩიო ემშვიდობება ყველას, რათა გაემგზავროს ვენეციაში საქორწილო ტანსაცმლის შესაკერად და სამკაულის ჩამოსატანად. ყველა გაოცებულია, რომ მათი ქორწილი ასე მალე გადაწყდა.

ამის შემდეგ ბიანკას თაყვანიცმცემლები გააქტიურდებიან. ბაპტისტა მათ მარტივ პირობას უყენებს: ქალს ცოლად მას გაატანს, რომლისგანაც დაქვრივების შემთხვევაში ბიანკა მეტ მემკვიდრეობას მიიღებს. ხანდაზმული გრემიო მზად არის მთელი ქონება ბიანკას დაუტოვოს. ტრანიო, ანუ ცრუ ლუჩენციო საკუთარი ქონების გარდა მამის ქონებასაც მოიშველიებს, რომ გრემიოს აჯობოს. მაგრამ ბაპტისტა მამამისის თანხმობას ითხოვს, თორემ ხომ შეიძლება შვილი მამაზე ადრე გარდაიცვალოს და მაშინ ქვრივს ვინ რას მისცემს?

მესამე მოქმედება[რედაქტირება]

ქორწილის დღეს ტაძარში შეკრებილ ხალხს ჯვრისწერის დაწყებამდე დიდხანს უწევს ლოდინი, რადგან სასიძო არ ჩანს. იგი კარგა ხნის მოგვიანებით გამოჩნდება უბადრუკად მორთულ-მოკაზმული, ასევე უბადრუკი შესახედავი მსახურის თანხლებით. ყოველივე ამის გამო კატარინა თავს დამცირებულად გრძნობს.

პეტრუჩიოს სხვა ტანსაცმელს სთავაზობენ, მაგრამ უარს ამბობს. იმდენად სანახაობრივია ჯვრისწერაც, რომ თუ მანადე კატარინას ალქაჯსა და ეშმაკს ეძახდნენ, გრემიო მასზე ამბობს: „ქალი მის გვერდით კრავი არის, უმანკო მტრედი“.

საქორწილო სუფრაზე პეტრუჩიო არ რჩება, არ ითვალისწინებს კატარინას თხოვნასაც და სახლისკენ მიიჩქარის.

მეოთხე მოქმედება[რედაქტირება]

მეოთხე მოქმედების მესამე სცენის ილუსტრაცია, ჩარლზ რობერტ ლესლი, (1886)

მგზავრობა საშინელი აღმოჩნდება. ზამთარია, სიცივე ძვალ-რბილში ატანს. დაღლილი ცხენი წუმპეში წაიქცევა და კატარინას ქვეშ მოიყოლებს. პეტრუჩიო ზედ არ მიხედავს, სამაგიეროდ, მსახურ გრუმიოს დაუწყებს ცემას, ცხენი რატომ წაიქცაო. ტალახში ამოსვრილი და მთლად დასველებული პატარძალი კი მათ გაშველებას ცდილობს.

სახლში დაბრუნებული პეტრუჩიო ლანძღვა-გინების კორიანტელს დაატრიალებს, ააფორიაქებს მსახურებს. საჭმელს მოითხოვს, მოართმევენ ცხვრის ხორცს. მოშიებულ და დაღლილ პატარძალს ერთი სული აქვს მაგიდას მიუჯდეს. პეტრუჩიო ლოცვის კითხვას იწყებს. მერე მზარეულზე გაჯავრდება, ხორცი დაუწვიაო, ხელს წამოკრავს და ყველაფერს მაგიდიდან ყრის. იმ მიზეზით, რომ გამომშრალი და დამწვარი ხორცის ჭამა მავნებელია. ასე რომ კატარინა მშიერი მიდის დასაძინებლად. მაგრამ არც ძილი უწერია, რადგან პეტრუჩიოს ჩაფიქრებული აქვს ლოგინსაც რამე წუნი მოუძებნოს, საბან-სასთუმალი მიჰყარ-მოჰყაროს და არ დააძინოს. ასე ფიქრობს გატეხოს კატარინას ჯიუტი ხასიათი.

გადის ხანი. პეტრუჩიოს კატარინასთვის კაბა შეუკვეთია, რადგან პადუაში აპირებენ გამგზავრებას. მკერავს შესანიშნავი კაბა და ქუდი მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კატარინა მოხიბლულია, პეტრუჩიო ნახელავს დაიწუნებს და ყველაფერს უკან უბრუნებს მკერავს.

ამასობაში ლუჩენციო ერთ მასწავლებელს დაიყოლიებს, თავი მამამისად - ვინჩენციოდ გამოაცხადოს, რომ ტრანიომ-ცრუ ვინჩენციომ მისი დახმარებით ბაპტისტასთან საქორწინო ხელშეკრულება დადოს. თავად ლუჩენციო კი ჩქარობს მამულად დაიწეროს ჯვარი ბიანკაზე.

მეხუთე მოქმედება[რედაქტირება]

მეხუთე მოქმედება სცენა მეორე, არტურ რეკხემის ილუსტრაცია, (1890)

ვინჩენციო იმ დროს ჩამოდის პადუაში, როდესაც მისი შვილი ლუჩენციო ჯვარს იწერს. მიდის სახლთან, სადაც ლუჩენციო ცხოვრობს. იგი გამოელაპარაკება მასწავლებელს, რომელიც ამტკიცებს, რომ ვინჩენციო, ლუჩენციოს მამა სწორედ თვითონაა. ამ დროს გამოჩნდება ლუჩენციოს ტანსაცმელში გამოწყობილი ტრანიო. ვინჩენციოს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს. ახლა უკვე შეშფოთებულიცაა, რადგან ფიქრობს, რომ ტრანიომ მისი შვილი მოკლა და ქონება მიისაკუთრა. ამ აურზაურში ლუჩენციო და ბიანკაც გამოჩნდებიან. აქვეა ბაპტისტაც. ახალგაზრდები მამებისაგან პატიებას ითხოვენ, ყველას აუწყებენ, რომ ჯვარი დაიწერეს.

ლუჩენციოს სახლში შეკრებილად პადუელი წარჩინებული მოქალაქენი. ყურადღების ცენტრში არიან ლუჩენციო და ბიანკა, პეტრუჩიო და კატარინა, ასევე ჰორტენზიო და ქვრივი. მას შემდეგ, რაც ჰორტენზიომ ბიანკასთან მარცხი განიცადა, ცოლად მდიდარი ქვრივი შეირთო, რომელსაც იგი დიდი ხანია უყვარდა.

ჰორტენზიო, ლუჩენციო და პეტრუჩიო გადაწყვეტენ, გაარკვიონ ვინ არის დამჯერი მათ ცოლებს შორის.დადებენ ნიძლავს და ფსონსაც ჩამოვლენ. სანაძლეოს ის მოიგებს, რომლის ცოლიც პირველი მოვა, მას შემდეგ, რაც ქმარი თავისთან იხმობს.

პირველად ბიანკას მოიხმობს ლუჩენციო მსახურის პირით, მაგრამ ის არ მოდის. მსახურისავე პირით შემოუთვლის ქმარს, რომ საქმე აქვს და არ სცალია. შემდეგ ჰორტენზიო გაგზავნის მსახურს. არც ქვრივი მოვა - თუ საქმე აქვს თვითონ მოვიდესო. ბოლოს პეტრუჩიო უხმობს კატარინას და ყველას გასაკვირად, ის მაშინვე მოდის. პეტრუჩიო ავალებს, დანარჩენებიც მოიყვანოს. ქალი უსიტყვოდ ასრულებს ქმრის თხოვნას. ამის მნახველი ყველა გაოცებულია. პეტრუჩიო ცოლს მიმართავს, რომ ქალებს განუმარტოს „მათი სამღვთო მოვალეობა ქმრების წინაშე“. კატარინაც „მოძღვრავს“ მათ, რომ ქმარი ცოლის ხელმწიფე და პატრონია, ზრუნავს მასზე, თავს არ ზოგავს უამინდობაში, შრომობს მაშინ, როდესაც ცოლი თბილ სარეცელში ნებივრობს და სანაცვლოდ მხოლოდ სიყვარულსა და ერთგულებას ითხოვს. სიანჩხლე და სიჯიუტე ქალს ძალას არ მატებს, სინამდვილეში ქალის სიძლიერე მისსავ სისუსტეშია:

მაშ, დააცხრეთ ეგ სიამაყე ქმრების წინაშე

და მოიხარეთ ქედი ნიშნად მორჩილებისა

და, როდესაც ამას მოისურვებს ჩემი მეუღლე,

მე მზად ვარ მუდამ მორჩილებით მას ვემსახურო!

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: