წმინდა მიწის ქართული წარწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა მიწის ქართული წარწერებიწმინდა მიწაზე დღემდე აღმოჩენილი საქტიტორო წარწერები. წარწერათა აბსოლუტური უმრავლესობა იერუსალიმშია, რამდენიმე მათგანი კი ბეთლემში, ნაზარეთსა და საბაწმიდის ლავრაშია დაცული.

კვლევის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ საზოგადოებაში ამ წარწერებისადმი ინტერესი გვიანი შუა საუკუნეების მიწურულს გაღვივდა, მაშინ როცა საქართველოს პალესტინის თითქმის ყველა მონასტერი უკვე დაკარგული ჰქონდა.

1757-1758 წლებში წმინდა მიწაზე იმოგზაურა მთავარეპისკოპოსმა ტიმოთემ (გაბაშვილმა), ქართველთაგან პირველმა, რომელმაც ყურადღება მიაქცია ქართულ ეკლესია-მონასტრებში დაცულ წარწერებს. XVIII საუკუნის დამლევს წარწერებს ეცნობოდა ოკრიბელი ბერი ლავრენტიც. XIX საუკუნის განმავლობაში არაერთმა ქართველმა ინახულა წმინდა მიწა. აქაურ ქართულ წარწერებს გაკვრით ეხება თავის დღიურში გიორგი ავალიშვილი; საგანგებოდ სწავლობენ მათ ნიკო ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, პეტრე კონჭოშვილი. XX საუკუნეში, როცა საბჭოთა საქართველოდან პალესტინაში გამგზავრება თითქმის შეუძლებელი გახდა, წმინდა მიწის ქართულ ეპიგრაფიკას იკვლევენ ემიგრაციაში მყოფი ქართველი მეცნიერებიც (გ. ფერაძე, მ. თარხნიშვილი, ვ. ჯობაძე) და ევროპელებიც (ვირჯილიო კორბო), მაგრამ ამ საკითხს შეჰხებიან საქართველოში მოღვაწე პირებიც (გ. წერეთელი, ვ. ჩაჩანიძე, გ. მიქაძე, დ. ლომიძე, გ. გაგოშიძე, ზ. სხირტლაძე, ზ. ალექსიძე, ე. მამისთვალაშვილი). გარკვეული ადგილი უჭირავს ეპიგრაფიკულ ძეგლებს ე. მეტრეველის წმინდა მიწისადმი მიმღვნილ გამოკვლევებში.

ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობის დროიდან მოკიდებული დღემდე წმ. მიწაზე მრავალი ქართული წარწერა განადგურდა. ქართველ მკვლევართა ყოველ მომდევნო თაობას წინამორბედებთან შედარებით ნაკლები ქართული წარწერა ხვდებოდა ადგილზე. ეს სამწუხარო ტენდენცია დღესაც გრძელდება. აღარ არსებობს წმ. ბასილის, წმ. თევდორეს, წმ. დიმიტრის, წმ. იოანე ნათლისმცემლის (მდ. იორდანესთან) მონასტრების წარწერები; ასევე წმ. თეკლას მონასტრის XV საუკუნის წარწერა, სადაც ჯვარის მამა ქახსოსრო ზედგინიძის მიერ მონასტრის ზღუდისა და სენაკების მშენებლობაზეა საუბარი და რომელიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ჯერ კიდევ ამშვენებდა იერუსალიმის ბერმნული საპატრიარქოს ერთ-ერთი შენობის კუთხეს. ამ მხრივ ყველაზე დიდი „ზარალი“ ჯვრის მონასტერმა განიცადა, საიდანაც უამრავი წარწერა თუ ქტიტორთა გამოსახულებაა დაკარგული.

მიუხედავად მრავალი დანაკლისისა ორმოცამდე წარწერა ახლადაა აღმოჩენილი. აღნუსხულ წარწერათა უმეტესობა პილიგრიმული მინაწერია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, წარწერების ნაწილი კი ოფიციალური, საქტიტორო სასიათისაა; გამოვლინდა აქამდე უცნობი საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშებიც, რომელთაც საქტიტორო წარწერები გააჩნიათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]